Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-424-402-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ი. ლ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – _ ვაგონის მოცდენისა და ტვირთის შენახვის საფასურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა შპს „ბ.ი. ლ-ის“ მიმართ ვაგონების დაყოვნების ღირებულებისა და ტვირთის შენახვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ და მოითხოვა 674 621,64 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები:

2004 წლის იანვრიდან 2007 წლის მარტამდე შპს „ს. რ-ა“ ახორციელებდა მოპასუხის კუთვნილი ტვირთების რ-ის ვაგონიების საშუალებით გადაზიდვას.

შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი შპს „ბ.ი. ლ-ის“ მიმართ 674 621,64 ლარის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 26 აგვისტოს.

მოსარჩელეს ვაგონების დაყოვნებისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით.

შპს „ს. რ-ის“ კუთვნილი ვაგონების შპს „ბ.ი. ლ-ის“ მიერ დაყოვნება არ მომხდარა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, „რ-ით ტვირთის გადაზიდვის წესების“ 434-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეს სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება – საერთო ფორმის აქტი არ წარმოუდგენია. რაც შეეხება სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს, იგი არ წარმოადგენს ვაგონების ტვირთმიმღების მიზეზით მოცდენის დამადასტურებელ კანონით განსაზღვრულ მტკიცებულებას.

ამასთან, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივ გარემოებებში არ არის მითითებული იმ ვაგონების ჩამონათვალი, რომელთა მოცდენის გამო მოპასუხისათვის თანხის დაკისრებასაც მოსარჩელე ითხოვს.

სარ-ო კოდექსის 36-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ შპს „ბ.ი. ლ-ის“ მიერ 2004-2007 წლებში დაყოვნდა მოსარჩელის კუთვნილი ვაგონები, რაც გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას.

სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა წარმოიშვა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ვაგონის დაყოვნებისას ვაგონით საგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასურის ანაზღაურებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

დავის საგანს წარმოადგენდა 2004-2007 წლებში მიყენებული ზიანის ანაზღაურება, გამომდინარე აქედან მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2004-2007 წლებში. განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2011 წლის 26 აგვისტოს, ამდენად, შპს „ს. რ-ის“ მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიცაა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 668-708-ე მუხლები, სარ-ო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 23-ე მუხლის პირველი ნაწილი, 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 36-ე მუხლის მე-10 ნაწილი, 47-ე და 52-ე მუხლები, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრისა და შპს „ს. რ-ის“ გენერალური დირექტორის ბრძანებებით დამტკიცებული „ს. რ-ის სატარიფო პოლიტიკის“ 32-ე მუხლი. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმების გამოყენებისა და სწორი განმარტების შედეგად სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი სარჩელი.

ზემოაღნიშნული მუხლები იმპერატიულად ადგენენ დანიშნულების სადგურში გადაზიდული ტვირთის დაგვიანებით მიღებისა და ვაგონის დაყოვნების გამო მოპასუხის, როგორც ტვირთმიმღების ქონებრივ პასუხისმგებლობას და სწორედ აღნიშნული ნორმები წარმოადგენენ შპს „ს. რ-ის“ განსახილველი სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებს.

სარ-ო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის თანახმად, დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიწოდების დაყოვნების დროს უნდა შედგეს საერთო ფორმის აქტი, რითაც სამართლებრივად დასტურდება ვაგონის დაყოვნების ფაქტი. შესაბამისად, სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების სახით რ-ამ წარადგინა სადავო გადაზიდვის დროს შედგენილი საერთო ფორმის აქტები, რითაც უტყუარად დასტურდება დანიშნულების სადგურში ფირმა „ბი-პი ოილის“ მიერ დაგვიანებით მიღების ანუ გადმოტვირთვის მოლოდინში ვაგონების დაყოვნების ფაქტები. სწორედ ვაგონების ამ მოცდენის გამო მოპასუხეს სარ-ო კოდექსის 22-23-ე, 25-26-ე და 36-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა ვაგონით სარგებლობის საფასური და ტვირთის შენახვის ხარჯები, რამაც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრისა და შპს „ს. რ-ის“ გენერალური დირექტორის ბრძანებებით დამტკიცებული „ს. რ-ის სატარიფო პოლიტიკის“ 32-ე მუხლის გათვალისწინებით, საერთო ჯამში შეადგინა 674 621.64 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზემოაღნიშნული ნორმები და დაეკმაყოფილებინა შპს „ს. რ-ის“ სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 24 თებერვალს გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს „ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 24 თებერვალს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.