№ას-426-404-2012 7 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – რ., ნ., ა. და კ. პ-ები E
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 19 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. პ-მა მოპასუხეების – რ., ნ., ა. და კ. პ-ების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მამის, აწ გარდაცვლილი ვ. პ-ის დანაშთ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე სამკვიდროს გაყოფა მემკვიდრეებს შორის და მისთვის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრისათვის შესაბამისი წილის მიკუთვნება (ს.ფ. 1-10, 40-41, 42-51).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 170-175).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-მა, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 181-190).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მამკვიდრებელი ვ. პ-ი გარდაიცვალა 2000 წლის 1 თებერვალს. მას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმში, ფ-ს ქ.№20-ში (ამჟამად შ-ის ქუჩა). მითითებული ქონება ვ. პ-ს მიღებული ჰქონდა მემკვიდრეობით მისი მამის, 1950 წლის 25 მაისს გარდაცვლილი რ. პ-ისაგან, 1958 წლის 18 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
ვ. პ-ს დარჩა 5 პირველი რიგის კანონით მემკვიდრე: მეუღლე –ნ. პ-ი, შვილები: გ., რ., ა. და კ. პ-ები.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამჟამად ვ. პ-ის მემკვიდრეებიდან, ქ.ბათუმში, შ-ის ქ№20-ში მდებარე უძრავ ქონებიდან წილი გააჩნია მხოლოდ ნ. პ-ს, რომლის საკუთრებაშიც ირიცხება შენობა-ნაგებობიდან 33.48კვ.მ ფართი და საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთი. დანარჩენ მემკვიდრეებს აღნიშულ მისამართზე სამკვიდრო ქონება საკუთრებაში არ გააჩნიათ.
ამჟამად, ქ.ბათუმში, შ-ის ქ№20-ში მდებარე ვ. პ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაში ცხოვრობენ მოპასუხეები, აწ. გარდაცვლილი ვ. პ-ის მეუღლე ნ. პ-ი და შვილი რ. პ-ი.
მოსარჩელეს სანოტარო ბიუროსათვის კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად არ მიუმართავს, იგი არც მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის არ დაუფლებია და არც დღეისათვის არ ფლობს სამკვიდრო ქონებას, რადგან მისივე განმარტებით, იმ დროისათვის საქართველოში არ იმყოფებოდა და ჩამოვიდა მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა (მოსარჩელე) განმარტა, რომ მამის გარდაცვალების შემდგომ, მეორე დღესვე გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, რადგან იქ აწარმოებდა სასამართლო პროცესებს, ბათუმში ჩამოვიდა მხოლოდ 2002 წელს იმ მიზნით, რომ ბათუმიდან თვითმფრინავის მეშვეობით ჩაფრენილიყო ანკარაში ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში და წარედგინა საჩივარი ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის განმარტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა სასამართლო უწყებაში დავის არსებობა არ წარმოადგენდა საპატიო მიზეზს სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობისათვის. ისეთ ვითარებაში, როდესაც გ. პ-ი ახდენდა საჩივრების შედგენას და სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო პროცესებზე დასწრებას, მისთვის შეუძლებელს არ წარმოადგენდა ქ.ბათუმის სანოტარო ორგანოსათვის, თუნდაც ფოსტის მეშვეობით სამკვიდროს მიღებაზე განცხადების წარდგენა, ან 2002 წელს ქ.ბათუმში ჩამოსვლისას სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენაზე სარჩელის წადგენა.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების მიზნით მოქმედებების ობიექტურად განუხორციელებლობას, ან სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ორგანოში განცხადების წარუდგენლობის საპატიო მიზეზს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების საფუძვლები (ს.ფ. 256-266).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე გ. პ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ კანონმდებელი საპატიოობის კრიტერიუმს არ არ აზუსტებს, რადგან იგი შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომით უნდა გადაწყდეს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის, ვ. პ-ის გარდაცვალების მომენტისათვის კასატორი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში და ჰქონდა სასამართლო პროცესები როგორც ადგილობრივ სასამართლოში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები (სხვა სასამართლო უწყებაში დავის არსებობა) არ მიიჩნია კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში სამკვიდროს მიუღებლობის საპატიო მიზეზად. სააპელაციო სასამართლომ ვადის გაშვების საპატიოობაზე მსჯელობისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორს სასამართლო პროცესები ჰქონდა საზღვარგარეთ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა გ. პეტროიანის მიერ ნოტარიუსისათვის მიმართვას (ს.ფ. 270-277).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. პ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.