Facebook Twitter
ბს-481-457(კ-06) 8 ნოემბერი, 2006 წელი ქ. თბილისი ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): 1. რ. დ-ძე
2. თ. ქ-ლი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება

დავის საგანი – მიუღებელი და განაცდური ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 13 ივნისს რ. დ-ემ და თ. ქ-მა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს: ყველა კომპონენტის გათვალისწინებით იძულებით განაცდური ხელფასის _ 2004 წლის 22 ოქტომბრიდან განყოფილებაში გადაყვანის დღემდე და 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე კუთვნილი ხელფასის შესაბამისი ნამატის გათვალისწინებით ანაზღაურება.
მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ¹-- ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და ბათუმის შს სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების საშტატო განრიგში ცვლილებების ჩამონათვლი და შეიცვალა აჭარის ა/რ შს სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2004 წლის 22 ოქტომბრის ¹-- ბრძანებით ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის -- ქვეგანყოფილების ---ის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის --- რ. დ-ძე და ამავე ქვეგანყოფილების ---ის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის --- თ. ქ-ლი დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებებით რ. დ-სა და თ. ქ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამმართველოს 2004 წლის ¹-- ბრძანება მათი დაკავებული თანამდებობისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში და ისინი აღდგენილ იქნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში 2004 წლის 22 ოქტომბრიდან. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ---ის 2005 წლის 31 მაისის ¹-- პ/შ ბრძანებით გაუქმდა ამავე სამმართველოს 2004 წლის ¹-- ბრძანება მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში. თ. ქ-ლი ხსენებული სამმართველოს კადრების განკარგულებაში 2005 წლის 28 აპრილიდან, ხოლო რ. დ-ძე _ 2005 წლის 5 მაისიდან ჩაირიცხნენ. ამასთან, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებებით აღნიშნულ სამმართველოს დაეკისრა მოსარჩელეთათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, კერძოდ: თ. ქ-სათვის _ 2004 წლის 22 ოქტომბრიდან 2005 წლის 28 აპრილამდე, ხოლო რ. დ-სათვის _ 2004 წლის 22 ოქტომბრიდან 2005 წლის 5 მაისამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნისამებრ, 2005 წლის 3 ივნისს წარდგენილ იქნა ცნობა რ. დ-სა და თ. ქ-ის განაცდური ხელფასის შესახებ. გაანგარიშების მიხედვით, ხელფასი მოიცავდა თანამდებობრივი განაკვეთისა და სპეციალური წოდებისათვის კუთვნილ თანხებს. მოსარჩელეები ასეთ გაანგარიშებას არ დაეთანხმნენ და ახალი სარჩელით მიმართეს სასამართლოს.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს --- სამსახურის მიერ ზემოხსენებულ წერილში მითითებული იყო, რომ 2004 წლის 22 ოქტომბრიდან კადრების განკარგულებაში აყვანის დღემდე მოსარჩელეთა განაცდური ხელფასი შეადგენდა მხოლოდ თანამდებობრივ და წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, მაშინ, როდესაც «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებით გაცდენილი ყოველთვიური ხელფასის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ხელფასის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, ანუ მთლიანად იმ რაოდენობით, რასაც მოსარჩელეები მუშაობის შემთხვევაში მიიღებდნენ.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 2004 წლის 5 ოქტომბრიდან იმავე წლის 22 ოქტომბრამდე მათ არ აუნაზღაურეს კუთვნილი ხელფასი ნამატთან ერთად იმ მოტივით, რომ აღნიშნულ პერიოდში ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოში გაუქმებული იყო ქვეგანყოფილებები საშტატო ერთეულების ორგანიზაციისა და მათ ბაზაზე განყოფილებების შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა ამის შესახებ მათ არ იცოდნენ და ისინი დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას ჩვეულებრივად მათივე ქვეგანყოფილებაში აგრძელებდნენ, საქმის წარმოებაც ხსენებული ქვეგანყოფილების სახელით ხდებოდა. მათ ამ პერიოდისათვის კუთვნილი ხელფასის ნამატთან ერთად ანაზღაურება მოითხოვეს.
2005 წლის 8 ივლისს რ. დ-ემ და თ. ქ-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინეს, რომელშიც დამატებით კუთვნილი თანხების ოდენობაზე მიუთითეს, კერძოდ, აღნიშნეს, რომ 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე როლანდ დიასამიძის კუთვნილი ხელფასი ნამატთან ერთად შეადგენდა 263 ლარს, თ. ქ-სა კი _ 205 ლარს, ხოლო რ. დ-ის განაცდური ხელფასი 2004 წლის 22 ოქტომბრიდან 2005 წლის 5 მაისამდე _ 2797,59 ლარს, თ. ქ-ა კი _ 2004 წლის 22 ოქტომბრიდან 2005 წლის 28 აპრილამდე _ 1660,18 ლარს. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ განაცდური ხელფასი უნდა ანაზღაურებოდათ ყველა სახელფასო კომპონენტის: თანამდებობრივი განაკვეთის, წოდების, დამსახურების, უფლებისა და დანამატის გათვალისწინებით.
მოპასუხე აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ «პოლიციის შესახებ» კანონის 31.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასი მხოლოდ ორ კომპონენტს: თანამდებობრივ და სხვა წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს შეიცავდა, ხოლო სხვა კომპონენტებს კანონი არა როგორც ხელფასს, არამედ დამატებითი გასამრჯელოს სახით აღიარებდა. მოპასუხის თქმით, სასურსათო ულუფის ცნებას «პოლიციის შესახებ» კანონი საერთოდ არ ითვალისწინებდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. დ-სა და თ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს დაევალა მოსარჩელეებისათვის აენაზღაურებინა კუთვნილი ხელფასი ნამატთან ერთად 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე: რ. დ-სათვის _ 263 ლარი, ხოლო თ. ქ-სათვის _ 205 ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა რ. დ-სათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2004 წლის 22 ოქტომბრიდან 2005 წლის 5 მაისამდე _ 2797,59 ლარის, ხოლო თ. ქ-ის სასარგებლოდ _ 2004 წლის 22 ოქტომბრიდან 2005 წლის 28 აპრილამდე _ 1660,18 ლარის ოდენობით, შემდეგი სახელფასო კომპონენტების გათვალისწინებით: თანამდებობრივი განაკვეთი, წოდება, დამსახურება, სასურსათო ულუფა და დანამატი.
აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებების საფუძველზე, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ 2005 წლის 31 მაისს გამოსცა ¹-- პ/შ ბრძანება, რომლითაც თ. ქ-ლი აღდგენილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებში 2004 წლის ოქტომბრიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2005 წლის 28 აპრილიდან, ხოლო რ. დ-ძე აღდგენილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებში 2004 წლის 22 ოქტომბრიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2005 წლის 5 მაისიდან. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოს რ. დ-სა და თ. ქ-სათვის უნდა აენაზღაურებინა იძულებით განაცდური ხელფასი, რაც მათი მოსაზრებით, შედგებოდა მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილი განაკვეთისაგან. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეებმა ახალი სარჩელით მიმართეს სასამართლოს და ზუსტად მიუთითეს მისაღები ხელფასის ოდენობა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹- ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 55-ე მუხლის თანახმად, პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას, რაიონულ კოეფიციენტს, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პოლიციის თანამშრომლისათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდებოდა სრული მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ანალოგიურ ნორმას შეიცავდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიც.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რ. დ-სა და თ. ქ-ის მიერ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში არსებული ხელფასის გაანგარიშება სრულად შეესაბამებოდა ზემოთ ხსენებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და იგივე დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი, როლანდ დიასამიძეზე გაცემული ¹-- ფულადი ატესტატითაც.
სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლის ხელფასი შედგებოდა მხოლოდ თანამდებობრივი განაკვეთისა და წოდებისათვის განკუთვნილი თანხებისაგან, ასევე დაუსაბუთებლად ჩათვალა აპელანტის მოსაზრება, თითქოს «პოლიციის შესახებ» კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ ითვალისწინებდა პოლიციის თანამშრომლისათვის სასურსათო ულუფის ანაზღაურებას, რის გამოც «შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 55-ე მუხლი ეწინააღმდეგებოდა კანონის ზემოაღნიშნულ ნორმას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებული პუნქტის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს და კომპენსაციებს, რაშიც იგულისხმებოდა სასურსათო ულუფაც. ამდენად, აღნიშნული ნორმა არ ეწინააღმდეგებოდა ხსენებული დებულებით დადგენილ ნორმებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება იმ ნაწილშიც, რომ, ვინაიდან მოსარჩელეები 2004 წლის 22 ოქტომბრიდან კადრების განკარგულებაში ჩარიცხვამდე არ ასრულებდნენ სამუშაოს, შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო მათი კუთვნილი ხელფასების ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი უსაფუძვლოდ იქნენ დათხოვნილი სამუშაოდან და მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოხდა მათი დარღვეული უფლებების აღდგენა, კერძოდ, 2004 წლის 22 ოქტომბრიდან კადრების განკარგულებში ჩარიცხვამდე აღდგენილ იქნენ სამუშაოზე. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში მათთვის მიყენებული ზიანი, რაც გამოიხატა კუთვნილი ხელფასის მიუღებლობაში, ექვემდებარებოდა სრული მოცულობით ანაზღაურებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 ოქტომბრის ¹-- ბრძანების შესაბამისად, თანამდებობრივ განაკვეთებზე დანამატები დაუწესდათ მხოლოდ თანამდებობაზე დანიშნულ მუშაკებს, რის გამოც 2004 წლის 5 ოქტომბრიდან შტატგარეშედ დარჩენილ ყველა მუშაკს, მათ შორის, მოსარჩელეებს აღნიშნული დანამატები არ ეკუთვნოდათ.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2000 წლის 28 ივნისს «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება _ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ნორმა ჩამოყალიბდა ახლებურად და არსებითად შეიცვალა პოლიციის თანამშრომლისათვის პოლიციაში სამსახურისათვის ფულადი ანაზღაურების არსი, ვინაიდან აღნიშნული კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასი შეიცავს მხოლოდ ორ კომპონენტს _ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ხოლო, რაც შეეხება წელთა ნამსახურობასა და სხვა დანამატებს, კანონმდებელი მათ გულისხმობს არა როგორც ხელფასის შემადგენელ, არამედ, როგორც დამატებითი გასამრჯელოს ელემენტებად, ხოლო სასურსათო ულუფის ანაზღაურებას «პოლიციის შესახებ» კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის დებულებები, ვინაიდან დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა არა «პოლიციის შესახებ» კანონით, არამედ «შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 55-ე მუხლით, რომელიც მასთან მიმართებაში უპირატესი იურიდიული ძალის მქონე «პოლიციის შესახებ» კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ზემოაღნიშნულ საკითხებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 17 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 11 ოქტომბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა/რ შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 8 ნოემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს თ. ქ-სა და რ. დ-სათვის განაცდური ხელფასის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო განჩინება მოსარჩელეებისათვის 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე კუთვნილი ხელფასის ნამატთან ერთად ანაზღაურების ნაწილში დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა განაცდური ხელფასის ოდენობის განსაზღვრისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რამაც საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია, აღნიშნული გარემოება კი გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერ საფუძველს იძლევა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ¹-- ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და ბათუმის შს სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების საშტატო განრიგში ცვლილებების ჩამონათვლი და შეიცვალა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2004 წლის 22 ოქტომბრის ¹-- ბრძანებით შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის -- ქვეგანყოფილების ---ის მოვალეობის შემსრულებელი _ რ. დ-ძე და ამავე ქვეგანყოფილების ---ის მოვალეობის შემსრულებელი _ თ. ქ-ლი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვეს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებებით რ. დ-სა და თ. ქ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2004 წლის 22 ოქტომბრის ¹-- ბრძანება მათი დაკავებული თანამდებობისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში და ისინი აღდგენილ იქნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში სამუშაოდ 2004 წლის 22 ოქტომბრიდან. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეთათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება: თ. ქ-სათვის _ 2004 წლის 22 ოქტომბრიდან 2005 წლის 28 აპრილამდე, ხოლო რ. დ-სათვის _ 2004 წლის 22 ოქტომბრიდან 2005 წლის 5 მაისამდე.
აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 31 მაისის ¹-- პ/შ ბრძანებით გაუქმდა ამავე სამმართველოს 2004 წლის 22 ოქტომბრის ¹-- ბრძანება მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში და თ. ქ-ლი ხსენებული სამმართველოს კადრების განკარგულებაში 2005 წლის 28 აპრილიდან, ხოლო რ. დ-ძე _ 2005 წლის 5 მაისიდან ჩაითვალნენ გადაყვანილად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროსათვის მოპასუხის მიერ რ. დ-სა და თ. ქ-ის განაცდური ხელფასის შესახებ წარდგენილი ცნობის მიხედვით, მოსარჩელეთა ხელფასი მოიცავდა და უნდა ანაზღაურებულიყო მხოლოდ თანამდებობრივი განაკვეთისა და სპეციალური წოდებისათვის კუთვნილი თანხების გათვალისწინებით. მოსარჩელეები ასეთ გაანგარიშებას არ დაეთანხმნენ და სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «პოლიციის შესახებ» კანონში 2000 წლის 28 ივნისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, არსებითად შეიცვალა პოლიციის თანამშრომლებისათვის მისაღები ხელფასის ცნება და კანონის რედაქციის ფორმის შეცვლით არსებითი ცვლილება განიცადა თავად ნორმის შინაარსმაც, კერძოდ, 2000 წლის 28 ივნისის კანონის მიღებამდე მოქმედი «პოლიციის შესახებ" კანონის 31.2 მუხლი ხელფასის ცნებას განსაზღვრავდა როგორც თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებსა და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატსა და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს, ანუ მითითებული ყველა კომპონენტი იგულისხმებოდა ხელფასის ერთიან ცნებაში და მის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა. 2000 წლის 28 ივნისის კანონით ხსენებულ ნორმაში ცვლილების შეტანით, კანონმდებელმა პოლიციის მუშაკის ხელფასის სხვაგვარი ცნება შემოგვთავაზა და «პოლიციის შესახებ» კანონის 31.3 მუხლი ასე ჩამოყალიბდა _ «პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს:
a) ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს;
b) წელთა ნამსახურობის დანამატს;
g) რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია;
d) დანამატს დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.»
აღნიშნული მუხლის განმარტების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «პოლიციის შესახებ» კანონის შესაბამისად ხელფასს წარმოადგენს მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, ხოლო წელთა ნამსახურობის დანამატი, რაიონული კოეფიციენტი, დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატი, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაციები, კანონმდებელმა პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვის დამატებით გარანტიებად განსაზღვრა და ხელფასის ცნებისაგან გამიჯნა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოცემულ დავაზე «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 55-ე მუხლის გავრცელების თაობაზე, რომელიც ხელფასის ცნებაში თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთის გარდა, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას, რაიონულ კოეფიციენტს, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით განსაზღვრულ დანამატებსა და კომპენსაციებსაც ითვალისწინებს და განმარტავს:
«ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-4 და მე-19 მუხლები იერარქიის მიხედვით ნორმატიული აქტების ჩამონათვალს მოიცავს. ამავე კანონის 22.2 მუხლით დადგენილია, რომ კანონს აქვს უპირატესი იურიდული ძალა კანონქვემდებარე აქტების მიმართ. ამდენად, ვინაიდან «პოლიციის შესახებ» კანონსა და «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების ნორმებს შორის არსებობს კოლიზია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იერარქიულად უფრო მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან შედარებით, უპირატესი იურიდიული ძალა კანონის ნორმას უნდა მიეცეს და სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად, «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 26.1 მუხლის თანახმად, «პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლი იქნეს გამოყენებული.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს განაცდური ხელფასი უნდა აუნაზღაურდეთ მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთების გაანგარიშებით 2004 წლის 22 ოქტომბრიდან კადრების განყოფილებაში აყვანის დღემდე, კერძოდ: თეიმურაზ ქართველიშვილს 2005 წლის 28 აპრილამდე _ 625,09 ლარი, ხოლო როლანდ დიასამიძეს 2005 წლის 5 მაისამდე _ 1325,65 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 აპრილის განჩინება მოსარჩელეებისათვის 2004 წლის 5 ოქტომბრიდან ამავე წლის 22 ოქტომბრამდე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში იურიდიულად დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულის თაობაზე საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
«საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-7 მუხლის თანახმად, შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. დ-ძე და თ. ქ-ლი 2004 წლის 22 ოქტომბრის ¹-- ბრძანებით გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის იმ მოსაზრებას, რომ ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 5 ოქტომბრის ¹-- ბრძანებით შეიცვალა აჭარისა ა/რ და ბათუმის შს მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების საშტატო განრიგი, აღნიშნულით მოსარჩელეთა შტატების შემცირება მოხდა, რის გამოც მათ გათავისუფლების დღემდე ხელფასი აღარ ეკუთვნით და მიიჩნევს, რომ, რადგან 2004 წლის 5 ოქტომბრიდან მოსარჩელთა კადრების განკარგულებაში გადაყვანა ხსენებული დებულებით დადგენილი წესით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე არ მომხდარა და მოსარჩელეთა პოლიციის რიგებიდან დათხოვნა მხოლოდ 2004 წლის 22 ოქტომბერს განხორციელდა, ამდენად, მიიჩნევა, რომ მოსარჩელეები 2005 წლის 5 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე სამართლებრივად კვლავ შს ორგანოების თანამშრომლებად ითვლებოდნენ და ეკუთვნოდათ მოქმედი პოლიციელისათვის გათვალისწინებული ყველა სოციალური გარანტია, მათ შორის _ ხელფასიც. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ზემოაღნიშნული გარემოება (2004 წლის 22 ოქტომბრამდე მოსარჩელეთა პოლიციის რიგებში ყოფნის შესახებ) დამტკიცებულად იქნა მიჩნეული რ. დ-სა და თ. ქ-ის საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებითაც, რომლებსაც მოცემულ დავასთან მიმართებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რ. დ-ძე და თ. ქ-ლი 2004 წლის 22 ოქტომბრამდე შს ორგანოების თანამშრომლებს წარმოადგენდნენ და მათ 5 ოქტომბრიდან გათავისუფლების დღემდე მოქმედი პოლიციელისათვის დადგენილი ხელფასიც ეკუთვნოდათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს ამ პერიოდისათვის ასანაზღაურებელ ხელფასზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 ოქტომბრის ¹-- ბრძანებით გათვალისწინებული დანამატიც უნდა მიეცეთ. ხსენებული ბრძანება «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹-- ბრძანებულების საფუძველზე იქნა მიღებული და 2004 წლის 1 ოქტომბრიდან თანამდებობრივ განაკვეთებზე შესაბამისი დანამატები დაუწესდათ აჭარის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დანამატი წარმოადგენს «პოლიციის შესახებ» კანონის 31.3 მუხლის «ე» ქვეპუნატით გათვალისწინებულ დანამატს, რომელიც ხელფასის გარდა შეიძლება დამატებით დაუწესდეთ პოლიციის მუშაკებს. ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ როლანდ დიასამიძესა და თეიმურაზ ქართველიშვილს 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე სრულად ეკუთვნით ხელფასისა და ამ პერიოდისათვის დადგენილი დანამატის ანაზღაურება, რ. დ-ეს 263 ლარის, ხოლო თ. ქ-ლს _ 205 ლარის ოდენობით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება გაუქმდეს თ. ქ-სა და რ. დ-სათვის კუთვნილი განაცდური ხელფასის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო მოსარჩელეებისათვის 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე კუთვნილი ხელფასის ნამატთან ერთად ანაზღაურების ნაწილში დარჩეს უცვლელად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:


1. აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2 გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება თ. ქ-სა და რ. დ-სათვის განაცდური ხელფასის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება: თ. ქ-ლს აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი 2005 წლის 28 აპრილამდე _ 625,09 ლარის, ხოლო როლანდ დიასამიძეს 2005 წლის 5 მაისამდე _ 1325,65 ლარის ოდენობით;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება თ. ქ-სა და რ. დ-სათვის 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე კუთვნილი ხელფასის ნამატთან ერთად ანაზღაურების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.