Facebook Twitter

№ას-433-411-2012 21 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ფ-ი XXI“

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

დავის საგანი – აქციების სავალდებულო მიყიდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ფ-ი XXI“-მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სს „რეა-ქ-ს“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ფ-ი XXI“-ის განცხადება და მას სს „რეა-ქ-ს“ აქციების გამოსყიდვის ნება დაერთო, სს „რეა-ქ-ს“ აქციონერთა საკუთრებაში არსებული ერთი აქციის გამოსასყიდ სამართლიან ფასად განისაზღვრა 8 ლარი და 79 თეთრი, შპს „ფ-ი XXI“-ის მიერ სს „რეა-ქ-ს“ აქციათა დანარჩენი მესაკუთრეებისაგან აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 1 აგვისტო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „რეა-ქ-ს“ აქციონერმა მ. კ-ამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით ერთი აქციის სამართლიან ღურებულებად 100 ლარის განსაზღვრის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით მ. კ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება მ. კ-ას მიმართ სს „რეა-ქ-ს“ აქციების ფასის განსაზღვრისა და შპს „ფ-ი XXI“-ის მიერ აქციების გამოსყიდვის უფლების დადგენის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ფ-ი XXI“-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ფ-ი XXI“-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავის შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და გამოკლისებით. დასახელებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავი არ შეიცავს ამა თუ იმ ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, უფლებამოსილია გამოიყენოს ურთიერთობის მარეგულირებელი ის ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის მიერ საქმის გახილვა-გადაწყვეტისათვის.

განსახილველ საქმეზე დავის საგანია აქციათა სავალდებულო მიყიდვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30915-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. აღნიშნული ნორმის თანახმად, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განჩინება საკასაციო წესით არ საჩივრდება და ამ საქმეზე საბოლოოა, შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ასახული განმარტება განჩინების საკასაციო წესით გასაჩირების წესისა და ვადების შესახებ, ხოლო შპს „ფ-ი XXI“-ს საკასაციო საჩივარი - დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ფ- XXI“-ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 187-ე, 30915-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ფ-ი XXI“-ს (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან ((სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 15 მარტის N276 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.