Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-434-412-2012 3 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ. პარკი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ. პარკის“ მიმართ პროთეზის დამზადებისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი მოპასუხისათვის ახალი პროტეზის დამზადებისა და პროტეზირებასთან დაკავშირებული ხარჯის – 26 952,55 ევროს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და თ. ბ-ის სარჩელი მოპასუხისათვის ახალი პროტეზის დამზადებისა და პროტეზირებასთან დაკავშირებული ხარჯის – 26 952,55 ევროს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, შპს ,,ვ. პარკს” თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ახალი პროტეზის დამზადებისა და პროტეზირებასთან დაკავშირებული ხარჯის –26 952,55 ევროს ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილების, 230-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე, მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსკ-ის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო უწყება ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით. დადგენილია ასევე, რომ გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა კიდევ ერთი პირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტის (მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს აპელანტის ახსნა-განმარტებაში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი და სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 4 აპრილს შპს ,,თ. ა-ის” საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ა-ში შექმნილ საავარიო სიტუაციაში, რომელსაც მართავდა ა. მ-ი, მოსარჩელემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება – დაკარგა ხელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ბ-ის სარჩელი შპს ,,თ. ა-ის” მიმართ და მოპასუხეს თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯის – 900 ლარისა და 27 154 ევროს (პროტეზირების) ხარჯის ანაზღაურება, ყოველთვიური სარჩოს 450 ლარის ნაცვლად, ერთდროული კომპენსაციის 20000 ლარის გადახდა, მორალური ზიანის – 10 000 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ გაემგზავრა გერმანიაში კლინიკა „ო. ბოკში“, სადაც 2009 წელს მოსარჩელეს დაუმზადდა მიოელექტრონული პროტეზი (ხელი).

,,ო. ბოკის“ კლინიკის მიერ დადგინდა, რომ რთული ამპუტაციის გამო საჭიროებს მიოპროტეზს. პროტეზს აქვს 2-წლიანი გარანტია. შემდეგი 2-3 წლით უზრუნველყოფისათვის რეკომენდირებულია იგივე დინამიური პროტეზი.

კლინიკის მიერ მოსარჩელეს ეცნობა, რომ პროტეზის დიდი ხნით მოუხმარებლობა იწვევს კუნთების ატროფიას, ხერხემლის გამრუდებას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

მოპასუხე უარს აცხადებს ახალი პროტეზის დამზადების, შეკეთების და სხვა ხარჯების გაწევაზე. ახალი პროტეზის დამზადების ღირებულება შეადგენს 17 740,80 ევროს. მოსარჩელემ ერთხელ უკვე გაიღო ხარჯი პროტეზის შესაკეთებლად მისი გაგზავნისას. ახალი პროტეზის დამზადების, დამზადების დროს გზისა და ცხოვრების ხარჯის კალკულაცია შეადგენს 26 952,55 ევროს. „ო. ბოკ-ის“ კლინიკის მიერ დადასტურებულია მოსარჩელისათვის ახალი პროტეზის დამზადების აუცილებლობა. დაწყებულია პროტეზის გამოუყენებლობის შედეგად კუნთების ატროფია, ხერხემლის გამრუდება და ფსიქოლოგიური პრობლემების (გერმანელი ექიმების პროგნოზები) გამოვლენა.

სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და, მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხისათვის ახალი პროტეზის დამზადებისა და პროტეზირებასთან დაკავშირებული ხარჯის – 26 952,55 ევროს დაკისრების ნაწილში იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 999-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სარჩელის სხვა მოთხოვნების ნაწილში, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ დასამზადებელი (შესაძენი) პროტეზის ღირებულების ერთი კალენდარული თვის ვადაში გადახდის (როგორც კი მოსარჩელეს დაუდგება ასეთი პროტეზის დამზადების საჭიროება), მოსარჩელის მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯების ერთი კალენდარული თვის ვადაში გადახდის (როგორც კი მოსარჩელეს დაუდგება ამის საჭიროება, თუ ჩასატარებელი მკურნალობით უნდა გამოსწორდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეულია მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანიდან (ტრავმიდან), რის გამოც დაკარგა მარჯვენა ხელი) პროტეზის უფრო გაუმჯობესებული და დახვეწილი მოდელების გამოგონების, ასევე კლონირებული კიდურების გამოგონების შემთხვევაში, მოსარჩელისათვის მისი შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებულ და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სარჩელის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.

სარჩელის გარემოება მოსარჩელის მიერ პროტეზის შეკეთებაზე ხარჯის გაწევის თაობაზე იურიდიულად არ ამართლებს ამ ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე სარჩელის მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში პროტეზის შეკეთებაზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი მოპასუხისათვის წინასწარ სავარაუდო ვერ იქნებოდა და გარდა ამისა, არ წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ პროტეზის შეკეთების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილშიც უარი უნდა ეთქვას აპელანტს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ, ნაწილობრივ შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ახალი პროტეზის დამზადებისა და პროტეზირებასთან დაკავშირებული ხარჯის – 26 952,55 ევროს ანაზღაურება, სხვა მოთხოვნების ნაწილში კი სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თ. ბ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხემ უკვე ორჯერ აარიდა თავი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლების „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა პროტეზის შეკეთების ხარჯებთან დაკავშრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.