Facebook Twitter

№ას-440-417-2012 3 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ნ., ზ., ნს. და მ. წ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების საფუძველზე მამის – გ. ბ-ისა და შვილების: ნკ., ლ. და ს. ბ-ების დაშორება

დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ., ნს., მ. და ზ. წ-ების მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 1204-ე და 1198-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეებისგან არასრულწლოვანი შვილების დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

გ. ბ-სა და მის მეუღლეს, ნნ. წ-ს, შეეძინათ სამი შვილი: 2002 წლის 16 თებერვალს დაბადებული ნკ. ბ-ი, 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ს. ბ-ი და ლ. ბ-ი. 2009 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა გ. ბ-ის მეუღლე ნნ. წ-ი, რის შემდეგაც მოსარჩელე დათანხმდა სამგლოვიარო დღეებში ბავშვები ყოფილიყვნენ მოპასუხეებთან, ნნ. წ-ის მშობლებსა და დებთან. დაკრძალვის შემდგომ, მოპასუხეთა თხოვნით, მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად დარჩნენ მოპასუხეებთან, თუმცა გ.ბ-ი ყოველდღიურად ნახულობდა მათ. გარკვეული პერიოდის შემდგომ, როდესაც ნკ. ბ-მა მოითხოვა მამის სახლში ღამის გათევა, სადაც იზრდებოდა კიდეც იგი დედის გარდაცვალებამდე და მამამ მისი სურვილი დააკმაყოფილა, წარმოიშვა კონფლიქტი მოპასუხეებთან, რასაც მოჰყვა მათი მხრიდან მოსარჩელის სახლიდან ნკ. ბ-ის ძალისმიერი მეთოდებით წაყვანა. როდესაც გ. ბ-ი მივიდა მისი გარდაცვლილი მეუღლის ოჯახში ბავშვის სანახავად და წამოსაყვანად, მას ამის საშუალება არ მიეცა, უფრო მეტიც, მოპასუხეებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:

ბავშვები ნნ. წ-ის გარდაცვალებამდეც დროის უმეტეს ნაწილს სწორედ მოპასუხეებთან ატარებდნენ. ისინი დედის გარეშე არასდროს დარჩენილან გ. ბ-ის სახლში. გარდა ამისა, მოპასუხეთა უარი, გადასცენ ბავშვები მათ კანონიერ წარმომადგენელს, განპირობებულია თავად არასრულწლოვანთა სურვილით და მიმართულია მათი კეთილდღეობისკენ, რადგან მოსარჩელე, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე (წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკებს), ვერ უზრუნველყოფს ბავშვების ნორმალურ აღზრდას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა ნკ., ლ. და ს. ბ-ების მამისთვის – გ. ბ-ისთვის დაბრუნება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ნს., მ. და ზ. წ-ებმა.

მოცემული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ისნსტანციის სასამართლოების მიერ, საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით ზ., ნ., მ. და ნს. წ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ზ., ნ., მ. და ნს. წ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. წ-ის, ნ. წ-ის, მ. წ-ისა და ნს. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება გ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა შემდეგზე: სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის თანახმად, მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება, ხოლო, 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამასთან, სახელმწიფოს დამოკიდებულება მშობლის მიმართ მხოლოდ მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტონ, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი). ზემოაღნიშნული ნორმები სრულად შეესაბამება რა, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვთა უფლებების დამცავ ნორმებს, ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. მშობლებთან დაშორება შეიძლება, აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინაამღდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულის მიუხედავად, კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს, უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება. ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. აღნიშნულს ადასტურებს „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის მითითება ბავშვის მშობელთან დაშორების დასაშვებობაზე, როდესაც „კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს“. საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით დადგენილი წესებით უნდა იქნეს განხილული, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების განსხვავებულ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც დავისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების მითითებასა და დამტკიცებაში სასამართლოს ჩაურევლობას გულისხმობს. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები, რა დროსაც სასამართლო აქტიურად ერთვება მტკიცების პროცესში და შეუძლია, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება თავისი ინიციატივით დაადგინოს, კერძოდ: საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვისას, 354-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. კანონის ასეთი დამოკიდებულება (შეჯიბრებითობის პრინციპის ნაცვლად სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმის ინკვიზიციური პრინციპით განხილვა) განპირობებულია საოჯახო ურთიერთობათა სპეციფიკითა და განსაკუთრებული მნიშვნელობით, რასაც ადასტურებს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ამ მოსაზრებას განამტკიცებს „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. დავის სპეციფიკურობიდან და არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია რა საქმის მასალები ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უტყუარად არ ადგენს მშობლისა და შვილების დაშორების აუცილებლობას. საკასაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებას, რომ ბავშვის აზრი მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იგი შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული, თუკი მის ინტერესებს არ შეესაბამება. ასეთ შემთხვევაში გონივრული შეფასება უნდა მიეცეს იმ გარემო პირობებს (არა მატერიალურს), სადაც ბავშვი იზრდება; უტყუარად უნდა იქნეს გამორიცხული, რომ ბავშვის ნეგატიური დამოკიდებულება მშობლისადმი მასზე არაჯანსაღი ფსიქიკური ზემოქმედების და არასწორი აღმზრდელობითი ღონისძიებების შედეგი არ არის; ასეთ გარემოებათა გამორიცხვის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დადგინდეს მშობლის ის უარყოფითი საქციელი, რაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნით არასრულწლოვანების მამასთან დაძაბულ ურთიერთობას იწვევს. საქმის მასალებით აშკარად იკვეთება ბავშვთა უფლებების დარღვევა ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისა და აღზრდის საკითხში, რადგან კანონიერი წარმომადგენლის – მამის მიერ არ (თუ ვერ) ხორციელდება შესაბამისი ზომები ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით, რაც ბავშვებისთვის გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს და ამ გარემოებას თავიანთ განმარტებებში მოდავე მხარეებიც ადასტურებენ. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება მოზარდებს, რომელთა განათლებაში დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებასაც: იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება მოპასუხეების საცხოვრებელი ადგილი, არასრულწლოვანების განათლება (სკოლის, ბაღის) კვლავ პრობლემატური და მოუწესრიგებელი დარჩება, რადგან მოდავე მხარეებს შორის გონივრული მიდგომით, ბავშვების უფლებებისა და ინტერესების მიმართებით არსებული პრობლემის პრიორიტეტულად გათვალისწინებით, შეთანხმების მიღწევა ნაკლებად შესაძლებელია (საკასაციო სასამართლოს ამ დასკვნას საფუძვლად უდევს როგორც საქმის მასალები, ასევე საკასაციო სასამართლოს სხდომებზე მიღებული მხარეთა განმარტებები). საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს არა მარტო სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტები არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, არამედ გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც დამაჯერებლად და სარწმუნოდ დადგინდება, რომ არასრულწლოვანებისა და მშობლის დაშორება აუცილებლობითაა გამოწვეული ან ასეთი დაშორების აუცილებლობა არ არსებობს. სააპელაციო პალატის მიერ 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების შესაბამისად, მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება შვილების მამასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე. ამავე განჩინებით დაევალა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს, აღნიშნული განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სავალდებულო წარმომადგენლის დანიშვნა. პალატამ მიუთითა სოციალური მუშაკების მიერ 2012 წლის 4 იანვარს მომზადებულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვნები: ნკ., ს. და ლ. ბ-ები, დედის გარდაცვალების შემდეგ (2009 წლიდან) აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ბებია–ბაბუასთან და დეიდებთან ერთად და მთელი ამ ხნის მანძილზე მათ, პრაქტიკულად, არ ჰქონიათ მამასთან ურთიერთობა. სოც.მუშაკების ორივე ვიზიტის დროს ოჯახის სრულწლოვანი წევრების მხრიდან მოჰყვა მკვეთრად გამოხატული უარყოფითი რეაქცია. პირველი ვიზიტისას ბავშვებმა კატეგორიული უარი განაცხადეს სოც.მუშაკთან მარტო დარჩენაზე, ხოლო მეორე ვიზიტის დროს უფროსებთან ხანგრძლივი ახსნა-განმარტების შემდეგ, სოც.მუშაკებს მხოლოდ 9 წლის ნკ. ბ-თან მიეცათ მარტო დარჩენის საშუალება. 2010 წლის მარტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდის ბავშვთა დახმარების ცენტრის მიერ ჩატარდა ს., ლ. და ნკ. ბ-ების ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რომლის მიზანიც იყო ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და მამასთან ურთიერთდამოკიდებულების დადებითი და უარყოფითი მხარეების დადგენა. ფსიქოლოგ ქ.თ-ის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ მამისგან „მტრის ხატის შექმნა“ უკიდურესად ამძიმებს ბავშვების მწვავე სტრესულ მდგომარეობას, რამაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ნკ.ს აღენიშნებოდა მომავლისადმი უიმედო დამოკიდებულება, თავს თვლიდა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფად და სიტუაციას აღიქვამდა როგორც სისასტიკეს, რომელთანაც გამკლავება არ შეუძლია, ხოლო ს. და ლ. ამბობდნენ, რომ „მამამ დედა მოკლა“, „მამა მატყუარაა“, თუმცა იმავდროულად სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდნენ მამის მიმართ, ხელს ხვევდნენ და კოცნიდნენ. დასკვნის თანახმად, ამ ეტაპზე ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო საყურადღებოა, რადგან ნკ.მ ორივე შეხვედრის დროს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა როგორც მამის, ისე სოც.მუშაკების მიმართ. ბავშვი აშკარად ნერვიულობდა და ისტერიულად იმეორებდა, რომ არ უნდოდა მამასთან შეხვედრა, რომ „მამამ მოკლა დედა და ის არის მონსტრი“, რომ „მამის გამოჩენამ მას უბედურება მოუტანა და რცხვენია თანატოლების ასეთი მამის გამო“, რაც შეეხებათ 6 წლის ტყუპებს: ს.სა და ლ.ს, პირველი ვიზიტის დროს ბავშვები მამის შესახებ, მათი ასაკისათვის უჩვეულო ტექსტებს ისე სხაპასხუპით ყვებოდნენ, როგორც სასიამოვნო ზღაპარს ან ლექსს. მეორე ვიზიტის დროს კი, მათი ტირილის ხმა ისმოდა სხვა ოთახიდან და დეიდამ, ნს. წ-მა, ატირებული, ხელში აყვანილი ბავშვი, დამშვიდების ნაცვლად, შემოიყვანა ოთახში და დაჟინებით ითხოვდა, რომ გავსაუბრებოდით მას. სოც.მუშაკების განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებისათვის არც ერთი ვიზიტის დროს არ უთქვამთ თუ, რა მიზნით იყვნენ მათთან მისულები, გაუგებარი იყო, რა გახდა საკმაოდ კომუნკაბელური ბავშვების ტირილის მიზეზი მათთან მიმართებაში. შექმნილი სიტუაციის გამო, ისინი იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ ვიზიტი და, შესაბამისად, ვერ განახორციელეს განჩინებით დავალებული მოქმედების შესრულება. არასრულწლოვანი ბავშვების: 9 წლის ნკ.ს, 6 წლის ლ.სა და ს. ბ-ების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ბავშვებს არ ჰყავთ დედა და ისინი იზრდებიან ერთადერთი მშობლის გარეშე, მამისადმი მტრულად განწყობილ გარემოში. გარემო კი ხელს უწყობს ადამიანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების ჩამოყალიბებას. ბავშვებისათვის სისტემატური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ცხოვრება, მნიშვნელოვან დაღს ასვამს მის განვითარებას და ბავშვს სრულიად განსხვავებული ფსიქიკა უყალიბდება. ბავშვების ბიოლოგიურ მამას, გ. ბ-ს აქვს ადამიანური და მატერიალური რესურსი, იზრუნოს საკუთარ შვილებზე და შეუქმნას მათ განვითარებისაათვის აუცილებელი პირობები. ბავშვებისა და მამის ურთიერთობა აუცილებელია თვითონ ბავშვების მომავლისათვის, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ საზოგადოებისათვის სრულყოფილ წვრებად. სიძულვილი, სამწუხაროდ, ვერ შობს ჯანსაღ აზრს მომავლისათვის, მით უმეტეს, მშობლის მიმართ. პალატამ, აპელანტების მიერ წარმოდგენილი ნკ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N424 ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ნკ. ბ-ს აღენიშნება მაღალი შფოთვითი კოეფიციენტი, მაღალი გონებრივი პოტენციალი, დაბალი თვითშეფასება, ფობია – საკუთარი უსაფრთხოების ხელყოფის შიში, დეპრესიული აზრებისა და სიტუაციების შიშით და წარმოსახვით მოგვარების ფორმა. ნკ. ბ-ს ესაჭიროება ფსიქოთერაპია და სტაბილური, მშვიდი, ბავშვისათვის უსაფრთხო გარემო. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, დროებითი განკარგულების შესრულების პირობებში, ს. და ლ. ბ-ების ურთიერთობა მამასთან შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მამასთან ურთიერთობისას გამოხატავდნენ ქვეცნობიერ შიშს, მათი განმარტებები, – „ნს.ს დიდი თვალები და ბინოკლი აქვს, მამას ვერ მოვეხვევით და ვაკოცებთ, ნს.ი დაგვინახავს“ ადასტურებდნენ ბავშვების ქვეცნობიერ შიშს, იმ პირებისაგან ვისთანაც ისინი იმყოფებიან, დამალონ მამასთან მათი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, რაც ფსიქოლოგების მიერ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. 2009 წლიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, ბავშვების მამასთან დამოკიდებულება აშკარად უარყოფითად გამძაფრებულია, ეს იმ ფონზე, როცა მამას ფაქტობრივად არ მისცემია შვილებთან ურთიერთობის საშუალება და, შესაბამისად, მამის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შვილებზე უარყოფით ზემოქმედებას. სასამართლოს განმარტებით, ბავშვების ნეგატიური დამოკიდებულება მშობლისადმი მძიმე, არაჯანსაღი ფსიქიკური ზემოქმედების და არასწორი აღმზრდელობითი ღონისძიების შედეგია იმ პირთა მხრიდან, ვისთანაც ბავშვები იზრდებიან. ის, რომ ნკ. ბ-ს ესაჭიროება ფსიქოთერაპია, ამაზე უნდა იზრუნონ სწორედ იმ ოჯახის წევრებმა, ვისთანაც ნკ. ცხოვრობს, თუმცა მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტები არა თუ ზრუნავენ ბავშვების ჰარმონიულ აღზრდასა და მათ სულიერ სიმშვიდეზე, პირიქით, მათში აღვივებენ და ამძაფრებენ მამისადმი სიძულვილს, ბავშვებს არ გააჩნიათ მამასთან ურთიერთობის მოტივაცია, რადგან უფროსების შთაგონებით, ისინი ფიქრობენ, რომ „მამა ნარკომანია“, „მამამ დედა მოკლა“, „მამას ბრალია ჩვენი უბედურება“. პალატამ ბავშვების ინტერესების დამცველი სოციალური მოსახურების სააგენტოს წარმომადგენლების და სოც.მუშაკების დასკვნით მიიჩნია, რომ მამის – გ. ბ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უარყოფით ნეგატიურ დამოკიდებულებას არასრულწლოვნების მიმართ, რაც შეიძლება იწვევდეს ბავშვების მამასთან დაძაბულ ურთიერთობას. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოსაზრებებს, რომ ბავშვები ტრავმირებული არიან დედის გარდაცვალების გამო და მამასთან ურთიერთობა მათთვის აუცილებელი და სასარგებლოა. მამისაგან ბავშვების მოშორება და ოჯახური გარემოს მოწყვეტა, ხელყოფს მათ უფლებებს, იზრდებოდნენ ოჯახში, რაც ეწინააღმდეგება მათ ინტერესს. ბავშვების დაბრუნება მამასთან მათთვის სასარგებლო და აუცილებელია. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვების მოპასუხეებთან დატოვება უკანონოდ ხელყოფს როგორც ცალკე მცხოვრები მშობლის – მამის უფლებებს, ასევე, უპირატესად, ბავშვების ინტერესებსაც, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, ბავშვები დაცილებული იქნებიან მამის ოჯახურ გარემოს რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვეციით გამტკიცებულ ფუნდამენტალურ პრინციპს – ბავშვები, პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვების დამოკიდებულება მამის მიმართ, იმ პირთა მიერ ვისთანაც ბავშვები იზრდებიან, არასწორი აღზრდის შედეგად ხდება უფრო ნეგატიური, ვიდრე პოზიტიური, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ბავშვების ინტერესს. ბავშვები იზრდებიან მამისადმი სიძულვილის შთაგონებით, რაც ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ამასთან, სამივე ბავშვი უნდა იმყოფებოდეს ერთ ოჯახურ გარემოცვაში მამასთან და მათი დაშორება მიზანშეუწონელია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოდან წარმოდგენილი ინფორმაციით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ N... სისხლის სამართლის საქმეზე გ. ბ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით 2011 წლის 24 მაისს შეწყდა გამოძიება კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2010-2011 წლებში გ. ბ-ი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45–ე მუხლით სახდელდადებული არ არის, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვებზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება, რის გამოც არასრულწლოვანი ბავშვების დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-16 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1204-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებს კანონიერი საფუძველი ბავშვების მათთან ყოფნისა არ გააჩნიათ. მოსარჩელე გ. ბ-ს მშობლის უფლება შეზღუდული არ აქვს, არც მამობის უფლება აქვს ჩამორთმეული. კანონი და სასამართლო პატივს სცემს რა ბებია-პაპის თუ მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიონ შვილებთან (შვილიშვილებთან), აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ბავშვები მოპასუხეებთან კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან, მაგრამ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს მამასთან ბავშვების დაბრუნების საკითხი გადაწყვეტილი უნდა იქნეს ბავშვების უპირატესი ინტერესისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უარყოფით, ნეგატიურ დამოკიდებულებას არასრულწლოვნების მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციოო წესით გაასაჩივრეს ნ., ზ., ნს. და მ. წ-ებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყეტილებით „ბავშვთა უფლებების კონვენციის“ მე-3 და მე-9 მუხლების საფუძველზე მამის – გ. ბ-ისა და შვილების: ნკ., ლ. და ს. ბ-ების დაშორება შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინება არაა საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, მან დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგანაც მან დააკმაყოფილა შუამდგომლობა სოც.მუშაკისა და ნკ. ბ-ის გასაუბრების ჩანაწერის გამოქვეყნების თაობაზე, რომლითაც „ბავშვთა უფლებების კონვენციის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებების უპირატესობას ადასტურებდა სადავო საკითხთან მიმართებით, თუმცა სასამართლომ შეფასება აღარ მისცა ზემოაღნიშნულს. კასატორები პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვიდან მოყოლებული ადასტურებდნენ, რომ კონვენციის ზემოაღნიშნული მუხლი ბავშვის ინეტერესების პრიორიტეტულობას ავალდებულებს ყველა ორგანოს, მათ შორის, სასამართლოს, აპელანტთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებით ირკვევა სოც.მუშაკთა წარმომადგენლის მუშაობის სპეციფიკა, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, თუმცა სასამართლომ ზემოაღნიშნულს შეფასება არ მისცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი არასწორად დაადგინა ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტის არსებობა, სააპელაციო პალატის განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მითითებასაც, სადაც პალატას დაევალა სწავლის უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტის გამორკვევა, ხოლო კასატორებს ამ საკითხის გადაწყვეტა მოუხდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით. სადავო კოპმპაქტ-დისკით დასტურება, რომ ნკ. ბ-ი დადის სპორტზე, სწავლობს კომაროვის სახელობის სკოლაში, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვი მოპასუხეებს ჩაკეტილი ჰყავთ, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, შეფასება მიეცა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისათვის. გასაჩივრებული განჩინების მითითება „ბავშვთა უფლებების კონვენციის“ მე-16 მუხლზე საქმის გარემოებების არასრულმა გამოკვლევამ და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევამ გამოიწვია. საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა გაეროს ბავშვთა კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლებია, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლით მოცემული საკითხის რეგულირებამ შესაძლოა ბავშვთა ფსიქიკის შერყევა და ტრავმირება გამოიწვიოს, ამასთან, იერარქიულად, სამოქალაქო კოდექსზე ზემდგომი კანონი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. სასამართლომ არასწორად შეაფასა სოც.მუშაკის ვიზიტი, რადგანაც აღნიშნულს სასამართლო სხდომის ოქმში უარყოფითად ახასიათებს, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით სხდომის ოქმის საწინააღმდეგო დასკვნებს აკეთებს, ამ თვალსაზრისით საინტერესოა 2010 წლის მარტის დასკვნა, რომელიც არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთანავე, 2012 წლის 12 იანვრის სხდომის ოქმით მოსამართლემ მტკიცებულებად მიიჩნია კომპაქტ-დისკი, სადაც ნათლად დასტურდება არასრულწლოვანი ბავშვის – ნკ.ს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მამის მიმართ, რის გამოც შვილის უარყოფითი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მიუთითებს ორი წლის წინ შედგენილ დასკვნაზე და განმარტავს, რომ წ-ების ოჯახში ბავშვებს საფრთხე ემუქრებათ. პალატა, ერთი მხრივ, მსჯელობს აპელანტთა მიერ წარდგენილ №424 ცნობაზე, რომელიც ნკ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება, თუმცა სასამართლო მტკიცებულებას აფასებს ცალმხრივად და განჩინებაში მიუთითებს ცნობის მხოლოდ ნაწილს, ისე, რომ სპეციალისტის დასკვნა, რომელიც გადმოცემულია ცნობაში, არ გაუზიარებია, ამასთან, სასამართლოს დასკვნა, რომელიც ემყარება ერთხელ უკვე უარყოფილ 2010 წლის მარტის დასკვნას, არასწორი და შეურაცხმყოფელია კასატორებისათვის. არასწორია გასაჩივრებული განჩინების განმარტებაც, რომელიც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას ემყარება, სადაც სასამართლომ ოჯახურ გარემოდ მხოლოდ მამა მიიჩნია და ყურადღება არ გაამახვილა ამავე კონვენციის მე-5 მუხლზე, რომლითაც საქართველოში მოქმედი ადათ-წესებისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების გათვალისწინებით, ბებია-პაპისა და დეიდების ოჯახურ გარემოდ მიჩნევის შესაძლებლობას იძლევა. კასატორებმა ასევე სადავოდ მიიჩნიეს გასაჩივრებული განჩინების 4.4 და 4.5 პუნქტების მსჯელობა იმ საფუძვლით, რომ მითითებული ინფორმაცია არ მეტყველებს ბავშვების ჭეშმარიტ ინტერესზე მოცემულ დავაში, არამედ ფორმალური ხასიათის მონაცემებია, რომლითაც სასამართლო მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების გამყარებას ცდილობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით ზ., მ., ნს. და ნ. წ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ., მ., ნს. და ნ. წ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ., მ., ნს. და ნ. წ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს: ზ., მ., ნს. და ნ. წ-ებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ნს. წ-ის მიერ 2012 წლის 16 მარტს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ., მ., ნს. და ნ. წ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორებს: ზ. წ-ს (პ/№...), მ. წ-ს (პ/№...), ნს. წ-სა (პ/№...) და ნ. წ-ს (პ/№...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეთ (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ნს. წ-ის მიერ 2012 წლის 16 მარტს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.