Facebook Twitter

№ას-441-418-2012 24 მაისი , 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ხ. კ-ი, ნ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. -ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. -მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. კ-ისა და ნ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ნ. ბ-სა და ხ. კ-ს შორის 2009 წლის 30 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, 2008 წლის 10 მაისს მოსარჩელემ თავისი კუთვნილი 260 სული ცხვარი დროებით მთაში წასაყვანად და გამოსაკვებად გადასცა მის თანასოფლელებს, ძმებს: ი. და ნ. ბ-ებს, რომლებიც თავის მხრივ ცხვარს გამოკვებავდნენ და დაუბრუნებდნენ უკან.

თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2008 წლის 02 დეკემბერს აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს თაღლითურად მიესაკუთრებინათ როგორც მისი, ასევე სხვების კუთვნილი ცხვრები, რათა გაესხვისებინათ. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2008 წლის 02 დეკემბერს ი. და ნ. ბ-ებმა მოტყუებით მიითვისეს 800-ზე მეტი სული ცხვარი, მათ შორის მისი კუთვნილი 231 სული, ღირებული 30 000 ლარად. გარდა ამ თანხისა, 2008 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით მასზე მიყენებული ზიანი გაცილებით მეტია, კერძოდ, მას ნამატის სახით უნდა მიეღო ამ სამ წელში საშუალოდ 700 სულამდე ცხვარი, რაც წარმოადგენს მიუღებელ ზიანს. 2011 წლის 11 იანვარს ისმაილ და ნ. ბ-ების მიმართ დადგა განაჩენი, რომლითაც ისინი მსჯავრდებულნი არიან სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით.

ნ. ბ-მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 1 500კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 2009 წლის 30 მარტს, ანუ მას შემდეგ რაც მან დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა მის მიმართ, ფორმალურად გადაუფორმა თავის დისშვილს, ხ. კ-ს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თავის არიდების მიზნით.

მოპასუხეებმა-ხ. კ-მა და ნ. ბ-მა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მათ შორის შედგა უძრავი ქონების ნასყიდობა უნაკლო ნივთზე, მათ შორის დადებული გარიგება არანაირ კავშირში არ არის შესაბამის განაჩენთა, ხ. კ-ი არის კეთილსინდისიერი შემძენი, ნასყიდობა შედგა კანონის შესაბამისად და ადგილი არ ქონია არანაირ თვალთმაქცურ გარიგებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით დ. -ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ნ. ბ-სა და ხ. კ-ს შორის 2009 წლის 30 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; უძრავი ქონების, მდებარე: გარდაბანი, სართიჭალა, სოფელი მუღანლო, ფართით 1 500 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 81.12.01.331, მესაკუთრედ აღირიცხა ნ. ბ-ი.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხ. კ-მა და ნ. ბ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით ხ. კ-ისა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტორბივი გარემოებები:

2008 წლის 10 მაისს მოსარჩელე დ. -მა თავისი კუთვნილი 260 სული ცხვარი დროებით მთაში წასაყვანად და გამოსაკვებად გადასცა თანასოფლელებს, ძმებს: ი. და ნ. ბ-ებს, რომლებიც, თავის მხრივ, ცხვარს გამოკვებავდნენ და დ. -ს დაუბრუნებდნენ უკან. ცხვრის ფარიდან დ. -მა გაასხვისა 29 სული ცხვარი, დარჩენილი 231 სული ცხვარი კი დარჩა მოპასუხეებთან.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განაჩენით, დამტკიცდა მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილე ლევან ლაზარეშვილსა და ბრალდებულებს: ი. და ნ. ბ-ებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე; ი. და ნ. ბ-ები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. მათთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე.

განაჩენის მიხედვით, ი. და ნ. ბ-ებმა განიზრახეს თაღლითურად მიესაკუთრებინათ სხვისი კუთვნილი ცხვრები და შემდგომ, ვითომდა, ხსენებული ცხვრები მათ წაართვა ახმედ მუსაევმა, რათა პასუხისმგებლობა აერიდებინათ თავიდან.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2008 წლის 2 დეკემბერს ი. და ნ. ბაირამოებმა მოტყუებით დაუფლებული 884 ცხვარი, რომელშიც გარეული იყო ასევე დ. -ის 231 სული ცხვარი, ვალში გადასცეს ახმედ მუსაევს, რომელსაც უთხრეს, რომ ცხვრის მთელი რაოდენობა ეკუთვნოდათ მათ. იმავდროულად, ცხვრების მესაკუთრეებს, მათ შორის დ. -ს, დაუმალეს ცხვრის გადაცემის დღე და მოატყუეს ეს უკანასკნელები, რომ თითქოსდა, მათ ცხვარი წაართვა ახმედ მუსაევმა.

2009 წლის 30 მარტს ხ. კ-სა და ნ. ბ-ს შორის დადებულ იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 2009 წლის 30 მარტს მასში მოცემული პირობებით, ნ. ბ-მა გაყიდა, ხოლო ხ. კ-მა იყიდა უძრავი ქონება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: გარდაბანი, სოფ. მუღანლო, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ნ. ბ-ს. მხარეთა განცხადებით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 5 000 ლარად. აღნიშნული ხელშეკრულებითვე, ნასყიდობის საგანი იყო უნაკლო. მხარეებმა ნასყიდობის ფასის გადახდა აწარმოეს სანოტარო ბიუროში გამოცხადებამდე.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შემძენი ხ. კ-ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ 2009 წლის 6 აპრილს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზირა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 2009 წლის 30 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით გარიგებას არ წარმოადგენდდა, რადგან მას მოჰყვა იურიდიული შედეგი. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის მიზნებისათვის, საქმის მასალებით უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, მოჩვენებითი გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა, მხარეთა განზრახვაში, თავიდან აიცილონ გარიგების სამართლებრივი შედეგები. ამასთან, უნდა არსებობდეს ორივე მხარის ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები, საიდანაც ნათლად იკვეთება ერთობლივი მოქმედების მოტივი. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოპასუხეებს შორის სადაო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულ იქნა მას შემდეგ, რაც ნ. ბ-ის მიერ ადგილი ჰქონდა დ. -ის კუთვნილი ცხვრების თაღლითურად დაუფლებას; ასევე მოპასუხეები წარმოადგენენ ბიძასა და დისშვილს და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ეტაპზე ხ. კ-ისათვის ცნობილი იყო ნ. ბ-ის მიერ შესაბამისი ქმედების ჩადენის თაობაზე. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებების ტანახმად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის დამუშავება, მასზე მოსავლის მოყვანა, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ისევ ხორციელდებოდა ნ. ბ-ის ოჯახის მიერ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 477-ე, 56-ე და 976-ე მუხლებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ხ. კ-ისა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუზვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ. კ-მა და ნ. ბაირავომა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარცელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამარტლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტორბივი გარემოებები, კერძოდ არასწორად ჩატვალა, რომ ვინაიდან მოპასუხეები ერთმანეთისთვის იყვნენ ბიძა-დისშვილი, ხ. კ-ისათვის ცნობილი იყო ნ. ბ-ის მიერ შესაბამისი ქმედების ჩადენი შესახებ. ასევე, ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მას შემედგ, რაც ნ. ბ-ი თაღლითურად დაეუფლა მოსარჩელის კუთვნილ ცხვრებს, ვინაიდან განაჩენი ნ. ბ-ის მიმართ გამოტანილ იქნა 2011 წლის 11 იანვარს, ნასყიდობა კი გაფორმდა 2009 წლის 30 მარტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით ხ. კ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. კ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ხ. კ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. კ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: ნ. ბ-სა (პირადი №...) და ხ. კ-ს (პირადი №12001033573) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეთ(სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ალიფაშა კ-ის მიერ №2 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 6 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარისა და დ. ბ-ის მიერ 2012 წლის 12 აპრილს №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 50 ლარის, სულ 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.