№ას-443-420-2012 8 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ. ნ-ე, მ. ც-ე, ბ. ც-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ნ-ის, მ. და ბ. ც-ეების მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხეებისათვის 17476 აშშ დოლარისა და 46000 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლის 18 სექტემბერს მოსარჩელის მეუღლე ჯ. რ-ემ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან მიიღო №64 მშენებლობის ნებართვა და ქ.ქობულეთში, ...ის №204-ში დაიწყო მშენებლობა. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული აწ გარდაცვლილი გ. ც-ის სარჩელი და შეჩერდა ჯ.რ-ის მიერ დაწყებული სამშენებლო სამუშაოები დავის გადაწყვეტამდე. სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაზიარებულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ და საბოლოოდ საქმის წარმოება საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასრულდა 2010 წლის 30 სექტემბერს. გ. ც-ე გარდაიცვალა 2008 წლის 23 ოქტომბერს და მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე - ნ. ნ-ე და შვილები - მ. და ბ. ც-ეები. გ. ც-ის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების შედეგად (მშენებლობის შეჩერება) მოსარჩელე მხარეს მიადგა ზიანი, რადგანაც ჯ.რ-ეს ბანკიდან გატანილი ჰქონდა მიზნობრივი კრედიტი 230000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 80000 აშშ დოლარი ათვისებულ იქნა მშენებლობისათვის, ხოლო 150000 აშშ დოლარის გაცემა ბანკმა შეაჩერა სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად კრედიტის მიზნობრიობის დაუდასტურებლობით. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო მშენებლობის დასრულებისას - 2008 წლის აგვისტოში, თუმცა მშენებლობის შეჩერების შედეგად ჯ.რ-ემ არათუ ამოიღო 80000 აშშ დოლარი, არამედ, ნაყიდი სამშენებლო მასალა და დაწყებული სამუშაოები გამოუსადეგრად აქცია. აუდიტორული დასკვნით დასტურდება გ.ც-ის ქმედებით მიყენებული როგორც პირდაპირი ზიანის, ასევე არაპირდაპირი ზიანის არსებობის ფაქტი, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებულ კრედიტთან ერთად შეადგენს 17476 აშშ დოლარსა და 46000 ლარს. 2011 წლის 27 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ჯ. რ-ემ გ. ც-ის სარჩელით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაუთმო მის მეუღლე გ. გ-ეს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი დასაბუთებით:
არასწორია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც დავის წარმოშობის დროისათვის მოსარჩელეს მშენებლობა დაწყებული არ ჰქონია, უფრო მეტიც, ამ დროისათვის არც საბანკო კრედიტი იყო გამოტანილი, ხოლო მშენებლობის შეჩერება არა სარჩელის უზრუნველყოფის, არამედ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით განხორციელდდა, რადგანაც ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება მის მოქმედებას აჩერებს. სარჩელზე დართული დოკუმენტების თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 2007 წლის 18 დეკემბერსაა დადებული, ხოლო სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, მსესხებელს თანხის გადახდა 2008 წლის აგვისტოდან უნდა დაეწყო, ანუ მოსარჩელისათვის 21 დეკემბერს ცნობილი იყო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე და მას, როგორც მესამე პირს, რისკი არ უნდა გაეწია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნები არარეალური და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგანაც ზიანის ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც კი, არ დასტურდება მოპასუხეთა ფაქტობრივი ან პროცესულაური მიზეზობრივი კავშირი ზიანის დადგომაში. სარჩელის უსაფუძვლობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოპასუხეთა უფლებამონაცვლეობას რაიმე კავშირი აწ გარდაცვლილი გ.ც-ის სარჩელთან არ აქვს, ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ზიანი გ.ც-ის სიცოცხლეში არ დამდგარა. მოპასუხეებმა ასევე განმარტეს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ადმინისტრაციული სარჩელის აღძვრის გამო არ წარმოშობია ჯ. რ-ეს, შესაბამისად, არც მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაა საფუძვლიანი, ამდენად მოსარჩელე არასათანადო მხარეა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბანკიდან აღებული კრედიტი უზრუნველყოფილი იყო მოსარჩელის შვილისა და მისი პარტნიორის კუთვნილი მაღაზიით, რამელიც გარკვეული მიზეზების გამო საბოლოოდ გასხვისდა, ხოლო მიღებული სესხით ჯ.რ-ემ დაფარა შვილის დებიტორული დავალიანება, სამშენებლო მასალა, რომელიც შეძენილი ჰქონდა ჯ.რ-ეს, გამოყენებულ იქნა სხვა მშენებლობაზე, რომელიც მათ ჩამოერთვათ დავალიანების არსებობის გამო. მოცემული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესიდან, რომ აქტის გასაჩივრება მის მოქმედებას აჩერებს, ადმინისტრაციული დავისას სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული, ხოლო სასამართლომ თავის დროზე იმსჯელა აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმებაზე, თუმცა არ იქნა გაზიარებული შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტი. საყურადღებოა, რომ ამ ინსტიტუტის მოქმედება უნდა გავრცელდეს მოპასუხის და არა მესამე პირების მიმართ, რომელებმაც თავის დროზე არ განაცხადეს დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ნ-ეს, მ. ც-ესა და ბ. ც-ეს გ. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6000 აშშ დოლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ 2007 წლის 18 დეკემბერს, სს „ბანკი ...ს“ ბათუმის ფილიალსა და ინდ.მეწარმე „ჯ. რ-ეს“, მეორე მხრივ, ორივე ერთად კი მხარეებად წოდებულ, შპს „ლემასა“ და ბანკს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო №394 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 230000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 17 %-ის დარიცხვით. კრედიტის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 11 სექტემბერი. მისი დაბრუნება უნდა მომხდარიყო თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა მშენებლობა. 2007 წლის 18 დეკემბერს, ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ც-ემ, მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, მესამე პირის - ჯ. რ-ის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის მიერ 2007 წლის 18 სექტემბერს ჯ. რ-ის სახელზე გაცემული №64 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით № 3-48 ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2007 წლის 18 სექტემბრის მშენებლობის №64 ნებართვის მოქმედება. მესამე პირმა, ჯ. რ-ემ არ ცნო სარჩელი და წარადგინა თავისი პასუხი, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმება, რადგანაც მშენებლობის ნებართვის შეჩერების შედეგად მას ადგებოდა მნიშვნელოვანი ფინანსური და მორალური ზიანი. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 თებერვლის განჩინებით ჯ. რ-ის შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. №3-48 საქმეზე ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, მესამე პირ ჯ. რ-ის მიმართ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2007 წლის 18 სექტემბრის №64 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 2010 წლის 27 დეკემბერს, ჯ. რ-ესა და გ. გ-ეს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჯ. რ-ემ თავის მეუღლე გ. გ-ეს გადასცა მოთხოვნის უფლება, მოვალე გ. ც-ის უფლებამონაცვლეებისაგან იმ ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეულია ქობულეთის რაიონულ სასამართლოში არსებული დავიდან №3-48 ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქმეზე, სასამართლოს მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2007 წლის 18 სექტემბრის მშენებლობის №64 ნებართვის მოქმედების შეჩერებით. მხარეთა განმარტებებითა და საქმეში განთავსებული ფოტოსურათებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2007 წლის 18 სექტემბრის მშენებლობის №64 ნებართვის საფუძველზე, ქ.ქობულეთში, ...ის გამზირის №204-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ჯ.რ-ემ დაიწყო მშებელობა და განახორციელა სამუშაოთა ნაწილი რკინისა და ხის კონსტრუქციების, ასევე ბეტონის გამოყენების გზით. საქმეში განთავსებული შპს „დ.-აუდიტის“ 2009 წლის 8 მაისის დასკვნით, ასევე მშენებლის განმარტებაზე დაყრდნობით ქ.ქობულეთში, ...ის გამზირის №204-ში მდებარე ჯ. რ-ის საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული საამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მსვლელობის იძულებითი შეჩერების გამო, რკინის კონსტრუქციებმა (8 ტონა) განიცადა კოროზია, მწყობრიდან გამოვიდა ხის კონსტრუქციები (15 კუბ.მ), ატმოსფერული ნალექების მოქმედების შედეგად დაზიანდა კონსტრუქციები და ა.შ, რაც დამატებით 6000 აშშ დოლარის ხარჯებს გამოიწვევს. სესხის დაფარვის 2007 წლის 18 დეკემბრის გრაფიკის თანახმად, სესხის დაფარვა ჯ. რ-ეს უნდა დაეწყო 2008 წლის 25 აგვისტოდან. შპს „დ.-აუდიტის“ 2009 წლის 8 მაისის დასკვნაში ასევე დაფიქსირებულია, რომ „ბანკი ...სთან“ გაფორმებული 2008 წლის 18 დეკემბრის №394 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული 80000 აშშ დოლარის ვადაში დაუფარაობის გამო, ჯ.რ-ემ გადაიხადა ვადაგადაცილებისათვის პროცენტი - 10502 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებული პროცენტის ჯარიმა - 683 აშშ დოლარი, ასევე სესხის ჯარიმა - 291 აშშ დოლარი, სულ - 11476 აშშ დოლარი. ჯ.რ-ემ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო სესხი 27879 აშშ დოლარის ეკვივალენტი 46000 ლარი, რაც მთლიანად მიმართა ვადაგადაცილებული სესხის დასაფარად. სასამართლოს განმარტებით, ქობულეთის ნოტარიუს მაია კახიძის მიერ გაცემული ცნობით, ასევე სამკვიდრო მოწმობით ირკვევა და მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. ც-ე გარდაიცვალა 2008 წლის 23 ოქტომბერს. მისი გარდაცვალების დროისათვის ქ.ქობულეთში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე გ.ც-ის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ და დღესაც აგრძელებენ ცხოვრებას მეუღლე ნ. ნ-ე და არასრულწლოვანი შვილები მ. და ბ. ც-ეები, თუმცა სამკვიდრო მოწმობა მთელ სამკვიდრო ქონებაზე გაცემულ იქნა მხოლოდ მეუღლე ნ. ნ-ის სახელზე და სხვა მემკვიდრეებს სამკვიდროზე უარის თქმის თაობაზე განცხადებით სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავთ. 2010 წლის 22 ნოემბერს, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით ნ. ნ-ემ მ. ც-ეს აჩუქა ქ.ქობულეთში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე 1481 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რაც ნ.ნ-ის საკუთრებაში აღრიცხული იყო გ. ც-ის გარდაცვალების შედეგად გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ სადავო ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობდა, რის გამოც დავის გადაწყვეტის დროს გამოყენებული უნდა იქნას ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და მე-4 მუხლებზე და ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „დ.-აუდიტის“ 2009 წლის 8 მაისის დასკვნა ქ.ქობულეთში, ...ის გამზირის №204-ში მდებარე, ჯ. რ-ის საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული საამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მსვლელობის იძულებითი შეჩერების გამო, რკინისა და ხის კონსტრუქციების დაზიანების ფაქტისა და ზიანის ოდენობის (6000 აშშ დოლარი) დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას, ვინაიდან აღნიშნული დადგენილია სპეციალური ცოდნის მქონე პირის - მშენებლის განმარტებაზე დაყრდნობით. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია რა საამშენებლო კონსტრუქციების დაზიანებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგო და მასში დაფიქსირებული ფაქტის გამაქარწყლებელი მტკიცებულება, დადასტურებულად იქნა მიჩნეული გ. ც-ის სარჩელის გამო ქ.ქობულეთში, ...ის გამზირის №204-ში მდებარე, ჯ. რ-ის საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული საამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მსვლელობის იძულებითი შეჩერებით რკინისა და ხის კონსტრუქციების დაზიანების ფაქტი, რომლის ოდენობამაც შეადგინა 6000 აშშ დოლარი. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და განმარტა, რომ დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ: 1) სახეზეა ზიანი, 2) ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ან უმოქმედობით, 3) მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და 4) ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. იმის გათვალისწინებით, რომ ქ.ქობულეთში, ...ის გამზირის №204-ში მდებარე ჯ. რ-ის საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული საამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მსვლელობა იძულებით შეჩერდა გ. ც-ის მიერ სარჩელის წარდგენით, ხოლო მშენებლობის შეჩერებამ გამოიწვია რკინისა და ხის კონსტრუქციების დაზიანება, სასამართლომ ჩათვალა, არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც საფუძვლიანს ხდიდა 6000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ გ. ც-ის მიერ სარჩელის წარდგენით ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებით გამოწვეული ზიანი არ შეიძლება გ.ც-ის ბრალეული მოქმედების შედეგად შეირაცხოს. სასამართლოს განმარტებით, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით ყველა პირი უზრუნველყოფილია მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების დასაცავად, მაგრამ იმავდროულად ვალდებულია, გამოიჩინოს გონივრული წინდახედულობა და გააანალიზოს მისი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგები. თუკი მხარის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლების განხორციელება გამოიწვევს მატერიალური ნორმით გათვალისწინებულ ზიანს, ის მხარე, რომელმაც არ გამოიჩინა გონივრული წინდახედულობა, ვალდებული იქნება, აანაზღაუროს მისი გაუფრთხილებელი მოქმედებით მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი. აპელანტის მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. სასამართლოს განამრტებით, მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2007 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით გადაეცა მიზნობრივი სესხი მშენებლობის წარმოებისათვის, მაგრამ ხელშეკრულებით არ ირკვევა და არც მოსარჩელეს წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ სესხი განკუთვნილი იყო კონკრეტულად ქ.ქობულეთში, ...ის №204-ში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის აშენებისთვის და არა ჯ. რ-ის მიერ, რომელიმე სხვა ადგილას, სხვა სახის მშენებლობისთვის, როგორც ამას მოპასუხე მიუთითებდა. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ასევე ქ.ქობულეთში, ...ის №204-ში განხორციელებული მშენებლობისათვის სესხის სახით აღებული თანხის გახარჯვის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რის გამოც არ იქნა გაზიარებული მოსაზრება, რომ თანხა გახარჯული იყო 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შეჩერებულ მშენებლობაზე, რაც გამორიცხავს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ზიანის, მოპასუხეთა მიერ ანაზღაურების ვალდებულებას. სასამართლოს მითითებით, საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 230000 აშშ დოლარი ჯ. რ-ემ მიიღო 2007 წლის 18 დეკემბერს, ხოლო სასამართლოს განჩინებით მშენებლობა შეჩერებულ იქნა 2007 წლის 21 დეკემბერს, ანუ სამი დღის შემდეგ, რაც ჯ.რ-ეს აძლევდა შესაძლებლობას, ბანკისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა სადავო საკითხის გადაწყვეტამდე და თავიდან აეცილებინა ზიანი. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ შპს „დ.-აუდიტის“ 2009 წლის 8 მაისის დასკვნა წარმოადგენდა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ ზიანში გ.ც-ის ბრალეულობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას, რადგანაც, სასამართლოს განმარტებით, მითითებული დასკვნა შეიცავს მხოლოდ დაანგარიშებას ბანკის წინაშე ჯ.რ-ის მიერ გადახდილი თანხის ოდენობაზე და სხვა მსჯელობა, მათ შორის გ.ც-ის მოქმედებასა და ბანკის მიმართ ჯ.რ-ის ზიანის წარმოშობის მიზეზობრივ კავშირზე მასში საუბარი არ არის. პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1447-ე მუხლების შესაბამისად, განმარტა, რომ გ. ც-ის გარდაცვალების შემდეგ, ქ.ქობულეთში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე გ.ც-ის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ მოპასუხეები: მეუღლე - ნ. ნ-ე და შვილები: მ. და ბ. ც-ეები, ამასთან მ. და ბ. ც-ეებს სამკვიდროზე უარის თქმის განცხადებით სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავთ, რაც ადასტურებს, რომ მ. და ბ. ც-ეებმა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მამის - გ. ც-ის სამკვიდრო, ამასთან, მართალია, სამკვიდრო მოწმობა მთელ სამკვიდრო ქონებაზე გაცემულ იქნა მხოლოდ მეუღლის სახელზე, მაგრამ აღნიშნული არ ცვლის იმ გარემოებას, რომ მასთან ერთად მ. და ბ. ც-ეებიც წარმოადგენენ გ. ც-ის სამკვიდროს მიმღებ პირებს. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან, გ. ც-ის მოქმედებით ჯ. რ-ეს მიადგა 6000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი, მისი გარდაცვალების შემდეგ ამ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირებს წარმოადგენენ მისი მემკვიდრეები, შესაბამისად, სარჩელი ნ. ნ-ის მ. და ბ. ც-ეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე წარმოადგენდა საფუძვლიანს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ნ-ემ, მ. და ბ. ც-ეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. გ-ის სარჩელი შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთავარ უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. ც-ის გარდაცვალების დროისათვის, სამკვიდროს პასივში არ ყოფილა ვალდებულება ჯ. რ-ის ოჯახის მიმართ, ხოლო მომავალში გათვლილ სურვილებსა და პრეტენზიებს უკუძალა ვერ მიენიჭება, შესაბამისად, სადავო საკითხთან მიმართებაში მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ვალდებულების მემკვიდრეებისათვის დაკისრება არასწორია, ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ხოლო მისი იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უსაფუძვლობას ადასტურებს ის გარემოება, რომ გ.ც-ემ სადავო უფლების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაცვის გზა აირჩია, რაც კონსტიტუციური უფლებაა და ეს ქმედება ბრაეულად არ შეიძლება იქნას მიჩნეული. არასწორია სასამართლოს დასკვნა მშენებლობის შეჩერების გამო რკინისა და ხის კონსტრუქციების დაზიანებისა და 6000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების თაობაზე, რადგანაც საქმეში ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, აუდიტის დასკვნა, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, ბუნდოვანია, ხოლო ჯ.რ-ეს მშენებლობისას კანონით დადგენილი პროცედურები და ბუღალტრული აღრიცხვა არ უწარმოებია. გ. ც-ეს სარჩელის აღძვრისას არ მოუთხოვია მშენებლობის შეჩერება, აღნიშნული განაპირობა სახელმწიფოს მიერ მიღებულმა კანონმა, ხოლო სასამართლომ საქმის განხილვისას განიხილა აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმების საკითხი და მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონლად მიიჩნია, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის უდავო გარემოება, რომ საქმე არასათანადო მოპასუხეების - მ. და ბ. ც-ეების მიმართ იქნა განხილული, რადგანაც დადგენილია, რომ გ.ც-ის გარდაცვალების შემდეგ, მთელ მის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მხოლოდ მეუღლის - ნ. ნ-ის სახელზეა გაცემული და სამკვიდრო ქონებასთან შვილებს რაიმე შეხება არ ჰქონიათ, მ. ც-ემ ქონება მიიღო არა როგორც მემკვიდრემ, არამედ მემკვიდრე ნ. ნ-ისაგან ჩუქების გზით, სააპელაციო პალატამ კი დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - სამკვიდროს მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინებით ნ. ნ-ის, მ. და ბ. ც-ეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ნ-ის, მ. და ბ. ც-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ნ-ის, მ. და ბ. ც-ეების საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს: ნ. ნ-ეს, მ. და ბ. ც-ეებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით თ. გ-ის მიერ 2012 წლის 29 მარტს №3 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 495,72 ლარის 70% – 347,004 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ნ-ის, მ. და ბ. ც-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: ნ. ნ-ეს (პირადი №...მ. ც-ესა (პირადი №...) და ბ. ც-ეს (პირადი №61004017736) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით თ. გ-ის მიერ 2012 წლის 29 მარტს №3 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 495,72 ლარის 70% – 347,004 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.