Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-445-422-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. რ-ის“ მიმართ სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ და მოითხოვა შპს „ს. რ-ას“ გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროს აღნიშნულისათვის თვეში 790 ლარის გადახდა, საყოფაცხოვრებო მომვლელისათვის – 600 ლარისა და ადვოკატის ხარჯის – 1 000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურებისათვის ყოველთვიურად 790 ლარის გადახდა 2011 წლის 3 აგვისტოდან, მოპასუხეს დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 1000 ლარის ანაზღაურება, გ. ჩ-ის სარჩელი შპს „ს. რ-ის“ მიმართ საყოფაცხოვრებო მომვლელის მომსახურებისათვის 600 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმის ნაწილში – გ. ჩ-ემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა გ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს. რ-ას“ გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საყოფაცხოვრებო მომვლელის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯის 2011 წლის 24 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 600 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 864 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1990 წლის 14 დეკემბერს გ. ჩ-ემ შპს „ს. რ-ასთან“ არსებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ტრავმა, გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი უვადოდ, რომელსაც გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ინვალიდის ეტლით. საექიმო დასკვნის საფუძველზე დადგინდა შპს „ს. რ-ის“ ვალდებულება გ. ჩ-ისათვის შემდეგი ხარჯების ანაზღაურების თაობაზე: სპეციალური სამედიცინო მომვლელის ხარჯი, წამლების შესაძენი ხარჯები, თეთრეულის ხარჯები, სანატორიული-კურორტის ხარჯები, სამკურნალო მასაჟი, ტრანსპორტის ხარჯები, დამატებითი კვების ხარჯები.

სარჩელის წარდგენის დროისთვის (2011 წლის 3 აგვისტო) გ. ჩ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. იგი წარმოადგენს პირველი ჯგუფის ინვალიდს უვადოდ და გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ეტლის მეშვეობით.

2011 წლის 13 ივლისსა და 2011 წლის 21 ოქტომბერს ლია თვალაძესთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, გ. ჩ-ეს, სამედიცინო მომვლელის მომსახურების მიღების მიზნით, ეკისრება ყოველთვიური ხარჯი 790 ლარის ოდენობით. სამედიცინო მომვლელის ყოველთვიური ხარჯის ოდენობა დასაბუთებულია „თერაპიის სახლის“ მიერ 2011 წლის 7 ივლისს გაცემული კალკულაციით.

პალატამ მიიჩნია, რომ გ. ჩ-ის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს სამედიცინო მომვლელის ხარჯის ამსახველ მტკიცებულებებს და არ უნდა იქნეს გაზიარებული აპელანტ შპს „ს. რ-ის“ მითითება, რომლის მიხედვით ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელია უფრო დაბალ ფასად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, შპს „ს. რ-ა“ შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი მითითებით, რომ გ. ჩ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასწორად ასახავს სამედიცინო მომვლელის მომსახურების მიღებისათვის საჭირო ხარჯს. ასეთი მითითების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისი გარემოების სადავოობის პირობებში კი მხოლოდ მხარის სიტყვიერი განმარტება მისი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

პალატამ არ გაიზიარა შპს „ს. რ-ის“ მოსაზრება, რომლის მიხედვით, იგი უხდის გ. ჩ-ეს ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სამედიცინო მომვლელის ხარჯს, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული 790 ლარი წარმოადგენს ზედმეტად გაანგარიშებულ თანხას. შესაბამისი ვალდებულების განმსაზღვრელი 1998 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება კონკრეტულად არ განსაზღვრავს სამედიცინო მომვლელის ხარჯს, არამედ შპს „ს. რ-ა“ გადახდას ახორციელებს შეთანხმებული ოდენობით. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ხარჯის ოდენობა წარმოადგენს მხოლოდ უკვე არსებული ვალდებულების მოცულობის განსაზღვრას.

საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2009 წლის 20 იანვრისა და 2010 წლის 27 იანვრის №192 ცნობებით დადგენილია, რომ გ. ჩ-ე საჭიროებს მუდმივ საყოფაცხოვრებო მომვლელს, ასევე სპეციალურ სამედიცინო მომვლელს (ექთანი).

ლია თვალაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მომვლელი ვალდებულია, კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულოს კალკულაციით წარმოდგენილი მასზე დაკისრებული მოვალეობა. მოსავლელი ვალდებულია, არ მოსთხოვოს მომვლელს იმ სამუშაოს შესრულება, რაც წინასწარი შეთანხმებული კალკულაციით არ არის გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნული ჯანმრთელობის ცნობებისა და მიმწოდებლის „თერაპიის სახლის“ მიერ გაცემული კალკულაციის საფუძველზე დადგენილია სპეციალური სამედიცინო მომვლელის მიერ მოსავლელისათვის გასაწევი მომსახურება: ჰიგიენური მოვლა – ყოველდღე სხეულის დაბანა, კანის მოვლა, ჩაცმაში დახმარება, საწოლის მოწესრიგება, საკვების მიღებაში დახმარება, საწოლიდან ეტლში გადაჯდომაში დახმარება, სამედიცინო მოვლა – ყოველდღე სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი, ინექცია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია და გამორეცხვა კვირაში ერთხელ, ფეხების სამკურნალო აბაზანა კვირაში ორჯერ, პროფილაქტიკური ღონისძიებები (ნაწოლის, კონტრაქტურის, თრომბოზის, სოკოვანი დაავადებები).

სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ჩ-ეს საყოფაცხოვრებო მომვლელის მომსახურების მიღების მიზნით 2011 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ეკისრება ყოველთვიური ხარჯი 600 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მიხედვით, დადგენილია დასაქმებულის მოვალეობები: სახლის დალაგება, საჭიროების შემთხვევაში გენერალური დალაგება, გარეცხვა, დაუთოვება, სადილის მომზადება, პაციენტის გასეირნება, რისი გრაფიკია ყოველ დღე 13:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურება მოიცავს საყოფაცხოვრებო მომსახურებასაც.

პალატამ ჩათვალა, რომ გ. ჩ-ეს არ შეუძლია ინვალიდის ეტლის გარეშე გადაადგილება, ცხოვრობს მარტო და სამედიცინო მომვლელის მომსახურება არ მოიცავს საყოფაცხოვრებო მომსახურებასაც, მისთვის საყოფაცხოვრებო მომვლელის მომსახურების მიღება უნდა იქნეს მიჩნეული სასიცოცხლოდ აუცილებლად.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების თანახმად, საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი რეგულირდება ამ წესით, შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული დადგენილებით ახლებურად მოწესრიგდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული პირისთვის ზიანის ანაზღაურების წესი, რომლის მიხედვით სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსით 992-ე და 408-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჩ-ე უფლებამოსილია, მიიღოს ზიანის ანაზღაურება იმ ხარჯების ანაზღაურების სახით, რაც განპირობებულია შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმით. როგორც დადგინდა, გ. ჩ-ე, არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებს როგორც სპეციალურ სამედიცინო მომვლელის მომსახურებას, ასევე საყოფაცხოვრებო მომვლელს. ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, შპს „ს. რ-ა“ ვალდებულია, აანაზღაუროს შესაბამისი ხარჯები ყოველთვიურად 790 ლარისა და 600 ლარის ოდენობით.

დაკისრებული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტული საკითხი რეგულირდება საგადასახადო კოდექსით და სამოქალაქო საქმეთა პალატა არ არის უფლებამოსილი, განსაზღვროს დაკისრებული თანხა ექვემდებარება თუ არა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მიღებულია საპროცესო კანონის უხეში დარღვევით. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლს.

სასამართლომ იხელმძღვანელი სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 448-ე მუხლებით, რომელიც ადგენს საწარმოო ტრამვის შედეგად ზიანის ანაზღაურებას ყოველთვიური სარჩოს გადახდით, მაშინ როდესაც, მოსარჩელე ითხოვდა არა სარჩოს გადახდას, არამედ სპეციალური სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. 2011 წლის განმავლობაში მას სარჩოს სახით მიღებული აქვს 5 049 ლარი, სხვა დანამატის სახით კი – 17 454 ლარი, რასაც თავად მოსარჩელე არ უარყოფს.

სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით სრულად დააკამაყოფილა გ. ჩ-ის სარჩელი და სამედიცინო მომვლელის ხარჯებთან ერთად კასატორს დააკისრა საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯების ანაზღაურებაც, რაც არასწორია, რადგან სპეციალური სამედიცინო მომვლელის მოვალეობებში შედის საყოფაცხოვრებო მომსახურებაც.

სააპელაციო სასამართლომ საყოფაცხოვრებო მომვლელის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ერთადერთ საფუძვლად მიუთითა, რომ გ. ჩ-ე ცხოვრობს მარტო, რაც არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. როგორც გ.ჩ-ემ განმარტა, მას გარდაეცვალა დედა, განქორწინდა მეუღლესთან და მისი შვილებიც არ ცხოვრობენ მამასთან. მოსარჩელეს აღნიშნული გარემოებების არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, დარღვეულია სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორი სადავოდ ხდის გ. ჩ-ის მარტო ცხოვრების ფაქტს.

სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი სპეციალური სამედიცინო მომსახურების ხარჯის სახით დამატებით 590 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. თავად მოსარჩელე აღიარებს, რომ ქ. თბილისის დიდუბის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე კასატორი მას სამედიცინო მომვლელის ხარჯების ასანაზღაურებლად უხდის 200 ლარს და მას ამ თანხის გასაზრდელად საკმარისი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შესაძლებელია სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების უფრო იაფად მიღება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იწვევს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრებას და ზიანის მიმყენებელი შპს „ს. რ-ა“ უსამართლოდ ზარალდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 4 აპრილს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს „ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 4 აპრილს №163 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.