Facebook Twitter

№ას-446-423-2012 31 მაისი , 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან თბილისში, ჩ-ის ქუჩა N2-ში მდებარე, თავისი კუთვნილი ბინის გამოთხოვა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 10 000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის მიხედვით, 1998 წლის 13 ოქტომბერს თ. მ-ემ თ. გ-ეს დროებით გადასცა უძრავი ქონება, ხოლო შემდგომში, მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხემ ბინა არ დაუბრუნა. თ. გ-ე 1999 წლიდან უკანონოდ ფლობს ბინას, გაქირავებული აქვს 150 ლარად და მიღებულ ქირას არ აძლევს მოსარჩელეს.

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე თ. გ-ის გამოუცხადებლობის გამო თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. გ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თ. მ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისი, ჩ-ის ქ. №2-ში მდებარე უძრავი ქონება, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 10000 ლარი, მასვე დაეკისრა თ. მ-ის მიერ სამართლებრივი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 1000 ლარი, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახწლმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 420 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ის საჩივარი ამავე სასმართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომ,ბრის განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თ. გ-ე გაფრთხილებული იყო 2011 წლის 01 სექტემბერს 13:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2011 წლის 01 სექტემბრის სხდომის თაობაზე უწყება ჩაბარდა თ. გ-ის წარმომადგენელს - ლამარა ბზიშვილს სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 22 ივლისს, რაც დასტურდება სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტით (ტომი 1-ლი, ს.ფ. 120).

თ. გ-ის მიერ 2011 წლის 17 ივნისს გაცემული რწმუნებულების შესაბამისად, ლამარა ბზიშვილს მიენიჭა უფლებამოსილება, 2011 წლის 17 დეკემბრამდე წარმოედგინა თ. გ-ე ყველა ინსტანციის სასამართლოში და მარწმუნებლის სახელით შეესრულებინა ყველა საპროცესო მოქმედება (ტომი 1-ლი, ს.ფ. 107).

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. გ-ის წარმომადგენელ ლამარა ბზიშვილს უწყება ჩაბარდა სსსკ–ის 70-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც ცხადყოფდა, რომ ამ უკანასკნელისათვის უწყების ჩაბარების დროიდან უწყება ჩაბარებულად ითვლებოდა ასევე თ. გ-ისათვის, თანახმად 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

აპელანტის მითითება მასზე, რომ მისთვის უწყება ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ლამარა ბზიშვილთან არსებული ურთიერთობა საადვოკატო მომსახურების შესახებ შეწყდა 2011 წლის 15 ივლისიდან, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლამარა ბზიშვილისათვის სასამართლოს მიერ 2011 წლის 22 ივლისს უწყების შინაარსის გადაცემისას მას სასამართლოსათვის არ განუმარტავს, რომ მარწმუნებელთან შეწყვეტილი ჰქონდა ხელშეკრულება. თუმცა, პალატის განმარტებით, წარმომადგენლობის რეალურად შეწყვეტის შემთხვევაშიც, ასეთი გარემოება ვერ გახდებოდა სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედების სამართლებრივი შედეგების გაქარწყლების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოსათვის არც მხარეს და არც მის წარმომადგენელს შესაბამისი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე, მე-100 მუხლების შესაბამისად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების თაობაზე შეტყობინებასთან დაკავშირებული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, პრეტენზია წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაზე დაუსაბუთებელი იყო და ვერ იქნებოდა გაზიარებული.

სააპელაციო პალატის მითითებით, 2011 წლის 01 სექტემბრის სხდომაზე თ. გ-ისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი საქმის მასალებიდან არ დასტურდებოდა, ასევე არ დასტურდებოდა გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობის განმაპირობებელი გარემოებების არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თ. გ-ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისას არ წარუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული, პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ საერთოდ არ ყოფილა განხორციელებული მტკიცება, თუ რა წარმოადგენდა პროცესზე გამოუცხადებლობის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის განმაპირობებელ გარემოებას. ასეთად კი, პალატის მოსაზრებით, ვერ მიიჩნეოდა სხდომის თარიღის არცოდნა, ვინაიდან წარმომადგენლის ვალდებულების შეუსრულებლობა, ეცნობებინა მარწმუნებლისათვის უწყების თაობაზე, ვერ გახდებოდა სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ არ ყოფილა დადასტურებული მითითებული ნორმების შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობა, რაც ცხადყოფდა, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართლზომიერად იქნა დატოვებული ძალაში 2011 წლის 01 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ, მოითხოვა როგორც მისი გაუქმება, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად იმ მოტივით, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო გარემოების დამდგენ მტკიცებულებად და, შესაბამისად, არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (700 ლარი) 70% – 490 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ თ. გ-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეთ(სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ს. გ-ის მიერ №1 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 6 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 700 ლარის 70% – 490 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.