Facebook Twitter

№ას-452-428-2012 31 მაისი , 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ზ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ზ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული 3840 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის – 6336 ლარის დაკისრება სემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის შედგა ზეპირი გარიგება სესხის დაკისრების სესახებ, რომლის თანახმადაც, ნ. გ-მა მოპასუხეს ასესხა 3840 აშშ დოლარი. ვინაიდან ზ. ზ-ი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

ზ. ზ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელისაგან სესხი არ აუღია. 2011 წლის 5 მარტს მოსარჩელემ 3000 აშშ დოლარი ასესხა არა მას, არამედ მათ საერთო ნაცნობ ს. ო-ს 7%-იანი სარგებლით, რომელიც თავად მოპასუხემ გადასცა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის გადაწუყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. გ-ის მიერ გაცემული სესხი არ ყოფილა წერილობითი ფორმით გაფორმებული.

მოსარჩელე ნ. გ-მა მოპასუხე ზ. ზ-ს 2011 წლის 5 მარტს გადასცა 3000 აშშ დოლარი.

სანოტარო წესით დამოწმებული ს. ო-ის ხელწერილით დასტურდება, რომ 2011 წლის 5 მარტს ნ. გ-ისგან ისესხა 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 7%-იანი სარგებლით. აღნიშნული თანხა მას გადასცა ზ. ზ-მა. ნ. გ-თან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ს. ო-ი კისრულობდა ვალდებულებას დაეფარა ვალი ძირითადი თანხის 3000 აშშ დოლარის ოდენობით 2012 წლის 1 სექტემბრამდე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მან ფული ასესხა არა ს. ო-ის, არამედ – მოპასუხე ზ. ზ-ს. აღნიშნულთა მიმართებაში, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. მხოლოდ მისი განმარტება კი, არ იყო საკმარისი მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზირა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა ზ. ზ-ის მიერ ნ. გ-თან სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. პალატის მითითებით, საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მოსარჩელე ნ. გ-სა და საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ს. ო-ს შორის, მოპასუხე ზ. ზ-მა კი, გარიგების მხარეთა მიერ შეთანხმებული თანხა გადასცა მსესხებელს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 624-ე და 50-ე მუხლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-ის მოთხოვნა ზ. ზ-ისათვის სესხის დაბრუნების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასმართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, თითქოსდა მოპასუხე შუამავლი იყო მას და ს. ო-ს შორის, არ გაითვალისწინა მის მიერ მითითებული მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლო მოწმის სახით დაკისთხულ ს. ო-ის ცრუ ჩვენებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. გ-ი, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟჲს გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.