Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-456-432-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე, ქ. ლ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ემ სარჩელი აღძრა მ. გ-ისა და ქ. ლ-ის მიმართ და მოითხოვა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხ-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარება.

მოპასუხე ქ. ლ-მა სარჩელი არ ცნო, ხოლო მ. გ-ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკამაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით განმარტა შემდეგი:

გ. გ-ე არის ა. გ-ისა და მოპასუხე მ. გ-ის შვილი.

1953 წლიდან მ. გ-ე და ა. გ-ე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. 1998 წლის 8 დეკემბერს ა. გ-ე გარდაიცვალა.

მ. გ-ესა და ა. გ-ეს განცხადებით სანოტარო ორგანოსათვის 1998 წლის 8 დეკემბერს გარდაცვლილი ა. გ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე არ მიუმართავთ.

სადავო არა არის, რომ ა. გ-ის გარდაცვალების შემდეგ 2011 წლის მარტამდე მ. გ-ე და გ. გ-ე ფლობდნენ და სარგებლობდნენ კასპის რაიონის სოფელ ზემო ხ-ში მდებარე უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით №....

2009 წლის 21 ივლისს აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა საჯარო რეესტრში მ. გ-ის სახელზე. საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 1996 წლის 16 აპრილის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №282.

2009 წლის 16 სექტემბერს მ. გ-ემ გასცა მინდობილობა თავისი შვილის – ს. გ-ის სახელზე, რომლითაც ამ უკანასკნელს გადასცა №... საკადასტრო კოდით კასპის რაიონის სოფელ ზემო ხ-ში მდებარე კუთვნილი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლება. მინდობილობის ვადა განისაზღვრა ათი წლით.

2009 წლის 16 სექტემბერს ქ. ლ-სა და ს. გ-ეს, როგორც მ. გ-ის წარმომადგენელს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ს. გ-ეს, როგორც მ. გ-ის წარმომადგენელს გადაეცა 6 000 აშშ დოლარი 2009 წლის 16 დეკემბერს და ყოველთვიური 8% სარგებლის გადახდის პირობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა №... საკადასტრო კოდით კასპის რაიონის სოფელ ზემო ხ-ში მდებარე უძრავი ქონება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით №2ბ/1416-10 სამოქალაქო საქმეზე დამტკიცდა მორიგება ქ. ლ-სა და მ. გ-ეს შორის, რომლითაც მ. გ-ემ იკისრა ვალდებულება, ქ. ლ-ისათვის გადაეხადა თანხა 2009 წლის 16 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულების მიზნით. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება მ. გ-ის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა. 2010 წლის 14 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს მიერ №2ბ/1416-10 განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის №2ბ/1416-10 საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ. 2010 წლის 28 დეკემბერს ამ უკანასკნელმა მიიღო განკარგულება მ. გ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ქონების კრედიტორ ქ. ლ-ისათვის ნატურით გადაცემის შესახებ.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 28 დეკემბრის ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ №06/06-05/10/01-127 განკარგულების საფუძველზე კასპის რაიონის სოფელ ზემო ხ-ში მდებარე უძრავი ქონება, №... საკადასტრო კოდით 2011 წლის 4 იანვარს საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. ლ-ის სახელზე საკუთრების უფლებით. ქ. ლ-ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს ამჟამადაც.

სააღსრულებო ბიუროს მიერ ქ. ლ-ის სახელზე გაცემული განკარგულება სადავოდ არ გამხდარა, არ გაუქმებულა და ძალაშია, ქონება კვლავაც ქ. ლ-ის სახელზე ირიცხება.

მხარეთა ახსნა განმარტების შესაბამისად, ქ. ლ-ის განცხადების საფუძველზე 2011 წლის მარტში გ. გ-ისა და მ. გ-ის მფლობელობიდან იძულების წესით გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და ქ. ლ-ს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

მოსარჩელე გ. გ-ე ამჟამად ითხოვს ამ ქონების თანამესაკუთრედ ცნობას იმ საფუძვლით, რომ ქონება წარმოადგენდა მისი და ქონების წინა მესაკუთრის – მ. გ-ის თანასაკუთრებას. მოსარჩელე ითხოვს ქონების თანამესაკუთრედ ცნობას ისე, რომ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ამჟამინდელი საფუძველი გაუქმებული არ არის. ქეთევალ ლ-ის საკუთრების უფლება იყო აღრიცხული ქონებაზე გ. გ-ის სარჩელის აღძვრის მომენტშიც.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ იმ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს მას, როგორც ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიმღებ პირველი რიგის მემკვიდრეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ გააჩნდა, სარჩელის დაკმაყოფილების წანამძღვრები არ არსებობს. სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავ ქონებაზე ქ. ლ-ის საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლის ნამდვილობა იმთავითვე გამორიცხავს გ. გ-ის მიერ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებას.

პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით, მე-8 მუხლით და გაეთვალისწინებინა, რომ კომლის უფროსი ა. გ-ე გარადიცვალა 1998 წელს და კომლში ცხოვრებას აგრძელებდნენ მ. და გ. გ-ეები. საჯარო რეესტრში ბინის მესაკუთრედ დარეგისტრირდა მხოლოდ მ. გ-ე, რაც არასწორია. გარდა ამისა, არ არსებობდა სამკვიდრო მოწმობა. ბინის თანამესაკუთრეებად უნდა დარეგისტრირებულიყვნენ მ. და გ. გ-ეები.

მ. გ-ემ 1996 წლის 16 აპრილს გაცემული №282 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტრირა ოჯახის ქონება პირად საკუთრებაში. აღნიშნულ შემთხვევაში მიჩნეულია, რომ მ. გ-ის სახელზე ამ ქონების აღრიცხვა განხორციელდა კანონიერად, რადგან მიღება-ჩაბარების აქტი მის სახელზეა გაფორმებული.

2009 წელს სწოედ აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტზე და არა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დაყრდნობით დარეგისტრირდა მ. გ-ე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ. საჯარო რეესტრში ამ აქტის საფუძველზე უნდა აღრიცხულიყო ის მიწის ნაკვეთი, რომელიც დამატებით გამოეყო მ. გ-ეს და არა მამა-პაპისეული საცხოვრებელი დახლი, რომელიც ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული გ. გ-ეს, როგორც მემკვიდრესა და როგორც კომლის წევრს.

სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1454-ე და 1470-ე, 1481-ე და 1323-ე მუხლები.

სადავო კომლში მამის დაღუპვის შემდეგ ცხოვრებას აგრძელებდნენ მ. და გ. გ-ეები ეს ქონება საჯარო რეესტრში უნდა აღრიცხულიყო მათ თანასაკუთრებად, რის შემდეგაც მ. გ-ე გ. გ-ის თანხმობის გარეშე ვერ გაასხვისებდა მამა-პაპისეულ საცხოვრებელ სახლს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.