Facebook Twitter

№ას-462-438-2012 31 მაისი , 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ა. მ-ი, ი. ჩ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – 1. ე. ხ-ი,

2. ლ. ქ-ი,

3. გ. მ-ი,

4. ა. მ-ა,

5. ს. მ-ა,

6. რ. მ-ი,

7. მ. მ-ა,

8. მ. ჯ-ა,

9. ს. ჯ-ა,

10. სს. ჯ-ი

11.ე. ხ-ი,

12. ა. ხ-ი

13. ო. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მათი სარჩელის დკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა (ძირითად სარჩელში); უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტიელბით მოსარჩელეების ე. ხ-ის, ლ. ქ-ის, ო. ჯ-ის, გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. მ-ისა და ი. ჩ-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ე. ხ-ს მესაკუთრეებისათვის – ა. მ-ისა და ი. ჩ-ასათვის მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის მდებარე, ქ. თბილისი, კ-ის შესახვ. 9 (9ა) ღირებულების 47 560 ლარის 25%-ის თანხის 9693 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საიდანაც 8237 ლარი არის 40,78 კვ.მ. ფართის ღირებულება, ხოლო 1456 ლარი არის 1991 წელს შინაურული ხელწერილით შეძენილი 18 კვ.მ. ფართის ღირებულების 10%, სულ 58, 72 კვ.მ. გადაეცა საკუთრებაში; ლ. ქ-ს მესაკუთრეებისათვის ა. მ-ისა და ი. ჩ-ასათვის მის სარგებლობაში არსებული 28,72 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მდებარე ქ. თბილისი, კ-ის შესახვ. 9 (9ა) ღირებულების 22 900 ლარის 25%-ის თანხის 5725 ლარის გადახდის სანაცვლოდ გადაეცა საკუთრებაში; ო. ჯ-ს მესაკუთრეებისათვის ა. მ-ისა და ი. ჩ-ასათვის მის სარგებლობაში არსებული 32,86 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მდებარე ქ. თბილისი, კ-ის შესახვ. 9 (9ა) ღირებულების 26 600 ლარის 25%-ის თანხის 6650 ლარის გადახდის სანაცვლოდ გადაეცა საკუთრებაში; გ. მ-ს მესაკუთრეებისათვის ა. მ-ისა და ი. ჩ-ასათვის მის სარგებლობაში არსებული 33,79 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მდებარე ქ. თბილისი, კ-ის შესახვ.9 (9ა) ღირებულების 27 400 ლარის 25%-ის თანხის 6850 ლარის გადახდის სანაცვლოდ გადაეცა საკუთრებაში.

საქ ალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მა და ი. ჩ-ამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით ა. მ-ისა და ი. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისში, კ-ის შესახვევი #9ა (#9)-ში მდებარე სახლთმფლობელობა საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ხაჩიკ ა-ს, შემდეგ მემკვიდრეობით დაეუფლა კ. ა-ი

27.10.2010 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. თბილისში, კ-ის შესახვევი #9ა (#9)-ში მდებარე სახლთმფლობელობის 63/64 ნაწილის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში აღირიცხნენ კ. ა-ის შვილები ა. მ-ი და ი. ჩ-ა (ტ.I, ს.ფ. 54-72).

სს. ”თ-ის” მიერ გაცემული ცნობებით დადასტურდა, რომ რ. ხ-ა (ე. ხ-ის დედა), ლ. ქ-ი, ო. ჯ-ი და ს. მ-ი (გ. მ-ის დედა) სს „თ-ი“-ს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირდებიან აბონენტებად 1996 წლიდან. საქმეში ასევე წარმოდგენილია მოსარჩელეთა მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ასლები.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათებით და საბინაო წიგნის ჩანაწერების თანახმად, ძირითადი სარჩელის მოსარჩელეები, მათი მშობლები, მუდმივად იყვნენ ჩაწერილები და ოჯახებით ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სადგომში;

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 25.01.2011წ. დასკვნის თანახმად, ქ. თბილისი კ-ის შესახ. #9ა-ში (კ-ის შესახ. #9) მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ლ. ქ-ს უკავია საცხოვრებელი და დამხმარე სათავსოები ფართით 28.27 კვ.მ., მ. ჯ-ას - 32.86. კვ.მ, ე. ხ-ს - 58.72 კვ.მ, გ. მ-ს - 33,79 კვ.მ;

ქ. თბილისი კ-ის შესახ. #9ა-ში (კ-ის შესახ. #9) მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ლ. ქ-ს მიერ დაკავებული 28.27 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება 2011 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 22 900 ლარს;

ქ. თბილისი კ-ის შესახ. #9ა-ში (კ-ის შესახ. #9) მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მ. ჯ-ის მიერ დაკავებული 32.86 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება 2011 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 26 600 ლარს;

ქ. თბილისი კ-ის შესახ. #9ა-ში (კ-ის შესახ. #9) მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ე. ხ-ის მიერ დაკავებული 58.72 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება 2011 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 47 560 ლარს;

ქ. თბილისი კ-ის შესახ. #9ა-ში (კ-ის შესახ. #9) მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გ. მ-ის მიერ დაკავებული 33,79 კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება 2011 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 27 400 ლარს;

მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა თითოეული მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება, მოპასუხეები (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები) ერთმნიშვნელოვნად ითხოვდნენ შეგებებული სარჩელით მოპასუხეების გამოსახლებას.

ქ. თბილისი, კ-ის შესახვევი #9ა (#9) მდებარე სახლთმფლობელობის 1/64 ნაწილი 14.07.1989წ. ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ტრისტან გურგენიძის სახელზე;

მოწმე ტრისტან გურგენიძემ სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ როდესაც ბინა იყიდა მესაკუთრისგან 1989 წელში, ე. ხ-ი, ლ. ქ-ი, ო. ჯ-ი და გ. მ-ი თავიანთი ოჯახებით ცხოვრობდნენ პირველ სართულზე;

საქმეში წარმოდგენილი ა. მ-ის მიერ ე.ხ-ის მამისთვის მიცემული ხელწერილით დადგინდა, რომ ა. მ-მა 10 000 რუბლის გადახდის სანაცვლოდ დაუთმო ერთი ოთახი ა. ხ-ს (ტ.II, ს.ფ. 137,138).

სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ძირითადი სარჩელის მოსარჩელეები იყვნენ დამქირავებლები და არა მოსარგებლეები, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, სამოქალაქო საპროცესო კოდექისს 102-ერ მუხლის მოტხოვნათა გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა მასზე, რომ ძირითადი სარჩელის მოსარჩელეები წარმოადგენდნენ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზე, რომ სადგომის მესაკუთრეებს უარი არ უთქვამთ კომპენსაციის ანაზღაურებაზე, ვინაიდან აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ა. მ-მა და ი. ჩ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე შეგებებული სარჩელით, რაც შეეხება საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების შესაბამისი პროცენტის მათ მიერ გადახდას, აღნიშნულზე სადგომის მესაკუთრეებს ნება სათანადო წესით არ გამოუხატავთ. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოსარჩელეების კანონით დადგენილი მოსარგებლეობა საცხოვრებელ სადგომზე. მოპასუხეები მათ მიერ შემოტანილი შეგებებული სარჩელით, რომლითაც ითხოვდნენ უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ უარს აცხადებდნენ მოსარჩელეების მოსარგებლეობაზე და ამავე დროს კომპენსაციის გადახდაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ძირითადი სარჩელი და მართებულად ცნო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებელეები სადგომის საბაზრო ღირებულების შესაბამისი პროცენტის გადახდის სანაცვლოდ მის მესაკუთრეებად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, კერძოდ, არ დასტურდებოდა მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ნივთის არამართლზომიერი ფლობა. მოპასუხეებს გააჩნდათ სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მა და ი. ჩ-ამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტორბივი გარემოებები, არ განიხილა, არ გამოიკვლია და არ შეაფასა მათ მიერ მითითებული საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწუყვეტილების მიღება. კასატორთა მითითებით, სასამართლომ მათ მიერ დაკითხული მოწმეების ჩვენებები არ ასახა თავის გადაწყვეტილებაში, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩცელეები წარმოადგენდნენ მოქირავნეებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით ა. მ-ისა და ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ისა და ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. მ-ისა და ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხ.ზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა), როდესაც შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორების მოთხოვნას წარმოადგენდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივარზე, მითითებული მუხლის მიხედვით, უნდა განისაზღვრულიყო 4000 ლარის 5%-ით, რაც შესაბამისად შეადგენს 200 ლარს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვრულიყო 300 ლარით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო 300 ლარის 70% არის 210 ლარი, კასატორებს კი, გადახდილი აქვთ მხოლოდ 100 ლარი, შესაბამისად, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარი) 10 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ისა და ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: ა. მ-სა (პირადი №...) და ი. ჩ-ას (პირადი №4507981766) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეთ(სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით თამაზ ხაჩიძის მიერ №5 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 17 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარი) 10 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.