№ას-468-442-2012 17 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე. ჯ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე. ჯ-ას“ მიმართ და მოითხოვა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭ-ში დამონტაჟებული №210214 ტრანსპორმატორი, პასპორტის №..., 160 კვ სიმძლავრით, მასთან მიერთებული 10 კვ ელექტროენერგიის 3,50 მ-ის გადამცემი ხაზი და რკინის ბოძები აღიარებულ იქნეს თ. კ-ის საკუთრებად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭ-ში დამონტაჟებული №210214 ტრანსფორმატორი, პასპორტის ნომერი №..., 160 კვ სიმძლავრით, მასთან მიერთებული 10 კვ საჰაერო ელექტრო გადამცემი 3,50 მ-ის ხაზი და რკინის ბოძები აღიარებულ იქნა მოსარჩელე თ. კ-ის საკუთრებად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ე. ჯ-ამ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ე. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ – 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და რკინის ბოძების თ. კ-ის საკუთრებად აღიარების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა 10 კვ ელ.გადამცემი ხაზის და რკინის ბოძების საკუთრებად აღიარების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭ-ში 160 კვ სიმძლავრის ტრანსფორმატორი საქარხნო ნომრით №... თ. კ-ის საკუთრებად აღიარების ნაწილში დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2010 წლის 8 ოქტომბრის სს „ე. ჯ-ას“ დასავლეთ რეგიონალური ფილიალის დირექტორის წერილით ირკვევა, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭ-ში, ნ- 35/10 კვ ქვესადგურიდან გამავალი 10 კვ-იანი №6 ფიდერი „ა-ი- ჭ-ზე“ ს/პ №210-214, დაერთებული 160 კვ სიმძლავრის ტრანსფორმატორი საქარხნო ნომრით №... არ წარმოდგენს სს „ე. ჯ-ას“ საკუთრებას.
2011 წლის 16 ივნისის სს „ე. ჯ-ას“ აჭარის ფილიალის დირექტორ დ. ჟ-ის წერილიდან ირკვევა, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭ-ში, ქ/ს ,,ნ-დან“ გამავალი 10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ირიცხება კომპანიის ბალანსზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) სადავოდ გახადა სარჩელით მოთხოვნილ მოძრავ ნივთებზე 10 კვ ელექტროგადამცემ ხაზისა და რკინის ბოძების (რომელიც ტრანსფორმატორზე არის მიერთებული), მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი.
სამოქალაქო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთებზე მისი საკუთრების უფლება.
პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის 8 ოქტომბრის სს „ე. ჯ-ას“ დასავლეთ რეგიონალური ფილიალის დირექტორის წერილი მეტად მწირ ინფორმაციას შეიცავს. მასში მითითებულია მხოლოდ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭ-ში, ნ- 35/10 კვ ქვესადგურიდან გამავალი 10 კვ-იანი №6 ფიდერი „ა-ი-ჭ-ზე“ ს/პ №210-214 დაერთებული 160 კვ სიმძლავრის ტრანსფორმატორი საქარხნო ნომრით №... არ წარმოდგენს სს „ე. ჯ-ას“ საკუთრებას, თუმცა არ ირკვევა, რომ იგი კონკრეტულად მოსარჩელე თ. კ-ეს ეკუთვნის.
სასამართლომ მიუთითა, რომ თ. კ-ეს არ წარმოუდგენია საქმეში არსებული ელექტროგადამცემი ხაზის აპელანტი ორგანიზაციისადმი კუთვნილების დამადასტურებელი სს „ე. ჯ-ას“ აჭარის ფილიალის დირექტორის დ. ჟ-ის 2011 წლის 16 ივნისის წერილის საწინააღმდეგო არგუმენტი.
პალატის მითითებით, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული სოსო ბ-ის ჩვენებით არ დგინდება სადავო ელექტროგადამცემ ხაზისა და რკინის ბოძების თ. კ-ისადმი კუთვნილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქმეში არსებობს 2011 წლის 16 ივნისის სს „ე. ჯ-ას“ აჭარის ფილიალის დირექტორ დ. ჟ-ის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო მოძრავი ნივთი 10 კვ ელექტრო გადამცემი ხაზი ირიცხება აპელანტი ორგანიზაციის ბალანსზე.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას რკინის ბოძების საკუთრებაში აღიარების შესახებ, აღნიშნული მოძრავი ნივთის ვინმესადმი კუთვნილების არანაირი დოკუმენტი, მხარის განმარტების გარდა, საქმეში არ მოიძებნება, მაგრამ მხოლოდ მისი განმარტება სადავო გარემოების სამტკიცებლად საკმარისად ვერ ჩაითვლება.
ის გარემოება, რომ საქმეში არ ასებობს სადავო რკინის ბოძებზე სს „ე. ჯ-ას“ საკუთრების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, არ ადასტურებს ამ ქონებაზე თ. კ-ის საკუთრებას, თუკი ამ უკანასკნელსაც არ გააჩნია ამ გარემოების (საკუთრების) დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლომ ტრანსფორმატორის თ. კ-ის საკუთრებად აღიარებასთან დაკავშირებით მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი და სამართლებრივ გარემოებები.
სასამართლომ დაადგინა, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭ-ში, დამონტაჟებულია 160 კვ სიმძლავრის ტრანსფორმატორი №210214, პასპორტის №..., რომლითაც სარგებლობს აღნიშნული სოფლის მოსახლეობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სოსო ბ-ის განმარტებით: „ამ ტრანსფორმატორით სარგებლობს სოფლის 70 ოჯახი. როცა იგი გაფუჭდა, „ე. ჯ-ამ“ უარი განაცხადა მის შეკეთებაზე, რადგან მის ბალანსზე არ იყო. მაშინ ა-ის გამგებლის გ. გ-ის დავალებით იგი ოზურგეთში წაიღო შესაკეთებლად თ. (ზ.) კ-ემ და მისი სახსრებით მოახდინა მისი შეკეთება. მან ეს იმიტომ იცის, რომ იგი ა-ის ტერიტორულ ორგანოში მუშაობს სპეციალისტად. დოკუმენტურად არ იცის ვისი საკუთრებაა, ტრანსფორმატორი, მაგრამ იცის გადმოცემით რომ იგი არის ზ. (თ.) კ-ის საკუთრებაში”.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 170-ე მუხლების თანახმად დადგენილია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ უფლების გამოყენება არ არის დაკავშირებული სხვისი უფლების შელახვასთან, ან საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებასთან, თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც სარჩელით დგინდება, მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ თავისი კონსტიტუციური უფლების აღიარებას და იგი არ აყენებს საკითხს არც სადავო ტრანსფორმატორის გამოთხოვის, დემონტაჟის ან მისით სარგებლობის შეზღუდვის თაობაზე. უფრო მეტიც, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო ტრანსფორმატორი აპელანტი ორგანიზაციის კუთვნილებაა, მის მფლობელობაშია ან თუნდაც იყო.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ სს „ე. ჯ-ამ“ 2007 წლის 29 ივნისს შეიძინა სს „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ კუთვნილი ქონება, მათ შორის, სადავო ტრანსფორმატორიც და ამიტომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილდების საფუძველი, პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილია, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო ტრანსფორმატორის მესაკუთრე იყო სს „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ და მან ნადვილი უფლების საფუძველზე ეს ნივთი საკუთრებაში გადასცა აპელანტ ორგანიზაციას. წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებითაც კი არ დგინდება, რომ სადავო ტრანსფორმატორი იმყოფებოდა ამ უკანასკნელის, ხოლო 2007 წლის 29 ივნისიდან სს „ე. ჯ-ას“ საკუთრებაში. ამდენად, აპელანტის მითითება სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლზე, მისი ტრანსფორმატორის მესაკუთრეობისადმი გასამყარებლად ვერ გამოდგება.
უფრო მეტიც, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და მოწმის ჩვენების საფუძველზე დგინდება, რომ ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ჭ-ში დამონტაჟებული ტრანსფორმატორი №210214, პასპორტის №..., 160 კვ სიმძლავრით, წარმოადგენს მოსარჩელე თ. კ-ის საკუთრებას. აღნიშნული ტანსფორმატორი მის მიერ შეძენილ იქნა 1987 წელს და მას შემდეგ მის მფლობელობაშია. იგი დღემდე პატრონობს აღნიშნულ ტრანსფორმატორს და დაზიანების შემთხვევაში თავად შეაკეთებს. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, სს „ე. ჯ-ამ“ სადავო ტრანსფორმატორზე თ. კ-ის მესაკუთრეობა სადავოდ გახადა 2011 წელს, კერძოდ, ამავე წლის 16 ივნისის წერილით. შესაბამისად, ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა ამ დროიდან უნდა აითვალოს. აქედან გამომდინარე დგინდება, რომ თ. კ-ემ სარჩელი შეიტანა ვადაში – 2011 წლის 12 სექტემბერს, ანუ იმ დროიდან, როცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ აპელანტი ორგანიზაცია სადავოს ხდიდა მისი საკუთრების უფლებას ტრანსფორმატორზე, ელექტროგადამცემ ხაზსა და რკინის ბოძებზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. კ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლები და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სადავო მოძრავი ნივთების მის მიერ შეძენის ფაქტს, ხოლო შემდგომ ამ ქონებაზე მის კუთვნილებას, ასევე საქმეში არსებობს 2011 წლის 16 ივნისის სს „ე. ჯ-ას“ აჭარის ფილიალის დირექტორ დ. ჟ-ის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო მოძრავი ნივთი 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი ირიცხება აპელანტი ორგანიზაციის ბალანსზე.
აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგან 2011 წლის 16 ივნისის სს „ე. ჯ-ას“ აჭარის ფილიალის დირექტორ დ. ჟ-ის წერილით არ დგინდება, რომ სადავო მოძრავი ნივთი 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი ირიცხება მოწინააღმდეგე მხარის ბალანსზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს საკუთრების უფლების მტკიცებულებად უნდა წარმოედგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც ელექტროგადამცები ბოძები და ხაზები სწორხაზოვან ნაგებობად უნდა დარეგისტრირებულიიყო. ასევე უნდა წარმოედგინა ბალანსი, რომელშიც იქნებოდა სადავო ნივთები და მიეთითებოდა საბალანსო ღირებულება, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც დაფიქსირდებოდა, თუ ვისგან შეიძინა მან სადავო ქონება.
კასატორის მოთხოვნის დასადასტურებლად წარდგენილი იქნა 2011 წლის 10 იანვარს შედგენილი აქტი, რომლის მეშვეობითაც ნ. წ-ე, ს. ბ-ე, ს. წ-ე, გ.ვადაჭკორია და ნ. წ-ე ადასტურებენ, რომ სადავო ქონება დ. კ-ის საკუთრებაა. აღნიშნული აქტი აბათილებს 2011 წლის 16 ივნისის სს „ე. ჯ-ას“ აჭარის ფილიალის დირექტორის დ. ჟ-ის წერილს. ამდენად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 103-ე მუხლების მოთხოვნები.
არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეში არ მოიპოვება სადავო ქონების ვინმესადმი კუთვნილების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მხარის განმარტების გარდა, მაგრამ მხოლოდ განმარტება ვერ ჩაითვლება სადავო ფაქტის დასტურად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კასატორმა წარადგინა სათანადო მტკიცებულება – 2011 წლის 10 იანვრის აქტი, რომლითაც დასტურდებოდა მისი საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, რაც სასამართლომ უგულებელყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით თ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ თ. კ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 20 აპრილს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ თ. კ-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 20 აპრილს №5112.44.1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.