№ას-475-449-2012 14 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ქარელის №2 საჯარო სკოლა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხაშურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ბ-ემ მოპასუხე სსიპ ქარელის №2 საჯარო სკოლის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე განთავისუფლებამდე, 2011 წლის 16 სექტემბრამდე მუშაობდა სსიპ ქარელის N2 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მოპასუხე სკოლის დირექტორის 2011 წლის 06 სექტემბრის შეტყობინება შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ მოსარჩელეს ჩაბარდა 2011 წლის 06 სექტემბერს. მოპასუხე სკოლის დირექტორის 2011 წლის 16 სექტემბრის N1 ბრძანებით 2011 წლის 16 სექტემბრიდან მოიშალა მოსარჩელესთან დადებული შრომითი კონტრაქტი. განთავისუფლებამდე მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა დასაბეგრ 390.64 ლარს. განთავისუფლებამდე მოსარჩელე იყო კლასის დამრიგებელი, სამეურვეო საბჭოს წევრი ასევე პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე. მხარეებს შორის 2008 წლის 10 თებერვალს დაიდო ვადიანი 2013 წლის 01 სექტემბრამდე შრომითი ხელშეკრულება;
2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგემის შესაბამისად სკოლაში 2011 წლის 05 სექტემბერს პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცდა სკოლის სასწავლო გეგმა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მასწავლებლებზე საათების განაწილების ბადე, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეზე არ მომხდარა საათების განაწილება და მას არ დაკისრებია კლასის დამრიგებლის ფუნქციების შესრულება. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე არ ყოფილა სხდომაზე მოწვეული და პედაგოგიური საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია არ გამოკრულა სკოლაში დაფაზე, ვინაიდან როგორც სხდომის ოქმიდან ირკვევა სკოლის პედაგოგიური საბჭო თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებოდა სხდომას. ამასთან მოსარჩელისავე განმარტებით, სხდომის ოქმში, იგი რომც მოეწვიათ სხდომაზე ვერ მიიღებდა მასში მონაწილეობას, რადგან იმ პერიოდში გარდაცვლილი ყავდა ახლო ნათესავი, რომელიც მათ სახლში ცხოვრობდა;
2011 წლის 12 ოქტომბერს სამეურვეო საბჭომ მოიწონა მოსარჩელის როგორც სამეურვეო საბჭოს წევრთან შრომითი ურთიერთობის მოშლა და იგი ჩაანაცვლა სამეურვეო საბჭოს ახალი წევრით.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს და ერთპიროვნულად პასუხისმგებელია მასზედ დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე. ამავე კანონის 46-ე მუხლით სკოლის პედაგოგიური საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს მასწავლებელთა დატვირთვის (საათების განაწილების) საათობრივი ბადე.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, უდავო იყო, რომ მოსარჩელესთან შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის ნების გამოვლენას მოპასუხის მხრიდან წინ უძღოდა სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ სკოლის სასწავლო გეგმის და მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის ბადის დამტკიცება 2011 წლის 05 სექტემბერს, რა დროსაც მოსარჩელეზე პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით არ მოხდა ქართული ენისა და ლიტერატურის საათების განაწილება, რის გამოც იგი დარჩა დატვირთვის გარეშე, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სკოლის სამეურვეო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ან პროცედურული საკითხების დაცვის საკითხის შემოწმება სცილდება განსახილველ დავის ფარგლებს. მასწავლებელთან დადებული შრომის კონტრაქტში მითითებული არ არის, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში მოსარჩელის როგორც პედაგოგის კონკრეტული რაოდენობის საათობრივი დატვირთვა, შესაბამისად კონკრეტულ მასწავლებელს მიეცემა შესასრულებელი სამუშაო (საათები) “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად, ანუ ყოველ წლიურად სკოლის სასწავლო გეგმის დამტკიცების დროს პედაგოგიური საბჭოს მიერ საათების განაწილების კვალობაზე.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვეაში შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა არა დამსაქმებლის მიერ მხოლოდ უპირობო ნების გამოვლენით (მოშლით) არამედ მას წინ უძღოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საათობრივი დატვირთვის არ მიცემის და კლასის დამრიგებლის ფუნქციის არ დაკისრების შესახებ, რის შემდეგაც იგი დარჩა საათების (სამუშაოს) გარეშე, რაც სასამართლომ მიიჩნია, რომ არის კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე არ ყოფილა სხდომაზე მოწვეული და პედაგოგიური საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია არ გამოკრულა სკოლაში დაფაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 46-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სკოლის პედაგოგიური საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს მასწავლებელთა დატვირთვის (საათების განაწილების) საათობრივი ბადე.
მოცემულ შემთხვევაში, პალტამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგემის შესაბამისად სკოლაში 2011 წლის 05 სექტემბერს პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცდა სკოლის სასწავლო გეგმა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენდა მასწავლებლებზე საათების განაწილების ბადე. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეზე არ მომხდარა საათების განაწილება და მას არ დაკისრებია კლასის დამრიგებლის ფუნქციების შესრულება. დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად სკოლის სამეურვეო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ან პროცედურული საკითხების დაცვის საკითხის შემოწმება სცილდება განსახილველ დავის ფარგლებს. ამასთან, მასწავლებელთან დადებული შრომის კონტრაქტში მითითებული არ არის, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში მოსარჩელის როგორც პედაგოგის კონკრეტული რაოდენობის საათობრივი დატვირთვა, შესაბამისად კონკრეტულ მასწავლებელს მიეცემა შესასრულებელი სამუშაო (საათები) “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად, ანუ ყოველ წლიურად სკოლის სასწავლო გეგმის დამტკიცების დროს პედაგოგიური საბჭოს მიერ საათების განაწილების კვალობაზე. ამასთან, პალატა მიუთითებს სხდომის ოქმზე სადაც აღნიშნულია, რომ სკოლის პედაგოგიური საბჭო თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებოდა სხდომას.
პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2011 წლის 12 ოქტომბერს სამეურვეო საბჭომ მოიწონა მოსარჩელის როგორც სამეურვეო საბჭოს წევრთან შრომითი ურთიერთობის მოშლა და იგი ჩაანაცვლა სამეურვეო საბჭოს ახალი წევრით.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ბ-ემ.
კასატორი უთითებს შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლოს დასაბუთებით, იგი თითქოს სამუშაოდან გაათავისუფლა სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ. აღნიშნული მსჯელობა არასწორია, ვინაიდან მასწავლებლის გათავისუფლების უფლება აქვს სკოლის დირექტორს და არა პედსაბჭოს;
სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოს კასატორის გათავისუფლების თაობაზე სკოლის დირექტორს თანხმობა მისცა სკოლის სამეურვეო საბჭომ;
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „განათლების შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი;
სასამართლომ არასწორად გამოიყენა „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ე. ბ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 22 მარტი, სალაროს შემოსავლის ორდერი №..., ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.