Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-477-451-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ქ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს სადაზღვევო კომპანია „ტ-ო“(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სადაზღვევო ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს სადაზღვევო კომპანია „ტ-ოს“ მიმართ 2011 წლის 5 ივლისს მათ შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის 2 509,5 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ა. ქ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

2011 წლის 5 ივლისს შპს სადაზღვევო კომპანია „ტ-ოსა“ და ა. ქ-ეს შორის წერილობით გაფორმდა მოსარჩელის კუთვნილი MERCEDES BENZ C 230 მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება სახელმწიფო ნომრით ...და გაიცა დაზღვევის პოლისი 2015 წლის 5 ივლისამდე.

შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ასლებით დასტურდება, რომ 2011 წლის 29 ივლისს 4 საათსა და 15 წუთზე მოსარჩელე ავტომანქანით მოძრაობდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთში, რა დროსაც მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. ავტომანქანა მოცურდა, ჩავარდა წყლის საწრეტ არხში და დაზიანდა.

საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი სქემის მიხედვით, შემთხვევის ადგილი არის სოფლის შიდა აღმართიანი გზა, მოსარჩელე მოძრაობდა აღმართში, რა დროსაც მოცურდა, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით და ჩავარდა წყლის საწრეტ არხში, რა დროსაც წინა ნაწილით შეეჯახა მთის კლდოვან ნაწილს.

ამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ალექასანდრე ქ-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოსარჩელე ა. ქ-ე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, დაჯარიმდა 250 ლარით. მითითებული ოქმი ა. ქ-ეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია და საჯარიმო თანხა გადაიხადა 2011 წლის 20 აგვისტოს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები უდავოდ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოსარჩელე ა. ქ-ის ბრალით.

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენდა 2 509,50 ლარს. ამასთან, დასკვნაში ჩამოთვლილია ავტომანქანის დაზიანებული დეტალები, რომლებშიც საბურავი მოხსენებული არ არის. დასკვნის თანახმად, ავტომანქანას დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს წინა ბამპერი, წინა მარცხენა და მარჯვენა მაშუქები და ციმციმები, წინა ბალკა, „კაპოტი“, რადიატორი, ასევე დასარეგულირებელია წინა მაშუქები და აღსადგენია წინა პანელი, მანქანის რთული დეფორმაცია უნდა გასწორდეს რობოტზე.

ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის 26 აგვისტოს წერილით სადაზღვევო კომპანიამ ა. ქ-ეს უარი უთხრა მოთხოვნილი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5, მე-6 მუხლებისა და სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 829-ე მუხლების საფუძველზე.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ავტომანქანის საბურავის გასკდომამ. აღნიშნული ფაქტი მოსარჩელის განმარტების გარდა სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება. იმ პირობებში კი, როდესაც მოპასუხე მას უარყოფს, მხოლოდ მოსარჩელის განმარტება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულება არ არის.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომ მოსარჩელის ავტომანქანას გაუსკდა საბურავი, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე როგორც ფაქტების მითითების, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებიდან, რომლითაც განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი.

მოსარჩელე ა. ქ-ე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ მას 2011 წლის 29 ივლისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთში მოძრაობისას გაუსკდა საბურავი, რის გამოც ავტომანქანა მოცურდა და ჩავარდა წყლის საწრეტ არხში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მასვე ევალებოდა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალებში ა. ქ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბურავის გასკდომის ფაქტზე არაფერია ნათქვამი.

ამ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი მტკიცებულება სააპელაციო პალატამ არ მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე მითითებით, არასწორად მიიჩნია, რომ სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია თავად მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც ა. ქ-ეს ჩადენილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია თავად მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით. საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ ოქმი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალში.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების შესაბამისად მხარეთა შორის ურთიერთვალდებულებათა წარმოშობის საფუძველია ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება.

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 829-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულების 6.2.10 მუხლისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოწვეულია დამზღვევის – ა. ქ-ის უხეში გაუფრთხილებლობით, რაზეც მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

სააპელაციო პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ სწორად გაამახვლა ყურადღება შემთხვევის ადგილის რელიეფზე, მდებარეობაზე, მოსარჩელის ავტომანქანის დაზიანების ხარისხსა და მოცულობაზე. კერძოდ, შემთხვევის ადგილი არის სოფლის შიდა აღმართიანი გზა, მოსარჩელე მოძრაობდა აღმართში. შეჯახების შედეგად კი ავტომანქანას დაზიანებული და, რაც მნიშვნელოვანია, გამოსაცვლელი აქვს საკმაო რაოდენობის და ზოგიერთი ისეთი დეტალი, რომელიც სოფლის გრუნტიან აღმართიან გზაზე მოძრაობისას მცირე ძალის შეჯახებით არ შეიძლება დაზიანდეს და, მითუმეტეს, გამოსაცვლელი გახდეს. ამასთან, მანქანას მიღებული აქვს რთული დეფორმაცია, რაც რობოტის საშუალებით უნდა გასწორდეს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დაასკვნას, რომ სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო თავად მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებელი მოქმედებით, რის გამოც დაზღვევის თანხის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს არ ეკისრებოდა.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის ძირითადი და საოქმო განჩინებები მტკიცებულებების დაშვებაზე უარის თქმის შესახებ ა. ქ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მითითებული იყო იმავე გარემოებებზე, რაზეც კასატორი ავტოავარიის დროს პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა ერთ სხდომაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ არ არსებობდა საბურავის გახეთქვის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც შეჯახებაში ბრალი მიუძღვოდა კასატორს.

ა. ქ-ემ შემთხვევის დღეს პოლიციას მისცა განმარტება, რაც გადამოწმდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ და აღნიშნული გარემოება დამატებით დაამოწმეს პოლიციის თანამშრომლებმა, ვინაიდან ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოსათვის არასაკმარისი აღმოჩნდა კასატორის განმარტება, რომელიც გამოთხოვილი იქნა პოლიციიდან. სააპელაციო პალატამ არასწორად არ მიიღო პოლიციიდან გამოთხოვილი მტკიცებულება, რომლითაც პოლიცია დაემოწმა კასატორის სადავო განმარტებას. სასამართლოსათვის, სამართლიანობისა და მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანი იყო რეალობის დადგენა.

სააპელაციო პალატისადმი წარდგენილი პოლიციის გამოკითხვის ოქმი მოძიებულ იქნა მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდა, ამის გამო ვერ მოხერხდა საქალაქო სასამართლოსათვის აღნიშნული დოკუმენტის გადაცემა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებებზე, რაზეც მოპასუხეს წერილობით პასუხში ყურადღება არ გაუმახვილებია. მზღვეველმა სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად დროულად შეუტყობინებლობა მიიჩნია. მოპასუხეს კი არ გააჩნდა საწინააღმდეგო არგუმენტი, თუნდაც კასატორის მიერ პოლიციისათვის მიცემული განმარტების გასაბათილებლად. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა ა. ქ-ის არგუმენტები და მოთხოვნა.

სასამართლომ არასწორად უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოძრაობდა აღმართში, ამ გარემოებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება არასწორია. მართალია, სოფლის გზა აღმართიანია, მაგრამ სასამართლოს შეეძლო, სწორად აღეწერა გზის ეს მონაკვეთი.

სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ ავტომანქანას გაუსკდა საბურავი, რამაც გამოიწვია მისი მოცურება და წყალში ჩავარდნა. გარდა მოსარჩელის განმარტებისა, აღნიშნული გარემოება დასტურდება პატრულის მიერ შემთხვევის ადგილზე მოპოვებული მტკიცებულებებით. უდავოა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილის შესწავლისას არ მოხდებოდა იმ განმარტების დაფიქსირება, რაც რეალურად მოხდა. აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გამხდარა. კასატორის წამომადგენელმა 2011 წლის 5 ნოემბერს დამატებით მოიპოვა მტკიცებულება პოლიციის იმ თანამშრომლისაგან, კერძოდ, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისაგან, რომელიც შემთხვევის ადგილზე გავიდა და შეისწავლა აღნიშნული გარემოებები.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია მისმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ. მოსამართლემ ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერა მიიჩნია უდავო მტკიცებულებად, რომ ა. ქ-ემ სამართლადარღვევა განზრახ ჩაიდინა.

ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები შ.ურუტაძემ და ე.ბ-ნმა ადვოკატის თანდასწრებით ხელმოწერით ერთხმად დაადასტურეს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერა არ ნიშნავს ა. ქ-ის ბრალეულობას, ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიწერა ფაქტის დადგომიდან გამომდინარე და არა ა. ქ-ის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაში მისი ბრალეულობის გამო.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის გარემოება, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში ნაჩვენები არ არის საბურავის ღირებულება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა თვეების შემდეგ არ ჩატარებულა, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ავტომანქანას საბურავები მოხსნეს და ბუქსირით გადააგორეს. ექსპერტმა აღწერა ის გარემოება რაც ნახა, იმ დროისათვის კი ავტომანქანას გამოცვლილი საბურავები ეყენა. სასამართლოს აღნიშნული გარემოებები არ შეუფასებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ა. ქ-ის წარმომადგენელმა ა. ზ-მა 2012 წლის 11 აპრილს №ა-1550-12 განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომელსაც დაურთოს წერილობითი დოკუმენტი 2 ფურცლად და 8 ფოტოსურათი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ა. ქ-ეს უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის მიერ №ა-1550-2012 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 2 ფურცლად და 8 ფოტოსურათი, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ა. ქ-ეს დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის მიერ №ა-1550-2012 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 2 ფურცლად და 8 ფოტოსურათი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.