Facebook Twitter
#as-1396-1412-2011 oqtomberi, 2011 weli

№ას-493-466-2012 28 მაისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჭ-ე

მესამე პირი - ი. ხ-ი, მ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჭ-ის მიმართ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 9 აპრილს ზ.დ-სა და მ.ჭ-ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის საგანი იყო 3000 დოლარად ღირებული უძრავი ქონება სასოფლო-სამეურნეო 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. გამყიდველს უფლება ჰქონდა, გამოესყიდა უძრავი ქონება 3 თვის ვადაში არა უგვიანეს 2009 წლის 10 ივლისისა. ნასყიდობის ფასის გადახდის შესახებ მხარეებს უნდა შეედგინათ წერილობითი აქტი. გამოსყიდვის ვადის გასვლამდე უძრავი ქონების მესაკუთრედ მყიდველი აღირიცხებოდა, ხოლო გამოსასყიდი თანხის გადახდის შემდეგ მყიდველი ვალდებული იყო, დაებრუნებინა გამყიდველისათვის ნასყიდობის საგანი. მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა, თუმცა მ.ჭ-ემ სადავო ფართი გაასხვისა ჯერ ი.ხ-ის სახელზე, ხოლო ამჟამად, სადავო ქონება საკუთრების უფლებით მ. ს-ს ეკუთვნის.

მ. ჭ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, გამოსყიდვის ვადის დასრულებამდე მას თანხა არ გადაუხდია, რის გამოც, სადავო ქონების მესაკუთრე გახდა მოპასუხე. მესაკუთრეს კი, უფლება ჰქონდა, გაესხვისებინა მის საკუთრებაში არსებული ქონება.

მესამე პირმა მ. ს-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან კანონით დადგენილი წესით შეიძინა და, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, გაიფორმა უძრავი ქონება.

თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2011 წლის 7 მარტს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელე ზ. დ-ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რაც გაასაჩივრა ზ.დ-მა. თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ.დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. 2011 წლის 7 მარტს სასამართლო სხდომის თარიღის და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ ეცნობათ მხარეებს. თელავის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძვლით 2011 წლის 7 მარტს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზ.დ-ი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის როგორც თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, ისე მითითებულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე ცნობილი იყო. იგი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ზ.დ-ი 2011 წლის 7 მარტის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს მის ავადმყოფობას. აღნიშნულ გარემოებას კი ასაბუთებს სოფელ შ-ის სამედიცინო ამბულატორიის მიერ 2011 წლის 4 მარტს გაცემული ჯანმრთელობის ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტ ზ. დ-ს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე. აღნიშნული ცნობა 2011 წლის 4 მარტს წარდგენილ იქნა სასამართლოში და ზ.დ-მა იშუამდგომლა სხდომის გადადების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სოფელ შ-ის სამედიცინო ამბულატორიის მიერ გაცემული ცნობა არ შეიცავს მითითებას თელავის რაიონულ სასამართლოში სხდომის გამართვის დღეს აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და, შესაბამისად, ვერ ასაბუთებს სასამართლო სხდომაზე ზ. დ-ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის, 241-ე და 233-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სოფელ შ-ის სამედიცინო ამბულატორიის მიერ 2011 წლის 4 მარტს გაცემული ჯანმრთელობის ცნობა არ შეიცავს მითითებას თელავის რაიონულ სასამართლოში სხდომის გამართვის დღეს 2011 წლის 7 მარტს ზ.დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და, შესაბამისად, ვერ ასაბუთებს სასამართლო სხდომაზე ზ. დ-ის გამოუცხადებლობის საპატიოობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ.დ-მა შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა, რომ კასატორი პირველი ჯგუფის ინვალიდია და ხშირად ავადმყოფობს. იგი ავად იყო სასამართლო სხდომის დღესაც. მან 2011 წლის 4 მარტს თელავის რაიონულ სასამართლოში წარადგინა განცხადება სხდომის გადადების შესახებ და თან დაურთო ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა. ზ.დ-ი ვარაუდობდა, რომ სასამართლო გაითვალისწინებდა აღნიშნულ ცნობას და დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 233-ე და 241-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.