Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-499-472-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ო. ჯ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჰ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ჯ-ას მიმართ იჯარის თანხის – 300 ლარისა და მატერიალური ზიანის – 6410 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი მხოლოდ 300 ლარის ანაზღაურების ნაწილში ცნო .

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. ჯ-ას შპს „ჰ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2160 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შპს „ჰ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ჰ-ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ო. ჯ-ას შპს „ჰ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4550 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მხარეთა შორის 2004 წლის 6 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან. მოიჯარე ო. ჯ-ას ქვის დამამუშავებელ შენობებთან და შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად გადაეცა ინვენტარის სახით მანქანა-დანადგარები. დადგენილია და მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მანქანა დანადგარები მას გადაეცა მუშა მდგომარეობაში, ამ მხრივ პალატამ ყურადღება გაამახვილა შესაგებელში მოპასუხის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე, ასევე სააპელაციო შესაგებელში მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაზე და იმ გარემოებაზე, რომ ო. ჯ-ა სადავოდ არ ხდის დასახელებული მანქანა-დანადგარების მისთვის მუშა მდგომარეობაში გადაცემის შესახებ ფაქტობრივ გარემეობას. ო. ჯ-ა ძირითადად იმ გარემოებაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ ზოგიერთმა დანადგარმა ამოწურა რესურსი, ამასთან, მას აღნიშნული დანადგარები გადაეცა საბალანსო ღირებულებით მხოლოდ 1860 ლარად.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, ამავე კოდექსის 583-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების ანალიზიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ ო. ჯ-ას, როგორც მოიჯარეს ცალსახად ეკისრებოდა მისთვის იჯარის საგანთან ერთად გადაცემული მანქანა-დანადგარების მოვლა-პატრონობის ვალდებულება.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშკერულების 3.1. მუხლით გათვალისწინებულ პირობაზეც, რომლის თანახმადაც მეიჯარე უფლებამოსილია, მოითხოვის მოიჯარის მიერ მიმდინარე რემონტის ჩატარების შეუსრულებლობით, იჯარით გაცემული ქონების შეცვლის, გაუარესების ან საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ ქონების დაბრუნების დაყოვნების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, ხელშკერულების 3.4. მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია, დაუბრუნოს ქონება მეიჯარეს საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შედეგად გაუმჯობესებულ ან იმ მდგომარეობაში, როგორც მიიღო იგი.

ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 583-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში მხარეების მიერ საგანგებოდ იქნა დაფიქსირებული 2004 წლის ხელშეკრულებაშიც.

როგორც საქმის მასალებით დადგინდა, მხარეთა შორის 2004 წლის 6 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა შორის შეწყდა 2010 წლის ნოემბრის ბოლოს. საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით, რომლითაც დაფიქსირებულია ო. ჯ-ასათვის გადაცემული მანქანა-დანადგარების მდგომაროება, იჯარის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტისათვის დადგინდა, რომ არც ერთი მანქანა-დანადგარი, გარდა რკინის კარადისა და წყლის ავზისა, არ არის მუშა მდგომარეობაში. ამასთან, მანქანა-დანადგარების უმრავლესობას – 6 მათგან დაზიანებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება, დარჩენილი ორი დანადგარის დაზიანების ხარისხი კი იძლევა მათი აღდგენისა და მუშა მდგომარეობაში მოყვანის შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე, 409-ე და 412-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოიჯარე ო. ჯ-ამ ვერ უზრუნველყო მისთვის გადაცემული მანქანა-დანადგარების მოვლა და მათი მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება, როგორც ეს იყო იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისა და მისთვის მანქანა დანადგარების გადაცემის მომენტისათვის, მან დაარღვია 2004 წლის 6 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარის მიერ ნაკისრი ვალდებულება ინვენტარის მოვლა-პატრონობის შესახებ, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის აპელანტის მიერ მითითებული და ო. ჯ-ასათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული არც ერთი მანქანა-დანადგარი არ არის მუშა მდგომარეობაში, ამასთან მანქანა-დანადგარების უმრავლესობის აღდგენა შეუძლებელია.

ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „ჰ-ს“ მიადგა ზიანი ქონებრივი დანაკლისის სახით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომ შპს „ჰ-ისათვის“ ზიანის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მხოლოდ 1860 ლარის ოდენობით, ვინაიდან მხარეთა შორის საიჯარო ინვენტარის შეფასებით გადაცემის თაობაზე შეთანხმება არ არსებობდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მანქანა-დანადგარების დაზიანებით გამოწვეული ზიანის ოდენობა შეადგენს 6 410 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ო. ჯ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

საქმის გადაწყვეტის დროს ო. ჯ-ასათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობის დაანგარიშებისას სააპელაციო პალატა დაეყრდნო შპს „ა-ის“ 2010 წლის 27 დეკემბრის დასკვნას და შპს „გაა კ-ის“ 2009 წლის №1312 და №1313 დასკვნებს. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მანქანა-დანადგარების დაზიანებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 6410 ლარს, მაგრამ ფაქტობრივად აღნიშნული დასკვნები არ იძლევიან მითითებული ოდენობით ზიანის დაანგარიშების საფუძველს. შპს „ა-ის“ დასკვნით არ დგინდება, თუ როგორ მოხდა დაზიანებული მანქანა-დანადგარების საბაზრო ღირებულებით შეფასება. შპს „გაა კ-ის“ №1312 დასკვნით საბაზრო ღირებულებით შეფასებულია ქვემო ავჭალის სასაფლაოს ქვის საამქროზე რიცხული სამრეწველო დანიშნულების მანქანა-დანადგარები და საინვენტარო მოწყობილობები, რაც არანაირად არ უკავშირდება სადავო იჯარით გადაცემულ მანქანა-დანადგარებსა და მათი საბაზრო ღირებულების განსაზღვრას. აღნიშნულის შესახებ მოცემულ დასკვნაში რაიმე მითითება არ არის.

შპს „გაა კ-ის“ №1313 დასკვნაში მითითებულია, რომ შპს „ჰ-ის“ ბალანსზე რიცხული, საბურთალოს ქვის საწარმოზე გადაცემული, სამრეწველო დანიშნულების მანქანა-დანადგარებისა და სხვადასხვა საინვენტარო მოწყობილობების საბაზრო ღირებულება შეადგენს 6260 ლარს, მაგრამ დასკვნიდან არ ჩანს აღნიშნული ქონების კავშირი კასატორისათვის იჯარით გადაცემულ ქონებასთან.

სასარჩელო განცხადებას მოსარჩელემ დაურთო „ა-ის“ 2010 წლის დასკვნა 11 ფურცლად შპს „ჰ-ის“ ბალანსზე რიცხული, მუხათგვერდის ქვის საამქროზე იჯარით გადაცემული მოძრავი ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის თვე და რიცხვი არ არის მითითებული. აღნიშნული დასკვნის მე-5 გვერდზე, გრაფაში, „შემზღუდავი პირობები და დაშვებები“ მე-2 პუნქტად მითითებულია, რომ „აუდიტორებისათვის ქონების ფიზიკურ მახასიათებლებზე ინფორმაცია აღებულია ვიზუალური დათვალიერებით. დამატებითი ინფორმაცია დამკვეთის მიერ არ ყოფილა მიწოდებული. აუდიტორებს არ ჩაუტარებიათ სპეციალური შემოწმება დათვალიერებით მიღებულ შედეგებზე და არ იღებენ პასუხისმგებლობას მათ აბსოლიტურ სიზუსტეზე“. ამდენად, კასატორი თვლის, რომ აღნიშნული დასკვნა არასრულყოფილია და გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო მას არ უნდა დაყრდნობოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გადაწყვეტის დროს სააპელაციო პალატა დაეყრდნო არასრულყოფილ მტკიცებულებებს, რის გამოც არ დადგინდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, თუ რა ზიანი აქვს მიყენებული მოსარჩელის კუთვნილ, მოპასუხისათვის იჯარით გადაცემულ მანქანა-დანადგარებს, შესაბამისად, არ დგინდება, თუ რას შეადგენს მიყენებული ზიანი. ასეთ ვითარებაში სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით ო. ჯ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ო. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ო. ჯ-ას უნდა დაუბრუნდეს 2012 წლის 19 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. კ-ას მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ო. ჯ-ას (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 19 აპრილს №5061383 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.