№ას-505-477-2012 17 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ბ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ბ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ბ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ბ-ას მიმართ ზუგდიდის №5 რკინიგზის სასაფლაოს ტერიტორიაზე ი. ბ-სათვის გამოყოფილი 51 კვ.მ მიწის ნაკვეთის სამკვიდრო სასაფლაოდ ცნობისა და მასზე საკუთრების უფლების აღიარების, მოპასუხისათვის გ. ბ-ას და ლ. კ-ას ნეშტების გადასვენების დაკისრების, სასაფლაოდან დემონტირებული 52 კვ.მ ფურცლოვანი ალუმინის, ი. ბ-ას სასაფლაოზე არსებული 28 გრძივ მეტრზე მოწყობილი საძირკველის, დეკორატიული ფორმით დამუშავებული ლითონის კონსტრუქციების მის საკუთრებად ცნობისა და აღნიშნული კონსტუქციის ღირებულების – 4300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 52 კვ.მ ფურცლოვანი ალუმინისა და ი. ბ-ას სასაფლაოზე განხორციელებული 28 გრძივ მეტრზე მოწყობილი დეკორატიული ფორმით დამუშავებული ლითონის კონსტრუქციების მესაკუთრედ ცნობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. ბ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ბ-ა ცნობილ იქნა 52 კვ.მ ფურცლოვანი ალუმინისა და 28 გრძივ მეტრზე მოწყობილი დეკორატიული ფორმით დამუშავებული ლითონის კონსტრუქციების მესაკუთრედ, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ზ. ბ-ას მამა – ი. ბ-ა და მოპასუხე ო. ბ-ას – მამა გ. ბ-ა იყვნენ ძმები.
გ. ბ-ა გარდაიცვალა 1993 წელს, ხოლო ი. ბ-ა –1994 წელს.
ძმები, გ. და ი. ბ-ები დაკრძალულნი არიან ზუგდიდის №5 რკინიგზის სასაფლაოზე.
ზუგდიდის №5 რკინიგზის სასაფლაოზე ასევე 1970 წლიდან დაკრძალულია ზ. ბ-ას და მ. ბ-ა, ხოლო 1971 წლიდან ზ. ბ-ას დედა – დ. კ-ა.
ამავე სასაფლაოზე დაკრძალულია 2008 წელს გარდაცვლილი მოპასუხის, ო. ბ-ას დედა – ლ. კ-ა.
ათეული წლის განმავლობაში სადავო საფლავი მხარეთა და მათ წინაპართა თანამფლობელობაში არსებობდა და წარმოადგენდა ბ-ების საგვარეულო სასაფლაოს.
არასამეწარმეო იურიდიული პირის ზუგდიდს მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მართვის ცენტრის მიერ 2011 წლის 21 ივლისს გაცემული ცნობა №92-ს თანახმად, ზუგდიდის №5 რკინიგზის სასაფლაოზე არსებული ბ-ების სასაფლაო გაიხსნა რამდენიმე ათეული წლის წინ და იქ დაკრძალულნი არიან უახლოესი ნათესავები.
სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო სასაფლაოზე არ არის გაცემული მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოწმობა არც ერთი მხარისათვის. ასევე, დადგინდა, რომ სასაფლაოზე 28 გრძივ მეტრზე მოწყობილი დეკორატიული ფორმით დამუშავებული ლითონის კონსტრუქცია მოაწყო და, შესაბამისად, ეკუთვნის მოსარჩელე ზ. ბ-ას.
საქმეში წარდგენილი გამოკითხვის ოქმებითა და მოსარჩელის განმარტებით, პალატამ მიიჩნია, რომ 52 კვ.მ ფურცლოვანი ალუმინი, რომლითაც გადახურული იყო ბ-ების საგვარეულო საფლავი, ეკუთვნოდა მოსარჩელის ზ. ბ-ას მამა ი. ბ-ას.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო კოდექსის სანივთო სამართლით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმებით, ამავე კოდექსის საკუთრების უფლების განმსაზღვრელი, სამემკვიდრეო სამართლისა და უსაფუძვლო გამდიდრებით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმებით, ასევე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ სასაფლაო, რომელზეც აპელანტი საკუთრების უფლების მინიჭებას ითხოვს, გაუსხვისებელ ქონებას წარმოადგენს. შესაბამისად, მის მოთხოვნას სადავო სასაფლაოზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე უკანონოს და დაუსაბუთებელს ხდის და ამის გამო მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სწორად ეთქვა უარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეები სადავო სასაფლაოს თანამფლობელებად უნდა იქნენ მიჩნეულნი.
ამავე კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თანამფლობელებს მფლობელობის ობიექტზე, საფლავზე, თანაბარი უფლებები გააჩნიათ, რის გამოც დაუსაბუთებელი და უკანონოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის გ. ბ-ასა და ლ. კ-ას ნეშთების გადასვენების დაკისრებაზე, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატამ 52 კვ.მ ფურცლოვანი ალუმინის მიკუთვნების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 52 კვ.მ ფურცლოვანი ალუმინის მესაკუთრე იყო მოსარჩელის მამა ი. ბ-ა, რის გამოც სადავო ალუმინი მოსარჩელის, როგორც ი. ბ-ას მემკვიდრის საკუთრებად უნდა იქნეს აღიარებული და გამოთხოვილი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, გამოკითხვის ოქმები, სადაც ცალკეული პირები ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 52 კვ.მ ფურცლოვანი ალუმინი ი. ბ-ას საკუთრება იყო.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მითითებული გამოკითხვის ოქმები საქმისათვის განკუთვნილი და დასაშვები წერილობითი მტკიცებულებებია და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია. მოსარჩელის მოთხოვნა, სასაფლაოზე განხორციელებული 28 გრძივ მეტრზე მოწყობილი საძირკველისა და დეკორატიული ფორმით დამუშავებული ლითონის კონსტრუქციის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად ჩათვალა და დააკმაყოფილა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემეობაზე, რომ დეკორატიული ფორმით დამუშავებული ლითონის კონსტრაუქციის მოსარჩელის საკუთრებად აღიარების ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მან განმარტა, რომ წინააღმდეგი არ არის მოსარჩელემ მოხსნას და წაიღოს აღნიშნული კონსტრუქცია.
სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მითითებული ნივთი საკუთვნებლად მიიჩნია და გაიზიარა მხარის განმარტება, რომ სადავო ნივთის 28 გრძივი მეტრი ლითონის კონსტრუქციის მოცილება საფლავის საძირკველიდან შესაძლებელია, ამდენად, ამ ნაწილში სააპელაციო მოთხოვნა, როგორც კანონიერი დააკმაყოფილა.
თავად საფლავის საძირკველის, ანუ ქვით დაბეტონებული მონაკვეთის, მესაკუთრედ ცნობის, ან მისი შესაბამისი ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატამ ჩათვალა, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და მის დაკმაყოფილებაზე აპელანტს უარი უნდა ეთქვას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მყარად ჩაბეტონებული ქვის საძირკველი საფლავის არსებითი შემადგენელი ნაწილია, რადგან მისი გამოცალკევება მთავარი ნივთიდან საძირკველის განადგურების გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან იგი მყარადაა დაკავშირებული საფლავთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის სამოქალაქო კოდექის 150-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებულად მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საძირკველი სადავო საფლავზე მოსარჩელის მიერაა გაკეთებული, მისი ღირებულების დაკისრება მოპასუხე მხარისათვის, სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს აზრით, საფლავზე საძირკვლის არსებობით მოპასუხე მხარე არ გამდიდრებულა, შესაბამისად, სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონის №5 სასაფლაოში მ. ბ-ას დასაკრძლავად გამოყოფილი საფლავის ზ. ბ-ას სგავარეულო საფლავად ცნობისა და ო. ბ-ასათვის ზ. ბ-ას საგვარეულო სასაფლაოდან მისი მშობლების ნეშტების გადასვენების დაკისრების მოთხოვნით საკასაციო წესით ზ. ბ-ამ გაასაჩივრა შემედეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ვინაიდან სასამართლოს არ დაუდგენია, ვის ეკუთვნოდა თავდაპირველად და ვინ მოაწყო სადავო საფლავი, რა პერიოდის განმავლობაში იყო საფლავი მხოლოდ ერთი მხარის მფლობელობაში და რა დროიდან იმყოფება თანამფლობელობაში. ასევე, არსებობდა თუ არა საფლავის მფლობელი ოჯახის თანხმობა იმ საფლავზე მოპასუხის მშობლების დასაკრძალავად. ჩამოთვლილი ფაქტების დადგენის გარეშე შეუძლებელი იყო საბოლოო დასკვნის გამოტანა, რომ სადავო საფლავი მხარეთა საგვარეულო საფლავია და მისი თანამფლობელობა მართლზომიერია.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული არ არის საგვარეულო და საოჯახო საფლავის ცნებების იურიდიული განმარტება, არ არის დადგენილი ერთი ოჯახის მფლობელობაში არსებული საფლავის ორი ოჯახის თანამფლობელობაში გადასვლის იურიდიული წინაპირობები და მათი არსებობის შემთხვევაში სათანადო სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია აპელანტის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასამართლომ არ გადაანაწილა პირველ და მეორე ინსტანციებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
სასამართლომ გამოიყენა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან აღნიშნული კანონი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც პირი შესაბამის ორგანოში წარადგენს მოთხოვნას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. კასატორს ასეთი მოთხოვნა არ წარუდგენია მისი უსაფუძვლოობის გამო.
სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო პალატამ ისე განმარტა სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომ საეჭვო არ იყო თანამფლობელობის მართლზომიერების შეფასება. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 159-164-ე მუხლები.
იმის გამო, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით სპეციალურად არ არის მოწესრიგებული ოჯახის კუთვნილ საფლავში ამ ოჯახის არაწევრ პირთა დაკრძალვის წესი, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ჩვეულებითი სამართალი და არსებული სასამართლო პრაქტიკა. კერძოდ, ჩვეულებითი სამართლის ის ნორმები რომელთა თანახმადაც, ოჯახის კუთვნილ საფლავში ოჯახის არაწევრი პირები შეიძლება დაიკრძალონ მხოლოდ საფლავის თავდაპირველი მფლობელი ოჯახის წევრთა თანხმობით.
სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული, დღეისათვის მოქმედი „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატორნობის წესი“, რომელიც ადრე მოქმედ ჩვეულებით სამართალს შეესაბამება. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის თანახმად, საგვარეულო საფლავი არის საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან მათი თანხმობით მათი ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად. კასატორის აპელირების მიუხედავად, სასამართლოს მოცემული ნორმის გამოყენებაზე არ უმსჯელია.
სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა (საქმე №-346-676-05; საქმე №-790-1112-07), რომლის თანახმადაც, საფლავზე სხვადასხვა ოჯახებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში საფლავი ეკუთვნის იმ ოჯახს, რომლისთვისაც საფლავი უფრო ადრე იყო გამოყოფილი.
სასამართლოს ასევე უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ათეული წლის განმავლობაში სადავო საფლავი მხარეთა თანამფლობელობას და ბ-ების საგვარეულო სასაფლაოს წარმოადგენდა. აღნიშნული საფლავი გაიხსნა რამდენიმე ათეული წლის წინ და იქ დაკრძალული არიან უახლოესი ნათესავები. ფაქტობრივად, საფლავი არ იყო მხარეთა და მათ წინაპართა თანამფლობელობაში და არც ბ-ების საერთო საგვარეულო სასაფლაოს არ წარმოადგენდა. ზემოთ მითითებული გარემოება წინააღმდეგობაშია სხვა დადგენილ გარემოებებთან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, ზ. ბ-ას ოჯახის წევრები სასაფლაოზე დაიკრძალენ 1970 წელს, დედა – 1971 წელს და მამა – 1994 წელს, ხოლო მოპასუხის ოჯახის წევრები მამა – 1993 წელს და დედა – 2008 წელს. ამდენად, 1970-1993 წლებში საფლავს ფლობდა მხოლოდ კასატორის ოჯახი. გამოკითხვის ოქმების თანახმად, რომლებიც დასაშვებ მტკიცებულებას წარმოადგენდა, მათ შორის მხარეთა მამიდის – ლ. კ-ას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ საფლავი აღებულ და კეთილმოწყობილ იქნა ზ. ბ-ას მშობლების მიერ, კასატორის დის გარდაცვალების გამო. გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, საფლავის გადახურვა მოსარჩელის მამას ეკუთვნოდა.
სასამართლოს ერთმანეთისაგან უნდა გაემიჯნა საფლავის მფლობელობის ეტაპები. პირველი ეტაპი – 1970-1993 წლები, როდესაც საფლავს მხოლოდ კასატორის ოჯახი ფლობდა და მეორე ეტაპი – 1993 წლიდან-დღემდე, როდესაც საფლავი თანამფლობელობაში იმყოფება. მოცემული გამიჯვნა სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა დაედგინა, რომ საფლავი თავიდანვე არ იყო მხარეთა წინაპრების თანამფლობელობაში, ხოლო შემდგომი თანამფლობელობა არამართლზომიერია.
სააპელაციო პალატამ არ შეაფასა სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება, რომ სადავო საფლავი მაშინ ჩაითვლებოდა გ. და ი. ბ-ების საგვარეულო საფლავად, თუ საფლავი გამოყოფოდა მათი ერთ ოჯახად ცხოვრების პირობებში ან და საფლავში დაკრძალული იქნებოდნენ მათი საერთო მშობლები.
სასამართლომ საერთოდ არ დაადგინა, რომ სადავო საფლავი გამოყოფილ იქნა მისი დის გარდაცვალების მომენტში და მოაწყო მისმა მამამ. კასატორის და მოწინააღმდეგე მხარის ოჯახებს შორის მათი მშობლების – ი. და გ. ბ-ების სიცოცხლის პერიოდიდან არსებობს კონფლიქტი, მოწინააღმდეგე მხარის მშობლები სადავო საფლავში დაიკრძალნენ კასატორის თანხმობის გარეშე, სადავო საფლავის გამოყოფის საფასაური სასაფლაობის მართვის ცენტრში გადახდილ იქნა მოსარჩლის წარმომადგენლის მიერ.
მოცემული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებით შესაძლებელი გახდებოდა იმის დადგენა, წარმოადგენდა თუ არა სადავო საფლავი საგვარეულო სასაფლაოს, რამდენად მართლზომიერი იყო 1993 წლიდან საფლავის თანამფლობელობა და კასატორის მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით ზ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ზ. ბ-ას უნდა დაუბრუნდეს ვ. გ-ას მიერ 2012 წლის 20 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ზ. ბ-ას (პირადი №4508982363) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 20 მარტს №4978001 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.