№ას-507-479-2012 14 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. უ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საერთო საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება და საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 13 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. დ-ემ მოპასუხე ა. უ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: საზიარო ეზოს ჯართისაგან გათავისუფლება, კედელთან რკინის კონსტრუქციის ფარდულის მოხსნა და ეზოში საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა (ს.ფ.2-10).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. უ-ეს დაევალა ხელი არ შეეშალა გ. დ-ისათვის ქ.ბათუმში, შ-ის ქ.№16-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობაში (ს.ფ. 83-87).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. უ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 91-96).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით ა. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 ივნისის ამონაწერის თანახმად, გ. დ-ე (მოსარჩელე) წარმოადგენს ქ.ბათუმში, შ-ის ქ.№16-ში მდებარე უძრავი ქონების 1/12 ნაწილის მესაკუთრეს. ა. უ-ეს (აპელანტს) საკუთრებაში გააჩნია ქ.ბათუმში, შ-ის ქუჩის №16-ში მდებარე 59.10კვ.მ ფართი.
ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე თავისუფალი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს, გ. დ-ის და ა. უ-ის საერთო საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სამოქალაქო კოდექსის მე–3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე–4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხრეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეოერ მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნებ, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამარლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ ზემოთ მოყვანილი ნორმების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა გ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ, შესაბამისად, ა. უ-ე (მოპასუხე) სწორად დაავალდებულა ხელი არ შეეშალა გ. დ-ისათვის ქალაქ ბათუმში, შ-ის ქუჩის №16-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობაში (ს.ფ. 154-163).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. უ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რასაც ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
გასაჩივრებულ განჩინებაში საერთოდ არ არის მოხსენიებული მესამე თანამესაკუთრე ჟუჟუნა ხაბაზი. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერი და 2007 წლის 5 აპრილის ექსპერტის დასკვნა. სასამართლომ არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებზე, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასაბუთა ხელშეშლის ფაქტის არსებობა. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი, დავის საგნის არარასებობისას კი სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მოწინააღმდეგე მხარეს, გ. დ-ეს, მის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობით (სადაც განლაგებულია სავაჭრო ობიექტი) ფაქტობრივად დაკავებული აქვს 32.5კვ.მ, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მას შენობა-ნაგებობით დაკავებული უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 18კვ.მ-ისა. შესაბამისად, გ. დ-ე უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ფლობს საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან – 613კვ.მ-დან 14.5კვ.მ მიწის ნაკვეთს. დასახელებული მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების პრინციპით ეკუთვნის ყველა თანამესაკუთრეს და შესაბამისად თითოეულს გააჩნია თანაბარი უფლება ისარგებლოს თანასაკუთრებაში არსებული საგნით, ისე რომ არ შეილახოს სხვა თანამესაკუთრის უფლება (ს.ფ. 167-171).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. უ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ლ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. უ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ა. უ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 300 ლარი, მათ შორის, 2012 წლის 7 აპრილს ვ. ლ-ას მიერ გადახდილი 200 ლარი, საგადახდო დავალება № ..., ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01 და 2012 წლის 12 აპრილს ასევე ვ. ლ-ას მიერ გადახდილი 100 ლარი, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.