Facebook Twitter

№ას-556-524-2012 14 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ქ-ის მე-14 საჯარო სკოლა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 7 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ფ-ემ მოპასუხე სსიპ ქ-ის №14 საჯარო სკოლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საბუნებისმეტყველო კათედრაზე ბიოლოგიის საათების განაწილების ნაწილში, ასევე, 2011 წლის 26 ოქტომბრის №32 ბრძანების ბათილად ცნობა სკოლის საათობრივი ბადის ბიოლოგიის საათების დამტკიცების ნაწილში და მასთან შრომითი ურთიერთობის აღდგენა სსიპ ქ-ის №14 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის პოზიციაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინებით მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ-ის №14 საჯარო სკოლის 1995 წლის 1 სექტემბრის №88 ბრძანებით მ. ფ-ე დაინიშნა ბიოლოგიის მასწავლებლად 2 საათით.

ქ-ის №14 საჯარო სკოლის 2007 წლის 7 აგვისტოს №80 ბრძანებით დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში მ. ფ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2007 წლის 7 აგვისტოდან და 1995 წლის №88 ბრძანებით გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა.

2007 წლის 8 აგვისტოს №89 ბრძანებით მ. ფ-ე დაინიშნა ქ-ის №14 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ. აღნიშნული დროიდან (2007 წლის 8 აგვისტო), მ. ფ-ეს პედაგოგის საქმიანობა არ განუხორციელებია.

სსიპ ქ-ის №14 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2011 წლის №3 ოქმით შეთანხმებულ იქნა საათობრივი ბადე და იგი გადაეცა დასამტკიცებლად პედაგოგიურ საბჭოს. აღნიშნულ საათობრივ ბადეში გათვალისწინებული არ ყოფილა მ. ფ-ის საათობრივი დატვირთვა. შესაგებელზე დართულ №3 ოქმს ახლავს დანართი, რომელშიც აღნიშნულია მ. ფ-ე, მაგრამ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა წარადგინა დანართი №1, სადაც მ. ფ-ე აღნიშნული არ არის. წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესაგებელზე შეცდომით დართულ იქნა ის სია, რომელიც ერთვოდა 2011 წლის 15 სექტემბრის №173 ბრძანებას და რომელიც გაბათილებულია.

ქ-ის №14 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა. ოქმის მიხედვით სხდომას ესწრებოდა 49 პედაგოგი. ოქმით დასტურდება, რომ სხდომის მონაწილეები გაეცნენ, განიხილეს და კენჭი უყარეს საათობრივ დატვირთვის დამტკიცებას, რა დროსაც მომხრე იყო 44, წინააღმდეგი - 1 (ლ.აფრიდონიძე), თავი შეიკავეს – ნ.გ-ემ, თ.კ-ემ და ა.ს-ემ. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 48 პედაგოგმა.

სხდომის ჩატარების ან კენჭისყრის პროცედურის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული №0004164 სერტიფიკატით მ. ფ-ეს მიენიჭა ბიოლოგიის მასწავლებლობის უფლება.

2011 წლის 25 ოქტომბერს, მ. ფ-ემ წარადგინა განცხადება ქ-ის №14 საჯარო სკოლის დირექტორის სახელზე და მოითხოვა დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება.

2011 წლის 26 ოქტომბრის №კ/32 ბრძანების საფუძველზე დირექტორის მოადგილე მ. ფ-ესთან მოიშალა შრომითი ურთიერთობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ–ერთი მხარის ინიციატივით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ–ერთი საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ საქართველოს შრომის კოდექსისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ მოყვანილი ნორმების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მ. ფ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მიიჩნია, რომ მ. ფ-ეს და ქ-ის №14 საჯარო სკოლას შორის შრომითი ურთიერთობის მოშლა იყო მართლზომიერი, კანონშესაბამისი.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება მ. ფ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. კერძოდ, მ. ფ-ე მუშაობდა სკოლის დირექტორის მოადგილედ, საიდანაც გათავისუფლება მოითხოვა პირადი განცხადებით, ხოლო დირექტორმა საერთოდ შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელე დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით, იგი იყო ბიოლოგიის სერთიფიცირებული მასწავლებელი. ამიტომ, დირექტორს შეეძლო მხოლოდ მოადგილის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მოსარჩელე მისი განცხადების საფუძველზე. კასატორს მიაჩნია, რომ 2007 წლის 8 აგვისტოდან დაინიშნა დირექტორის მოადგილედ, მაგრამ პედაგოგის თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა. აღნიშნული დასტურდება სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 5 ოქტომბრის №3 ოქმზე დართული მასწავლებელთა სიით, რომლის 39-ე ნომრად მითითებულია მ. ფ-ე. იგივეს ადასტურებს მოპასუხის მიერ შესაგებელთან ერთად წარდგენილი 2011 წლის 15 სექტემბრის №173 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა მე-14 საჯარო სკოლის 2011-2012 სასწავლო წლის სასკოლო საათობრივი ბადე. ამ ბრძანებაში, მასწავლებელთა სიაში მოსარჩელე მითითებულია 39-ე ნომრად, მისი საგანია ბიოლოგია, I-II სემესტრებში დატვირთვა შეადგენს 18-18 საათს. მართალია, მითითებული ბრძანება მოგვიანებით გაუქმდა, მაგრამ ეს მოხდა მოსარჩელის გათავისუფლების შემდეგ.

სასამართლომ არასწორად შეაფასა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლი. სასამართლოს ეს შეფასება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

2011 წლის 5 ოქტომბრის პედაგოგიურმა საბჭომ მოსარჩელე არ გაითვალისწინა პედაგოგთა სიაში და ბიოლოგიის საათები გაანაწილა 4 არასერთიფიცირებულ მასწავლებელზე, ხოლო მოსარჩელე, რომელიც სერთიფიცირებული მასწავლებელია, მხედველობაში არ მიიღო.

სადავო გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა კენჭისყრის პროცედურა, დაირღვა ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 პუნქტები. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანება, 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება. ხსენებული ბრძანების 1-ლი და მე-2 მუხლების მიხედვით, სავალდებულოა სერთიფიცირებული მასწავლებლის დასაქმება 18 საათით და მეტით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც მ. ფ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ. ფ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 28 მარტი, სალაროს შემოსავლის ორდერი №..., ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.