Facebook Twitter

№ას-562-530-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „სავაჭრო ცენტრი მ-ის“ დირექტორი მ. ც-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ფ-ე, ნ. ფ-ე, დ. დ-ე, ბ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ფ-ემ, ნ. ფ-ემ, დ. დ-ემ და ბ. გ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ის“ მიმართ 2009 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების - 30000 ლარის, ლ.ფ-ის სასარგებლოდ სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის სანაცვლოდ აშენებული ნაგებობის საერთო ღირებულების - 150000 აშშ დოლარის 6%-ის, 9000 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 11700 ლარის, ასევე აუდიტორული მომსახურების - 600 ლარისა და იურიდიული მომსახურების - 4000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „სავაჭრო ცენტრ მ-მა“ მოსარჩელეებს დაუკვეთა 880 კვ.მ კაპიტალური მშენებლობის წარმოება (შენობის აშენება) ქ.ბათუმში, ხ-ის ქ№37-ში მდებარე შპს „ნ-+-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე ხელშეკრულებით მოპასუხემ აიღო ვალდებულება, შესრულებული სამუშაოსათვის მოსარჩელეებისათვის ეტაპობრივად გადაეხადა 30000 ლარი შემდეგი გრაფიკით: პირველი ეტაპზე - საძირკვლის მომზადება-ჩასხმის ღირებულება - 15000 ლარი, მეორე ეტაპზე - კედლის ამოშენების ღირებულება - 10000 ლარი, მესამე ეტაპზე - ჭერის დასხმის ღირებულების - 5000 ლარის გადახდა. გარდა სამშენებლო სამუშაოების ღირებულებისა, შპს „სავაჭრო ცენტრმა მ-მა“ ასევე ივალდებულა, ბრიგადირ ლ. ფ-ისათვის მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელების სანაცვლოდ, გადაეხადა შენობის ღირებულების 6%. 2011 წლის 11 აპრილის აუდიტორული №11-04/07 დასკვნის თანახმად, შენობის საერთო ღირებულება დასრულების მომენტისათვის შეადგენდა 150000 აშშ დოლარს, ხოლო მისი 6% - 9000 აშშ დოლარს. 2009 წლის 1 ივლისს მოსარჩელეებმა კეთილსინდისიერად შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შესრულებული სამუშაო მოწონებულ და მიღებულ იქნა დამკვეთის მიერ, მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 2011 წლის 20 მაისს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ და მოითხოვეს 54706 ლარის ანაზღაურება, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროული და სრულფასოვანი შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, კერძოდ, სამუშაოს შემსრულებლებს დროულად რომ მიეღოთ კუთვნილი 39000 ლარი, ისინი აღნიშნულ თანხას განათავსებდნენ ბანკში გრძელვადიან დეპოზიტზე ყოველწლიურად 15%-ის გადახდით, საიდანაც მიიღებდნენ სარგებელს - 11700 ლარს. შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ 2009 წლის 1 ივლისს წარმოეშვა 39000 ლარის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეების მიმართ, რაც არ განუხორციელებია.

მოპასუხე შპს „სავაჭრო ცენტრმა მ-მა“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, კერძოდ, შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ რაიმე დაკვეთა არ განუხორციელებია მშენებლობისათვის და ვერც განახორციელებდა, ვინაიდან შპს „ნ-+“ სხვა ორგანიზაციაა, რომელსაც ჰყავს სხვა დირექტორი და დამფუძნებელი პირები. მოპასუხეს რაიმე ინტერესი მშენებლობის დაკვეთისათვის არ ჰქონდა, ასევე არასწორია მითითება ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რადგანაც შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ საკუთრებაში აქვს 30000 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფართების გაქირავება და მას არ სჭირდებოდა დამატებითი ფართი მით უმეტეს ხ-ის ქ№37-ში. შპს „სავაჭრო ცენტრ მ-სა“ და შპს „ნ-+-ს“ შორის მშენებლობის წარმოების თაობაზე ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ 2008 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებას, მასზე არ არის დირექტორ გოჩა ჯორბენაძის ხელმოწერა, ხოლო დასმული ბეჭედი, რომლის ამოკითხვა შეუძლებელია, გაყალბებულია, ქაღალდის სიახლითაც დგინდება, რომ იგი შედგენილია არა 2008, არამედ 2011 წელს, ასევე გაყალბებულია 2009 წლის 14 იანვრის ხელშეკრულება, იგი შედგენილია 2011 წელს. ვინაიდან, მხარეებს შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, შესაბამისად, მოპასუხე არ არის ვალდებული გადაიხადოს თანხა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის, ნ. ფ-ის, დ. დ-ისა და ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ მოსარჩელეების: ლ. ფ-ის, ნ. ფ-ის, დ. დ-ისა და ბ. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 30000 ლარის გადახდა, მოპასუხე შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ მოსარჩელე ლ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მოპასუხე შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ მოსარჩელეების: ლ. ფ-ის, ნ. ფ-ის, დ. დ-ისა და ბ. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა მოსარჩელეთა მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1350 ლარის, აუდიტორული დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის - 600 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1800 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „სავაჭრო ცენტრმა მ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „სავაჭრო ცენტრი მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ მოსარჩელეების: ლ. ფ-ის, ნ. ფ-ის, დ. დ-ისა და ბ. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა (სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მეორე პუნქტი), ასევე გაუქმდა გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრისათვის ხარჯების დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ფ-ის, ნ. ფ-ის, დ. დ-ისა და ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ მოსარჩელეების: ლ. ფ-ის, ნ. ფ-ის, დ. დ-ისა და ბ. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 28500 (ოცდარვა ათას ხუთასი) ლარის გადახდა, მოპასუხე შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ მოსარჩელეების: ლ. ფ-ის, ნ. ფ-ის, დ. დ-ისა და ბ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელეთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წინასწარ გადახდილი ბაჟის - 1300 ლარისა და 50 თეთრის, ასევე აუდიტის დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი ხარჯის - 600 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1734 ლარის ანაზღაურება, გადაწყვეტილება შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ისათვის“ მოსარჩელე ლ. ფ-ის სასარგებლოდ 9000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად, ასევე უცვლელად იქნა დატოვებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ის“ იურიდიული მისამართია ქ.ბათუმი, პუშკინის ქუჩა №132, საინდენტიფიკაციო კოდი ..., დირექტორი მ. ც-ე. შპს ,,ნ-+-ის“ იურიდიული მისამართია ქ.ბათუმი, ხ-ის ქუჩა №37, საიდენტიფიკაციო კოდი - 245403344, დირექტორი - დ. სალაძე. 2009 წლის 14 იანვარს შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ის“ დირექტორ მამუკა აშკაშიძესა და მოსარჩელე ლ. ფ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ასევე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ 2008 წლის 1 იანვრის შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ის“ დირექტორსა და შპს ,,ნ-+-ის“ იმდროინდელ დირექტორ აკაკი მგალობლიშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: მამუკა აშკაშიძისა და აკაკი მგალობლიშვილის ჩვენებების საფუძველზე დადგენილია, რომ 2008 წლის 1 იანვარს შპს „სავაჭრო ცენტრ მ-სა“ და მესამე პირ შპს „ნ-+-ს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „სავაჭრო ცენტრი მ-ი“ განახორციელებდა შპს „ნ-+-ის“ საკუთრებაში არსებულ ქ.ბათუმში, ხ-ის ქ№37-ში მდებარე შენობა-ნაგებობის კაპიტალურ შეკეთება-რემონტს, ხოლო შენობა-ნაგებობის კაპიტალური შეკეთება-რემონტის საქმიანობის განხორციელების შემდგომ, ღირებულების სანაცვლოდ, შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ უფლება ექნებოდა ესარგებლა არსებული შენობა-ნაგებობით და ასევე ქვეიჯარით გაეცა იგი. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, 2009 წლის 14 იანვარს შპს „სავაჭრო ცენტრი მ-ის“ იმდროინდელ დირექტორ მამუკა აშკაშიძესა და მოსარჩელე ლ. ფ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „სავაჭრო ცენტრმა მ-მა“ მოსარჩელეებს: ლ. ფ-ეს, ნ. ფ-ეს, დ. დ-ესა და ბ. გ-ეს დაუკვეთა 880 კვ.მ კაპიტალური შენობის აშენება, ქ.ბათუმში, ხ-ის ქ№37-ში არსებულ შპს ,,ნ-+-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე შპს „სავაჭრო ცენტრმა მ-მა“ აიღო ვალდებულება, რომ იგი, როგორც მშენებლობის დამკვეთი, გადაუხდიდა შემსრულებლებს სამუშაოს ღირებულებას - 30 000 ლარს ეტაპობრივად, პირველი ეტაპის - საძირკველის მომზადება-ჩასხმის ღირებულებას - 15 000 ლარს, მეორე ეტაპის - კედლის ამოშენების ღირებულებას - 10 000 ლარს, მესამე ეტაპის - ჭერის დასხმის ღირებულებას - 5000 ლარს. მოცემული გარემოებები ასევე სრულად იქნა დადასტურებული მოწმის სახით დაკითხული მამუკა აშკაშაძისა და აკაკი მგალობლიშვილის მიერ. მოპასუხე შპს „სავაჭრო ცენტრმა მ-მა“ აიღო ვალდებულება, მოსარჩელე ლ. ფ-ის მიმართ, რომ მას მშენებლობის ზედამხედველობის სანაცვლოდ, გადაუხდიდა აშენებული შენობის ღირებულების 6%-ს, რომელიც არ შედიოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში. აუდიტორული დასკვნით, მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეების: ლ. ფ-ის, ნ. ფ-ის, დ. დ-ისა და ბ. გ-ის მიერ სრულად არ იქნა შესრულებული 2009 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შენობის აშენების შესახებ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. შპს „სავაჭრო ცენტრი მ-ის“ მიერ არ არის შესრულებული ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მას ლ. ფ-ისათვის, ნ. ფ-ისათვის, დ. დ-ისა და ბ. გ-ისათვის 837 კვ.მ მშენებლობის ღირებულებისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისათვის შეთანხმებული შენობის საერთო ღირებულების 6% არ გადაუხდია. არსებული მდგომარეობით, ამავე დასკვნიდან გამომდინარე, შენობის მეორე სართულის სართულშორისი (ჭერი) არ არის დასხმული ბეტონის ხსნარით, მაგრამ შენობის ჭერში ან მეორე სართულის იატაკის მოსაწყობად შეჭედილია ხის კონსტრუქციები, დაგებული და შეკერილია მთელ იატაკზე არმატურის ორმაგი ფენა. ლ. ფ-ეს, ნ. ფ-ეს, დ. დ-ესა და ბ. გ-ეს სრულყოფილად არ შეუსრულებიათ 2009 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რასაც ისინიც არ უარყოფენ. მოსარჩელეთა განმარტებით, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენს 1500 ლარს (სამუშაოების მესამე ეტაპი მოსარჩელეებს სრულად არ შეუსრულებიათ). ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მესამე ეტაპი მოიცავდა შენობის ჭერის მოწყობას ხის კონსტრუქციების შეჭედვას, მთელ ჭერზე არმატურის ორმაგი ფენის დაგებასა და შეკერვას, აღნიშნულის შემდგომ ბეტონის ხსნარით ჭერის დასხმას. მენარდეები თანახმა არიან, დაასრულონ სამუშაო შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების გადახდის შემდგომ. 2011 წლის 12 აპრილის აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ.ბათუმში, ხ-ის ქ№37-ში ამჟამად არსებული შენობის საბაზრო ღირებულება 150000 აშშ დოლარია, შესაბამისად, სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელე ლ. ფ-ის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ მისთვის მოპასუხეს, 2009 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების თანახმად, გადასახდელი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი მონაწილეთა შორის ხელშეკრულებაა. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებმა დადეს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობაში შპს „სავაჭრო ცენტრი მ-ი“ წარმოადგენდა შემკვეთს, ხოლო ლ. ფ-ე, ნ. ფ-ე, დ. დ-ე და ბ. გ-ე არიან მენარდეები. ვალდებულების სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის საწინააღმდეგო შესრულება იწვევს ვალდებულების დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში, ლ. ფ-ემ, ნ. ფ-ემ, დ. დ-ემ და ბ. გ-ემ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, თუმცა, თანხის გადახდის შემთხვევაში, ისინი წინააღმდეგი არ იყვნენ, მთლიანად დაესრულებიათ სამუშაოს მესამე ეტაპი, ამასთან, სამუშაოს დაუსრულებლობა გამოწვეული იყო შემკვეთის ბრალით. შემკვეთს არც ერთ ეტაპზე შეთანხმებული საზღაური არ გადაუხდია, ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ. ფ-ეს, ნ. ფ-ეს, დ. დ-ესა და ბ. გ-ეს უნდა აუნაზღაურდეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შეუსრულებელი სამუშაოსათვის გათვალისწინებული თანხის - 1500 ლარის გამოკლებით. ლ. ფ-ეს კი უნდა აუნაზღაურდეს ხელშეკრულებაში მითითებული თანხა აუდიტორული დასკვნით განსაზღვრული ამჟამად არსებული შენობის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. პალატამ ასევე იხელმძღვენელა სამოქლაქო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ლ. ფ-ის, ნ. ფ-ის, დ. დ-ისა და ბ. გ-ის მიერ 2009 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე, რადგან საქმეში წარმოდგენილი შპს „ბ--ის“ 2011 წლის 12 აპრილის აუდიტორული დასკვნის თანახმად, ნაგებობის მე-2 სართულის მშენებლობა დასრულებული არ არის, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხისათვის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების გამოკლების საფუძველია. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 103-ე მუხლზე, და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმებით დადგენილია რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით და რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ, დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო ახდენს ამ გარემოებათა სრულყოფილ კვლევა-შეფასებას.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ის“ დირექტორმა მ.ც-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუითებით:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად ცნო დადგენილად საქმის ფაქტობრივი გარემოებები, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელი და არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. პალატამ არ შეამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებები მოსარჩელეების მოთხოვნასა და დავის არსს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორი შეფასებისა და მათი გამოკვლევის შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. დაუსაბუთებელია, რის საფუძველზე ცნო სასამართლომ დადგენილად 2009 წლის 14 იანვრისა და 2008 წლის 1 იანვრის გაყალბებული ხელშეკრულების ასლები მტკიცებულებად, ასევე რის საფუძველზე გაიზიარა ან რა დასაბუთება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს მათი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გაყალბებულია, არ არსებობს მათი დედნები, ხელშეკრულების დადებას არ ადასტურებს საქმეში მესამე პირად ჩართული შპს „ნ-+-ის“ დირექტორიც. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეებს ხელშეკრულებების დედნების წარდგენა და სასამართლოს ისინი არ გაუთავისუფლებია მათი წარმოდგენის ვალდებულებისაგან. მოცემული გაყალბებული ხელშეკრულების ასლები მტკიცებულებად არ უნდა მიჩნეულიყო და არც სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ისინი. პალატამ უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დასაბუთებისა და სამართლებრივი ნორმების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საქმეში არსებული გაყალბებული ხელშეკრულების საფუძველზე 880 კვ.მ შენობა-ნაგებობის აშენება. პალატას უნდა შეემოწმებინა და სრულყოფილად გამოეკვლია 2011 წლის 12 აპრილის აუდიტორული დასკვნა. შპს „ნ-ს+-ის“ წარმოამადგენლის განმარტებითა და დირექტორის მიმართვით დგინდება, რომ ისინი უარყოფენ მოსარჩელეების მუშაობას და რაიმე ნაგებობის აშენების ფაქტს, შესაბამისად, დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგოა, შენობის აგების ფაქტის დადგენილად მიჩნევა და მისი ღირებულების განსაზღვრა. რაც შეეხება აუდიტორულ დასკვნას, საყურადღებოა მისი შინაარსი, კერძოდ, აუდიტორი აფასებს არა მხოლოდ შენობა-ნაგებობის ღირებულებას, არამედ შენობის დემონტაჟის, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოზვინვის, ნარჩენების გატანისა და შემდგომ აშენებული შენობის ღირებულებას, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ აშენებული შენობის ღირებულება და არა დემონტაჟის, ნარჩენი მასალების გატანისა და მიწის მოზვინვის ღირებულება. მოსარჩელე ლ. ფ-ემ, მოწმეებმა მამუკა ასაკიძემ და აკაკი მგალობლიშვილმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ შენობა-ნაგებობა არ დაუსრულებიათ, ხოლო ლ.ფ-ემ ისიც აღნიშნა, რომ მათ საერთოდ არ განუხორციელებიათ მესამე ეტაპი, რაც გათვალისწინებული იყო მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით. სასამართლო იზიარებს გაყალბებულ ხელშეკრულებას, მაგრამ არ აფასებს მის შინაარს, კერძოდ, არ დაადგინა, თუ როდის უნდა წარმოშობოდა შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ თანხის გადახდის ვალდებულება, სამუშაოების დასრულების შემდგომ, თუ მანამდე. ასევე არ მიცემია შეფასება იმ გარემოებას, თუ როგორ შეეძლო კასატორს სხვის ტერიტორიაზე რაიმე შენობა-ნაგებობის აშენება უფლებამოსილი პირის ნებართვისა და თანხმობის გარეშე, მაშინ, როცა შპს „ნ-+-ის“ დირექტორი კატეგორიულად უარყოფს ხელშეკრულების დადებასა და მოსარჩელეების მიერ ნაგებობის აშენებას. გაურკვეველია, რა მტკიცებულებას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების 1500 ლარის დაკისრების შეცვლის ნაწილში. თუ აღნიშნულის საფუძველი გახდა ლ.ფ-ის განმარტება მესამე ეტაპის შეუსრულებლობის შესახებ, მაშინ პალატას უნდა დაეკლო არა 1500, არამედ 5000 ლარი, რაც დადგენილია გაყალბებული ხელშეკრულებითვე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით შპს „სავაჭრო ცენტრი მ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 31 მარტის №3 საგადახდო დავალებით გადახდილი 1616 ლარისა და მის მიერვე 2012 წლის 25 აპრილს №3 საგადახდო დავალებით გადახდილი 543 ლარის, სულ 2159 ლარის 70% – 1511,3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ შპს „სავაჭრო ცენტრ მ-ს“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 31 მარტის №3 საგადახდო დავალებით გადახდილი 1616 ლარისა და მის მიერვე 2012 წლის 25 აპრილს №3 საგადახდო დავალებით გადახდილი 543 ლარის, სულ 2159 ლარის 70% – 1511,3 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.