Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-565-533-2012 8 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ღ. ც-ე

მოპასუხე – თ. კ-ლი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ღ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. კ-ლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7200 აშშ დოლარის გადახდა; გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ამოღება დადგინდა ქ.ქუთაიში, ვ-ის ქ. №10/7-ში იპოთეკით დატვირთული მ. შ-ის საკუტრებაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით. მ. შ-ის შეგებებული სარჩელი ღ. ც-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 18 იანვრის ხელშეკრულება სესხის ნაწილში, როგორც მოჩვენებითი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ღ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ. კ-ლს ღ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7200 აშშ დოლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ღ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. კ-ლს ღ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12000 აშშ დოლარი. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად..

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შმა და მოითხოვა მისი გაუქმება იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით მ. შ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ავთანდილ ბუსხრიკიძეს 2012 წლის 25 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ავთანდილ ბუსხრიკიძეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 25 აპრილს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.170).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 26 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 30 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.