Facebook Twitter

№ას-582-550-2012 14 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ო“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 25 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „დ-ომ“ მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან სახელშეკრულებო დავალიანების ანაზღაურება 4500 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-9).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „დ-ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 87-98).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „დ-ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, შპს „დ-ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „დ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელშეკრულებო დავალიანების დაფარვა 4500 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 2 აპრილს მხარეებს – ხულოს მუნიცეპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,ბათუმის ე. და ლ.ის საწარმოს” შორის დაიდო ხელშეკრულება ნომერი 13, ტრაქტორის მაკომპლექტებელი ერთი ცალი დანის მიწოდების თაობაზე.

2008 წლის 26 დეკემბერს მხარეებს – ხულოს მუნიცეპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,ბათუმის ე. და ლ.ის საწარმოს” შორის გაფორმდა შეთანხმება ნომერი 13 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ერთი ცალი ტრაქტორის მაკომპლექტებელი დანის ნაცვლად, სამი ცალის მიწოდების თაობაზე.

ხელშეკრულებით და ხელშეკრულებაზე დართული ფორმა №3-ით განისაზღვრა ერთი ცალი ტრაქტორის მაკომპლექტებელი დანის ფასი. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა მისი მყიდველისთვის მიწოდების წესი, ასევე, ანგარიშსწორების საფუძველი და წესი. კერძოდ, ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონელი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის ადგილსამყოფელის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

მიმწოდებლის – შპს ,,ბათუმის ე. და ლ.ის საწარმოს” მყიდველისათვის – ხულოს მუნიცეპალიტეტის გამგეობისთვის ორი ცალი ტრაქტორის მაკომპლექტებელი დანის მიწოდებაზე შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი და მათი ღირებულება მოპასუხის მიერ გადახდილია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 20 დეკემბრის №811 ბრძანებით შპს ,,დ-ოს” შეერწყა შპს ,,ბათუმის ე. და ლ.ის საწარმო”.

მიმწოდებლის – შპს ,,ბათუმის ე. და ლ.ის საწარმოს” მიერ მყიდველისათვის – ხულოს მუნიცეპალიტეტის გამგეობისათვის სადავო მესამე დანის მიწოდებაზე არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი.

შპს ,,ბათუმის ე. და ლ.ის საწარმოს” მიერ მოხდა ტრაქტორის მაკომპლექტებელი მესამე დანის მიწოდება გამგეობისათვის. აღნიშნულზე შედგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა 223781, რომელსაც ხელს აწერს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ხოზრევანიძე. აღნიშნული ნივთი გამგეობის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენილ იქნა ამხანაგომა ,,სტარტისთვის". სადავო ნივთი ამჟამად სწორედ დანიშნულებისამებრ ამხანაგობის მფლობელობაშია.

საქმეზე დადგინდა ისიც, რომ ხულოს მუნიციპალიტეტმა დაადასტურა საქონლის მიღება, მაგრამ საფასურის გადაუხდელობა ახსნა სათანადო სახსრების არქონით. აღნიშნული ფაქტი დადასტურდა მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

საქმეზე დადგინდა, რომ 2008 წლის 2 აპრილს და 2008 წლის 26 დეკემბერს მხარეებს – ხულოს მუნიცეპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,ბათუმის ელექტრომექანიკურ და ლ.ის საწარმოს” შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება ნომერი 13, შპს ,,დ-ოს" მიერ ტრაქტორის მაკომპლექტებელი, მთლიანობაში 3 ცალი დანის მიწოდების თაობაზე, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას აღნიშნული სამუშაოს შესრულებისათვის უნდა გადაეხადა 13500 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,დ-ომ" შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხულოს მუნიციპალიტეტმა მთლიანად არ გადაიხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ე.ი. ჯეროვნად არ შესრულდა ვალდებულება, ხულოს მუნიციპალიტეტს შპს ,,დ-ოს" სასარგებლოდ გადასახდელი დარჩა 4500 ლარი (მესამე დანის ღირებულება).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგან არ არსებობდა მიღება-ჩაბარების აქტი ტრაქტორის მესამე დანის გადაცემის თაობაზე, ამიტომ შპს ,,დ-ოს" მხრიდან ვალდებულება შეუსრულებლად უნდა მიჩნეულიყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 619-659-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შესრულებული სამუშაოს მიღების ფორმაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ამ ფორმის დაუცველობა, ანუ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდებოდა ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლებოდა გამხდარიყო სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა (ს.ფ. 175-183).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის მოსაწესრიგებლად სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის გამოყენებას, ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია ისე, როგორც ეს ხელშეკრულების პირობებით იყო გათვალისწინებული, კერძოდ, არ წარუდგენია მიღება-ჩაბარების აქტი. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილს, რომელზეც საუბარია გადაწყვეტილებაში, იგი შედგენილია ზერელე დამოკიდებულებით და, სავარაუდოდ, გამგებელს არც მოუკითხავს სადავო ნივთი აყვანილი იყო თუ არა გამგეობის ბალანსზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 3 მარტი, საგადახდო დავალება № 10, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.