Facebook Twitter

№ას-596-562-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – კ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ. ს-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოპასუხე – ე. ა-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანცციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ძირითად სარჩელში - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, შეგებებულ სარჩელში - სესხის ძირითადი თანხის, ასევე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. ს-სა და ე. ა-ის მიმართ კ. ხ-სა და პ. ს-ს შორის 2008 წლის 6 აგვისტოს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ქ.ხაშურში, გ-ის ქუჩა №20-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

კ. ხ-სა და პ. ს-ს შორის 2008 წლის 6 აგვისტოს სანოტარო წესით წერილობით დაიდო სარგებლიანი, ვადიანი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პ. ს-მა კ. ხ-ს ასესხა 11000 აშშ დოლარი, სესხის უზრუნველყოფის მიზნით კი, იპოთეკით დაიტვირთა ქ.ხაშურში, გ-ის №20-ში მდებარე კ. ხ-ის უძრავი ქონება. შეთანხმების შესაბამისად, გამსესხებელს 11000 აშშ დოლარი მსეხებლისათვის უნდა გადაეცა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში, რაც მას არ განუხორციელებია. მოპასუხე ე. ა-მა პ. ს-ისაგან მისი სახელით მიღებული 11000 აშშ დოლარი მიითვისა, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ე.ა-ია მსჯავრდებულია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამჟამად იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე პ. ს-ის სახელზე.

მოპასუხე პ. ს-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს კ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა კ. ხ-სა და პ. ს-ს შორის 2008 წლის 6 აგვისტოს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე კ. ხ-სათვის მოსარჩელე პ. ს-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 11000 აშშ დოლარისა და მის მიერვე მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის - 5000 ლარის ანაზღაურება. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებს:

კ. ხ-სა და პ. ს-ს შორის 2008 წლის 6 აგვისტოს სანოტარო წესით დაიდო სარგებლიანი, ვადიანი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც პ. ს-მა კ. ხ-ს ასესხა 11000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 7%-ის სარგებლით, განისაზღვრა ასევე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, რომელიც შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.3%-ს, ხელშეკრულება დაიდო 3 თვით - 2008 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით კი, იპოთეკით დაიტვირთა ქ.ხაშურში, გ-ის ქუჩა №20-ში მდებარე კ. ხ-ის უძრავი ქონება. სესხზე გადახდილია სამი თვის პროცენტი, რის შემდეგაც მოპასუხეს ვალდებულება აღარ შეუსრულებია, ამასთან, მოპასუხე არც სესხის ძირითად თანხას აბრუნებს. სესხის თანხა - 11000 აშშ დოლარი კი გამსესხებელმა მსესხებელ გურამ მოსულიშვილის თანდასწრებით ქ.თბილისში, სანოტარო ბიუროში გადასცა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე, მოპასუხის განუწყვეტელი საჩივრებით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, მიიღო ნერვული სტრესი და გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მოპასუხე ე. ა-მა სარჩელი ცნო და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, მან შესაგბელით სადავო არ გახადა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ 11000 აშშ დოლარი მიღებული აქვს მას, რომელიც მოსარჩელისათვის არ გადაუცია. იგი სესხის სარგებელს უხდიდა მოპასუხეს თავისი სახელით და გადახდილი აქვს 3 თვის პროცენტი.

მოპასუხე პ. ს-მა სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მოპასუხემ სადავო გახდა სარჩელში მითითებული მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს სესხის თანხა - 11000 აშშ დოლარი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის თანხის დაკისრების გამო, უძრავი ქონება ვერც განმეორებით აუქციონზე იქნა რეალიზებული, რის შედეგადაც იგი ნატურით გადაეცა საკუთრებაში პ.ს-ს, ამასთან, მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

კ. ხ-მა არ ცნო შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები გარდა იმისა, რომ მას სესხის თანხა არ მიუღია, არც სესხზე პროცენტი გადაუხდია და მისი ქმედების გამო მოსარჩელეს მატერიალური და მორალური ზიანი არ განუცდია.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კ. ხ-სა და პ. ს-ს შორის 2008 წლის 6 აგვისტოს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, კ. ხ-ი აღიარებულ იქნა ქ.ხაშურში, გ-ის ქუჩა №20-ში მდებარე უძრავი ქონებისა და მასზე აღმართული შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ (საკადასტრო კოდით ...) მოპასუხეებს: პ. ს-სა და ე. ა-ს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 3000 ლარის გადახდა, პ. ს-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისს მიღებული №2/170-11 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩა ძალაში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ს-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა პ. ს-ის შეგებებული სარჩელი, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა პ. ს-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 6 აგვისტოს კ. ხ-სა და პ. ს-ს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პ. ს-მა კ. ხ-ს ასესხა 11000 აშშ დოლარი, თვიური 7% სარგებლით, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0.3%-ით. ხელშეკრულება დაიდო 3 თვით, 2008 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ.ხაშურში, გ-ის №20-ში მდებარე კ. ხ-ის უძრავი ქონება. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „მ-ის“ 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პ. ს-ის პრეტენზია, კ. ხ-ს პრეტენდენტის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა - 11000 აშშ დოლარი და სარგებელი - 770 აშშ დოლარი, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ქ.ხაშურში, გ-ის ქ№20-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. აღნიშნული გადაწყვეტილება კ. ხ-ს არ გაუსაჩივრებია. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხემ საქმის განხილვის ეტაპზე ცნო პრეტენდენტის მოთხოვნა, აღიარა ვალის არსებობა და მხარი დაუჭირა ბინის აუქციონის წესით რეალიზაციას, ვინაიდან არ გააჩნია ვალის დაფარვის სხვა საშუალება. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟ „მ-ის“ 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 27 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 10 ივლისის ქონების კრედიტორისათვის ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების საფუძველზე ქ.ხაშურში, გ-ის ქ№20-ში მდებარე უძრავი ქონება ნატურით გადაეცა კრედიტორ პ. ს-ს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, 2008 წლის მაისში კ. ხ-ი დაუკავშირდა ე. ა-ს და სთხოვა, მისთვის სარგებლით ესესხებინა 12000 აშშ დოლარი, რა დროსაც ე. ა-მა და მაყვალა ხანდაველმა განიზრახეს კ. ხ-ის სახელით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ დიდი ოდენობის თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე. ა-ი დაჰპირდა კ. ხ-ს 12000 აშშ დოლარის 5%-იანი სარგებლით სესხებას, სესხის მიღების სანაცვლოდ კი, კ. ხ-ისაგან მოითხოვა მისი კუთვნილი სახლის იპოთეკით დატვირთვა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. კ. ხ-ს ეჭვი არ შეუტანია ე. ა-ის განზრახვაში, რითაც ისარგებლა ე. ა-მა და მისგან მალულად, მაყვალა ხანდაველთან შეთანხმებისამებრ და ამ უკანასკნელის მეშვეობით დაუკავშირდა თანხის სარგებლით გასესხების მსურველ პ. ს-ს. 2008 წლის 6 აგვისტოს მაყვალა ხანდაველმა კ. ხ-ი წაიყვანა ქ.თბილისში, მ-ის ქ№29-ში მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნუგზარ მინდიაშვილთან, სადაც კ. ხ-ს განუმარტეს, რომ ხელს აწერდა 12000 აშშ დოლარის სესხის მიღებაზე, რეალურად კი ხელშეკრულებაში მიუთითეს, თითქოს ამ უკანასკნელს პ. ს-მა სარგებლით ასესხა 11000 აშშ დოლარი და სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა კ. ხ-ის კუთვნილი ბინა. ე. ა-ს კ. ხ-ისათვის თანხა არ გადაუცია, ხოლო 11000 აშშ დოლარი ამ უკანასკნელის სახელით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც კ. ხ-ს მიადგა 11000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. აპელანტის მიერ წარდგენილ იქნა 2008 წლის 16 ივნისს გაფორმებული მინდობილობა, რომლითაც კ. ხ-მა ე. ა-ს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილებანი: მარწმუნებლის სახელით აწარმოოს მოლაპარაკება ნებისმიერ ბანკთან ან ფიზიკურ პირთან სესხის მისაღებად, მარწმუნებლის ინტერესების დაცვით თავისი შეხედულებით განსაზღვროს სესხის დადების ვადა და პირობები, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთოს მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ.ხაშურში, გ-ის ქ№20-ში. იყოს მარწმუნებლის წარმომადგენელი სანოტარო ბიუროში, მარწმუნებლის სახელით დადოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მოაწეროს ხელი, იყოს წარმომადგენელი საჯარო რეესტრში, დაარეგისტრიროს უძრავი ქონება და მიიღოს ამონაწერი, იყოს წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი გარემოებებისა და 2008 წლის 16 ივნისს გაფორმებული მინდობილობის შეფასების საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გამსესხებელმა პ. ს-მა ფული გადასცა კ. ხ-ის წარმომადგენელ ე. ა-ს, ამ უკანასკნელმა კი, დანაშაულის ჩადენის გზით, მიითვისა გადაცემული თანხა. პ. ს-ის დანაშაულებრივი კავშირი ე. ა-თან დადგენილი არ არის. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე კ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2008 წლის 6 აგვისტოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ქ.ხაშურში, გ-ის ქ№20-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ ე. ა-მა კ. ხ-ს მიაყენა 11000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. პ. ს-ის მიმართ განაჩენი არ დამდგარა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლი, ვინაიდან ზემოაღნიშნული განაჩენის საფუძველზე კ. ხ-ს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ე. ა-ის მიმართ და არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქ.ხაშურში, გ-ის ქ№20-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის უფლება პ. ს-ის მიმართ. რაიონულმა სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დგინდება პ. ს-ის (გამსესხებლის) მხრიდან კ. ხ-ის (მსესხებლის) მოტყუების ფაქტი, ასევე პ. ს-ის დანაშაულებრივი კავშირი ე. ა-თან. რაც შეეხება ე. ა-ის მიერ კ. ხ-ის მოტყუებას, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვერ გახდება პ. ს-სა (გამსესხებელსა) და კ. ხ-ს (მსესხებელს) შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, ამდენად, კ. ხ-ს არ გააჩნია 2008 წლის 6 აგვისტოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესი. სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა თავისი შინაარსით წარმოადგენს აღიარებითი ხასიათის სარჩელს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და, რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია საკითხის გარკვევა – გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. სასამართლოს განმარტებით, აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო საკითხისადმი, რაც მითითებული უნდა იყოს სარჩელში. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე, მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „მ-ის“ 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა პ. ს-ის პრეტენზია, კ. ხ-ს პრეტენდენტის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 11000 აშშ დოლარი და სარგებელი 770 აშშ დოლარი. აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ქ.ხაშურში, გ-ის ქ№20-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სადავო უძრავი ქონება ორჯერ იქნა გატანილი აუქციონზე სარეალიზაციოდ, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ქონება ნატურით საკუთრებაში გადაეცა კრედიტორ პ. ს-ს. პ. ს-მა საკუთრების უფლება ქ.ხაშურში, გ-ის ქ№20-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მოიპოვა აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ მდგომარეობს ქ.ხაშურში, გ-ის ქ№20-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოსარჩელისათვის გადაცემაში, ვინაიდან, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება პ. ს-მა მოიპოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, ამასთან, პ. ს-ის საკუთრების სამართლებრივი საფუძველი ნამდვილია და მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა, შესაბამისად, როდესაც ძალაშია ხსენებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და აღმასრულებლის განკარგულება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ წარმოშობს ქ.ხაშურში, გ-ის ქ№20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კ. ხ-ის საკუთრებაში დაბრუნების შესაძლებლობას.

შეგებებულ სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით პალატამ მიუთითა მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „მ-ის“ 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, ერომ ვერ იმსჯელებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე, ხოლო მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული, რადგანაც მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებდა, თუ რა ზიანი მიადგა მას და რა ოდენობით. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ განსახილველი სარჩელი არ არის ხაშურის რაიონული სასამართლოს განსჯადი, რადგანაც, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც მართებულად განემარტა მხარეს, ძირითადი სარჩელი აღძრულია როგორც სესხის ხელშეკრულების, ასევე უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით, სესხის ხელშეკრულების მიხედვით კი, ხელშეკრულების შესრულების ადგილი გურჯაანია, ხოლო უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის მიხედვით - ხაშური, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, მოსარჩელის პრეროგატივას წარმოადგენდა, მოსარჩელის გადაწყვეტილებით კი, სარჩელი განსჯად ხაშურის რაიონულ სასამართლოში იყო აღძრული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასციო წესით გაასაჩივრა კ. ხ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ხ-ს პ. ს-ისაგან თანხა არ მიუღია, თუმცა ეს უკანასკნელი საპირისპიროს ამტკიცებდა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოშიც. პალატამ ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ თანხა გადასცა ე. ა-ს. სასამართლომ არ გაიზიარა კ.ხ-ის მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომელიც დაიდო კასატორის მოტყუებით და პალატა დაეყრდნო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომლის გამოტანის საფუძველიც გახდა პ.ს-ის მიერ ცილისმწამებლური ფაქტის მითითება, რომ მან თანხა გადასცა კასატორს. სასამართლომ ძირითადად არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა, რომელიც, როგორც ახალი მტკიცებულება, ისე მიიღო და დაურთო საქმეს, რაც არასწორია, რადგანაც მხარეს მტკიცებულებების წარდგენა შეეძლო მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ჯ.ხ-ს საარბირტაჟო საქმის განხილვისას ვალი არ უღიარებია, რადგან მას რაიმე თანხა არ მიუღია, მან არბიტრაჟს წარუდგინა ხაშურის რაიონის გამომძიებლის მიერ გაცემული ცნობა საქმის განხილვის შეჩერების მიზნით (ვინაიდან აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და, შესაბამისად, აუცილებელი იყო საქმის წარმოების შეჩერება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე). კასატორმა განცხადებით მიმართა ზემდგომ ორგანოებს და მოითხოვა პ.ს-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რადგან ე.ა-ი და პ.ს-ი ერთობლივად მოქმედებდნენ. კ.ხ-ის ზემოაღნიშნული განმარტება სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ამჟამად კი, კ.ხ-ი და მისი ოჯახი დარჩენილი არიან უსახლკაროდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით კ. ხ-ი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწიილს გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა კ. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწიილს „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კ. ხ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.