Facebook Twitter

№ას-606-572-2012 14 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ნ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ.ნ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ნ-ის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთისა და მოპასუხის დავალდებულების მოთხოვნით გაათავისუფლოს ნ. ს-ის კუთვნილ 18 კვ.მ სარდაფამდე მისასვლელი გზა, (ზ. ნ-ემ მოშალოს ეზოდან სარდაფის სართულის შესასვლელში მოწყობილი კარები და ნ. ს-ის კუთვნილ სარდაფში შემავალი კარის ღიობში მოწყობილი ტანსაცმლის საკიდი) შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გააჩნია და ცხოვრობს ქ.თბილისში, ზ.ქ-ის ქ№32-ში მდებარე იტალიური ეზოს ტიპის სახლში. გარდა საცხოვრებელი ფართისა, მოსარჩელე საკუთრების უფლებით ასევე ფლობს სარდაფს, რომელიც მეზობლის სარდაფთან წარმოადგენს ურთიერთგამავალს, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოს დასკვნით. მოსარჩელე წლების განმავლობაში ვერ სარგებლობს კუთვნილი სარდაფით, რაც განპირობებულია მოპასუხის მიერ საკუთარ სარდაფში საცხოვრებლის მოწყობით. ზ.ნ-ე არ არის თანახმა მოცემული საკითხის მორიგებით დასრულებაზე კომპენსაციის მიღების ან გადახდის სანაცვლოდ, ამასთანავე, მოსარჩელემ დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა საპატრულო პოლიციას, რასაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელის კუთვნილი სარდაფი არ ემიჯნება ზ.ნ-ის ქონებას, რაც გამორიცხავს სარჩელში მითითებული ფაქტის ნამდვილობას და, შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობას. ქ.თბილისში, ზ.ქ-ის ქ№32-ში (ყოფილი ბ-ის ქუჩა 32) მდებარე 26 კვ.მ უძრავი ქონება მას გადაეცა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ოს“ 2008 წლის 22 ივლისის კრების გადაწყვეტილებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აეკრძალა ზ. ნ-ეს ნ. ს-ისათვის ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №32-ში (ქ-ის ქუჩა №32) მდებარე 18 კვ.მ სარდაფით (საკადასტრო კოდი ...) სარგებლობის ხელშეშლა, ასევე დაევალა მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილ 18 კვ.მ სარდაფამდე მისასვლელი გზის გათავისუფლება, კერძოდ, ეზოდან სარდაფის სართულის შესასვლელში მოწყობილი კარებისა და ნ. ს-ის კუთვნილ სარდაფში შემავალი კარის ღიობში მოწყობილი ტანსაცმლის საკიდის მოშლა. ამავე გადაწყვეტილებით განემარტა ზ. ნ-ეს, რომ, თუ იგი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არ შეასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ს-ის კუთვნილ 18 კვ.მ სარდაფამდე მისასვლელი გზის გათავისუფლების, ეზოდან სარდაფის სართულის შესასვლელში მოწყობილი კარებისა და ნ. ს-ის კუთვნილ სარდაფში შემავალი კარის ღიობში მოწყობილი ტანსაცმლის საკიდის მოშლის შესახებ, ნ. ს-ეს უფლება ექნებოდა, ეს მოქმედება შეესრულებინა მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში ბ-ის ქუჩა №32-ში (ამჟამად ზ.ქ-ის ქუჩა №32) მდებარე 18 კვ.მ სარდაფი (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია ნ. ს-ის საკუთრებად, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე 4კვ.მ სარდაფი (საკადასტრო კოდი №...) - ზ. ნ-ის საკუთრებად. ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №32-ში მოპასუხე ზ. ნ-ის საკუთრებად რეგისტრირებული იყო საცხოვრებელი ფართი 11.00/404 (საკადასტრო კოდი ...). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ოს“ 2008 წლის 23 ივლისის №2 კრების გადაწყვეტილებით, ზ. ნ-ეს საკუთრებაში გადაეცა 26,82 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (რომელსაც, მოპასუხის განცხადებით, ფაქტობრივად ფლობდა) და საჯარო რეესტრში აღნიშნული ფართი აღირიცხა ზ. ნ-ის საკუთრებად იმავე საკადასტრო კოდით - №.... პალატამ მიუთითა ამავე სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით დანიშნულ ექსპერტიზაზე, რომელსაც გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი კითხვები: ა) თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტებისა და არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის თანახმად, ზ. ნ-ის საკუთრებაში არსებული 26.82 კვ.მ საცხოვრებელი ფართის (მდებარე ქ.თბილისში, ზ. ქ-ის ქუჩა №32-ში (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) მომიჯნავედ მდებარეობს თუ არა ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული 18.00 კვ.მ სარდაფი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...); ბ) ზ. ნ-ის საკუთრებაში არსებული 26.82 კვ.მ საცხოვრებელ ფართში, (მდებარე: ქ.თბილისში, ზ. ქ-ის ქუჩა №32, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...), არის თუ არა მოწყობილი შესასვლელი ღიობი (მოქმედი ან ამოშენებული) ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული 18.00 კვ.მ სარდაფის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) მომიჯნავედ; გ) ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული 18.00 კვ.მ სარდაფში (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) არის თუ არა მოწყობილი შესასვლელი ღიობი (მოქმედი ან ამოშენებული) და ვის საკუთრებაში არსებული ფართის მხარეს; დ) თუკი ზ. ნ-ის საკუთრებაში არსებული 26.82 კვ.მ საცხოვრებელი ფართის (მდებარე: ქ.თბილისში, ზ. ქ-ის ქუჩა №32, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) მომიჯნავედ მდებარე რომელიმე ფართში არ არის მოწყობილი შესასვლელი ღიობი - შესაძლებელია თუ არა ნ. ს-ის სარდაფში ღიობის მოწყობა ზ. ნ-ის საკუთრებაში არსებული ფართის გამოყენების გარეშე; ე) საქმეში არსებულ 1957 წლის 22 მარტის გეგმაზე ზ. ნ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მომიჯნავედ მდებარე არასაცხოვრებლ ფართებში არის თუ არა დატანილი შესასვლელი ღიობები არა ზ. ნ-ის საკუთრებაში არსებული 26.82 კვ.მ საცხოვრებელი ფართის (მდებარე: ქ.თბილისი, ზ. ქ-ის ქუჩა №32, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...), არამედ სხვა მხრიდან. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 27 დეკემბრის N5-027490-2011 დასკვნის თანახმად: ა) ქ.თბილისში, ზ. ქ-ის ქუჩა N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფის სართულზე არსებული ზ. ნ-ისა და ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული ფართები წარმოადგენს მომიჯნავე ფართებს, მათ აქვთ საერთო გამყოფი კედელი. ბ) დღეის მდგომარეობით, ზ. ნ-ის ფართიდან ნ. ს-ის საკუთრებაში არსებულ ფართში გასასვლელი ღიობი არ შეიმჩნევა. დღეისათვის ზ. ნ-ისა და ნ. ს-ის ფართებს შორის არსებულ გამყოფ კედელში ნ-ის სათავსების მხარეს მოწყობილია ჩაშენებული კარადა, ხოლო ზუსტად იმის დადგენა, არსებობდა თუ არა ფაქტობრივად მხარეების კუთვნილ ფართებს შორის გასასვლელი ღიობი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ნ. ს-ის კუთვნილი ფართის შიგნიდან დათვალიერება; გ), დ) და ე) კითხვებზე ექსპერტმა უპასუხა: საქმის მასალებში წარმოდგენილი 1957 წლის 22 მარტის საინვენტარიზაციო გეგმაზე ნ. ს-ის N1-1 სათავსში შესასვლელი ნაჩვენებია, როგორც ზ. ნ-ის N1-4 სათავსიდან, ასევე, N1-2 სათავსიდან, რომელიც დღეისათვის დაკავებული აქვს რ. ლ-ეს. ექსპერტმა დაათვალიერა რ. ლ-ის მიერ დაკავებული N1-2 ფართი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ფართში არსებობს ნ. ს-ის N1-1 სათავსში გასასვლელი კარის ღიობი (ისე, როგორც ეს საინვენტარიზაციო გეგმაზე არის ნაჩვენები), თუმცა აღნიშნული ღიობი დღეისათვის გადაკეტილია ხის კონსტრუქციის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ დემონტირებული იქნება აღნიშნული ხის კონსტრუქცია, მაშინ შესაძლებელი იქნება რ. ლ-ის სათავსიდან ნ. ს-ის სათავსში შესასვლელის მოწყობა ისე, როგორც ეს 1957 წლის 22 მარტის გეგმაზეა ნაჩვენები. ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიჩნია, რომ ქ.თბილისში, ზ. ქ-ის ქუჩა N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფის სართულზე არსებული ზ. ნ-ის და ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული ფართები წარმოადგენს მომიჯნავე ფართებს, მათ აქვთ საერთო გამყოფი კედელი, 1957 წლის 22 მარტის საინვენტარიზაციო გეგმაზე ნ. ს-ის N1-1 სათავსში შესასვლელი ნაჩვენებია, როგორც ზ. ნ-ის N1-4 სათავსიდან, ასევე, N1-2 სათავსიდან, რომელიც დღეისათვის დაკავებული აქვს რ. ლ-ეს, ფართის ვიზუალური დათვალიერების შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ფართში არსებობს ნ. ს-ის N1-1 სათავსში გასასვლელი კარის ღიობი.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპეროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, 105-ე მუხლზე და უტყუარ მტკიცებულებად არ იქნა მიჩნეული მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომ წლების მანძილზე სარგებლობდა სადავო შესასვლელით და არ არსებობდა ნ. ს-ის კუთვნილ 18 კვ.მ სარდაფამდე მისასვლელი ალტერნატიული გზა, პალატის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ იგი სწორედ ზ. ნ-ის საცხოვრებელი ფართის გავლით სარგებლობდა თავისი სარდაფით და ზ.ნ-ის მიერ ეს უფლება შეზღუდულ იქნა. დადგენილია ის ფაქტიც, რომ ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №32-ში მოპასუხე ზ. ნ-ის საკუთრებად რეგისტრირებული იყო საცხოვრებელი ფართი 11.00/404 (საკადასტრო კოდი ...). ბინამესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ოს“ 2008 წლის 23 ივლისის №2 კრების გადაწყვეტილებით ზ. ნ-ეს საკუთრებაში გადაეცა 26,82 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომელსაც იგი წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდა. კრების ოქმს ხელს აწერს კრების მდივანი ნ. ს-ე, რომელიც ღებულობდა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას და რომელიც დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ზ. ნ-ეს საკუთრებაში გადასცემოდა სწორედ ის ფართი, რომლითაც მოპასუხე ფაქტობრივად სარგებლობდა და რომელიც იმყოფებოდა ნ.ს-ის სარდაფის მომიჯნავედ. კრებაზე ნ.ს-ეს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს და არ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ ზ.ნ-ისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემით ხელი შეეშლებოდა მის საკუთრებაში არსებული სარდაფით სარგებლობაში.

პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 174-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ნ.ს-ის სარდაფის მომიჯნავედ ზ.ნიშნიანის საკუთრებაში არსებული ფართი წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს (კრების ოქმით ზ.ნ-ეს გადაეცა საცხოვრებელი ფართი), მას 26,82 კვ.მ ფართში მოწყობილი აქვს საძინებელი და თავის ოჯახთან ერთად სარგებლობს სცხოვრებელი ფართის დანიშნულებით. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, დადგენილია, რომ ბინამესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ოს“ 2008 წლის 23 ივლისის №2 კრების გადაწყვეტილებით ზ. ნ-ეს საკუთრებაში გადაეცა 26,82 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და საჯარო რეესტრში აღნიშნული ფართი აღირიცხა ზ. ნ-ის საკუთრებად იმავე საკადასტრო კოდით - №.... საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.თბილისში ბ-ის ქუჩა №32-ში (ამჟამად ზ.ქ-ის ქუჩა №32) მდებარე 18 კვ.მ სარდაფი (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია ნ. ს-ის საკუთრებად, ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფის სართულზე არსებული ზ. ნ-ისა და ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული ფართები წარმოადგენს მომიჯნავე ფართებს, მათ აქვთ საერთო გამყოფი კედელი, ხოლო მოსარჩელე ვერ სარგებლობს კუთვნილი სარდაფით. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით და, ვინაიდან, მოსარჩელე ნ. ს-ემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებით თანახმად, ვერ დაადასტურა წლების მანძილზე სადავო შესასვლელით სარგებლობის ფაქტი, ამასთან, არ არსებობს ნ. ს-ის კუთვნილ 18 კვ.მ სარდაფამდე მისასვლელი ალტერნატიული გზა, მიიჩნია, რომ დაცული უნდა იქნეს უპირატესი მესაკუთრის ინტერესები, ვინაიდან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში (თუ ზ. ნ-ეს აეკრძალება ნ. ს-ისათვის ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №32-ში (ქ-ის ქუჩა №32) მდებარე 18 კვ.მ სარდაფით (საკადასტრო კოდი ...) სარგებლობის ხელშეშლა და დაევალება, გაათავისუფლოს ნ. ს-ის კუთვნილი 18 კვ.მ სარდაფამდე მისასვლელი გზა, კერძოდ, მოშალოს ეზოდან სარდაფის სართულის შესასვლელში მოწყობილი კარები და ნ. ს-ის კუთვნილ სარდაფში შემავალი კარის ღიობში მოწყობილი ტანსაცმლის საკიდი), შეილახება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გარანტირებული მესაკუთრის უფლება - თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, მოცემულ შემთხვევაში კი, საცხოვრებელი ფართით. სასამართლომ ასევე მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 27 დეკემბრის N5-027490-2011 დასკვნაზე, რომლის თანახმადაც არსებობს ალტერნატიული გზა ნ.ს-ის სარდაფამდე მისასვლელი და ჩათვალა, რომ არ არსებობს ნ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწტყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგანაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია კასატორის მიერ კუთვნილი სარდაფის გამოყენების ხელშეშლის ფაქტი, რადგანაც სარდაფამდე მისასვლელი გზა დაკეტილია, ეზოდან სარდაფის სართულში შესასვლელი კარის მოწყობისა და ნ. ს-ის სარდაფში შემავალი კარის ღიობში ტანსაცმლის საკიდის მოწყობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით. მოპასუხე ზღუდავს მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებას, საკონსტიტუციო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი, ამასთან არ გამოიყენა ამავე კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი გზის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

კასატორმა წარმოადგინა და საკასაციო საჩივარს დაურთო სსიპ „ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 3 აპრილის დასკვნა 6 ფურცლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ს-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 17 აპრილის №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებას - ექსპერტის დასკვნას, პალატა მიიჩნევს, რომ ის უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 6 ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. ს-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით სახით მის მიერ 2012 წლის 17 აპრილის №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება - ექსპერტის დასკვნა 6 ფურცლად (ტ.მე-2, ს.ფ.108-113).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.