Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-608-574-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ხ. ი-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ი, მ. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება საქალაქო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – სამკვიდროდან რეალური წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ისა და ა. მ-ის მიმართ სამკვიდრო ქონებიდან რეალური წილის გამოყოფის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ხ. ი-ის სარჩელი, სხდომაზე მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა იმავე სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ხ. ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე ხ. ი-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით ხ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე, 215-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ხ. ი-ი და მისი წარმომადგენელი ანნა თვარაძე სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვაზე მოწვეულ იქნენ კანონით დადგენილი წესით. აპელანტმა ასევე ვერ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზებზე. აპელანტის წარმომადგენელი ანნა თვარაძე ასევე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მას 10-15 წუთით დააგვიანდა სასამართლო პროცესზე გამოცხადება, ხოლო რაც შეეხება თავად მოსარჩელე ხ. ი-ს, იგი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ 2011 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, თუმცა სხდომის მდივნმა იგი არ გამოიძახა და დარბაზში არ შეიყვანა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში იგი უნდა გამოცხადებულიყო სხდომათა დარბაზში სხდომის მდივნის მიერ მხარეთა დარბაზში გამოძახების დროს.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 მარტის განჩინების თანახმად, ხ. ი-ის ანალოგიური სარჩელი მოპასუხეების – მ. მ-ისა და ა. მ-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო. სარჩელის განუხილველად დატოვება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოპასუხეებმა არ მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის 2011 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა მიმართული იყო საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხ. ი-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება საქალაქო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლი. მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, ვინაიდან მოსარჩელე იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში და არ გამოცხადდა სხდომის დარბაზში, მან უარი თქვა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. ხ. ი-ის განმარტებით, მისი სხდომის დარბაზში გამოუცხადებლობა გამოიწვია იმან, რომ სხდომის მდივანს არ გამოუძახებია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შენობაში იყო და ელოდებოდა პროცესის დაწყებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმა უნდა იყოს მხარის შეგნებული და განზრახი მოქმედება. ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულია, რომ საქმე ეხება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და არა სასამართლო შენობაში გამოცხადებას, როგორც ეს სააპელაციო პალატამ განმარტა. ნორმის მოქმედება ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც მხარე სხდომათა დარბაზში იმყოფება და უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, ის კი სასამართლოს შენობაში იყო სხდომათა დარბაზის გარეთ.

ხ. ი-ის მოსაზრებით, მისი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმად, თუ მას სასამართლო სხდომის მდივანი გამოიძახებდა და ის შეგნებულად უარს იტყოდა სხდომათა დარბაზში შესვლაზე, ან საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. სხდომის მდივანმა დაარღვია თავისი ვალდებულება, რის გამოც მხარემ ვერ მოახერხა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. ამდენად, მას შეგნებულად არ უთქვამს უარი საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, ის მზად იყო ამისთვის და აღნიშნული მის ინტერესბეში შედიოდა, რისი დასტურიც სასამართლოს შენობაში ნახევარი საათით ადრე გამოცხადებაც არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც საფუძვლად დაედო საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას.

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი. აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას და ამ მუხლის განმარტებას დაუსწრებელ გადაწყვეტილებათა მიმართ, რომლის თანახმადაც, მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის და სხდომის გადადებისათვის არ არის სავალდებულო დაუძლეველი ძალის არსებობა, არამედ საკმარისია სხვა მოვლენის არსებობაც, რასაც მხარის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა შეეძლო. თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდება მხარის გამოუცხადებლობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, მან უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სამართალწარმოების კონსტიტუციური პრინციპის დაცვა და მხარეს საქმეში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა უნდა მისცეს, თუნდაც მას ეჭვი ეპარებოდეს მხარის გამოუცხადებლობის მიზეზების საპატიოებაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს ნება. საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს მხარის აშკარად გამოხატული ნება, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, მაგრამ ამას ხელს უშლის გარემოებები, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტლება გაუქმდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მიერ კასატორის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო. მხარე მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, კერძოდ, სხდომის მდივანმა არ გამოიძახა და ამიტომაც დროულად ვერ შეიტყო სხდომის დაწყების შესახებ, რის გამოც არსებობდა ისეთი მოვლენა, რომელმაც ხელი შეუშალა და შეუძლებელი გახადა სასამართლო სხდომის დარბაზში დროული გამოცხადება.

აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, არასწორად განმარტა კანონი, უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება, რითაც უკანონოდ უთხრა უარი კასატორს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე.

კასატორს გააჩნია საქმისადმი იურიდიული ინტერესი, მან გამოხატა ნება სასამართლო სხდომაზე დასწრებისა, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ მოახერხა აღნიშნული. მისთვის სადავო საკითხის განხილვა მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქმე ეხება სამკვიდრო ქონებიდან რეალური წილის გამყოფას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განჩინებით ხ. ი-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.