Facebook Twitter

¹ბს-485-419-კ-04 1 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: პენსიის გადაანგარიშება, კუთვნილსა და ფაქტიურად მიღებულ პენსიებს შორის სხვაობის და გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. გ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ სარჩელი აღძრა და წელთა ნამსახურობის პენსიის _ 1082,90 ლარის დანიშვნა და ყოველწლიურად სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ 01.01.97წ. _ 01.03.02წ. პერიოდში კუთვნილ და ფაქტობრივად გაცემულ პენსიებს შორის სხვაობა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი შს ორგანოების ყოფილი მუშაკი და ამჟამად წელთა ნამსახურობის გამო პენსიონერი იყო. მას წელთა ნამსახურობის პენსია, 350 მანეთი ხელფასიდან, თვეში _ 180 მანეთი 1973 წლიდან დაენიშნა. “სამხედრო მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 28.04.90წ. სსრკ კანონის შესაბამისად, მას პენსია საპენსიო ორგანოს მიერ ინდექსაციის საფუძველზე გადაუანგარიშდა და შეადგინა 10608 მანეთი 01.11.92წ. ხელფას-თანამდებობრივი სარგოს 14144 მანეთის გათვალისწინებით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ გადაანგარიშებული პენსია 136,85 ლარს შეადგენს, რაც მოსარჩელეს არასწორად მიაჩნია და თვლის, რომ მისი პენსია 1997წ. 1 იანვრიდან არა 137, 68 ლარის ოდენობის ხელფასიდან, არამედ 1992 წელს ინდექსირებული ხელფასიდან _ 14144 მანეთიდან უნდა დაანგარიშებულიყო. მოსარჩელემ მოთხოვნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებზე დააფუძნა.

რაიონულ სასამართლოში მოსარჩელემ რამდენჯერმე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ 1997წ. 1 იანვრიდან ყოველთვიური პენსიის _ 1147 ლარის დანიშვნა, კუთვნილსა და ფაქტობრივად მიღებულ პენსიებს შორის სხვაობისა და სასამართლოში გაწეული ხარჯების _ 6000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.08.03წ. გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 15.01.04წ. განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.08.03წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 01.11.92წ. გადაანგარიშებით ბ. გ-ის პენსიამ 10608 მანეთი, ხოლო 01.02.94წ. კუპონზე გადასვლის შემდეგ 1663200 კუპონი შეადგინა, 01.12.96წ. კი ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსია 11.5 ლარს გაუტოლდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის ამოქმედების შემდეგ ბ. გ-ის პენსიამ ყველა შეღავათის გათვალისწინებითა და ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით საბოლოოდ 171,6 ლარი შეადგინა. ამავე კანონის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის “დ” და “ზ” ქვეპუნქტების შესაბამისად, პენსია გადაანგარიშებულ იქნა და 48,52 ლარი დაემატა, ხოლო სხვაობა 2814 ლარი აპელაენტს გადაეცა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-10 მუხლი, აღნიშნული კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიების გაანგარიშების პრინციპებს ადგენს და უკვე დანიშნული პენსიების გადაანგარიშებას არ გულისხმობს.

აღნიშნული განჩინება ბ. გ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან დათარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლი, 21.08.73წ. გადადგომის დროს კასატორის ხელფასის თანხა (350 მანეთი), საქართვეოლს ეროვნული ბანკის ცნობის თანახმად, 500 აშშ დოლარს შეადგენს. 16.10.96 წ. კანონის მე-10 მუხლის თანახმად პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არსებული თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და სასურსათო ულუფის ღირებულების სარგო ინდექსაციის გათვალისწინებით. ფინანსთა მინისტრის 05.03.97 წ. კანონსაწინააღმდეგო მითითებით, პენსიის დაანგარიშება მოხდა მინისტრთა კაბინეტის 05.09.94წ. დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 20.08.96 წ. ბრძანებულების მიხედვით. კასატორი აღნიშნავს, რომ პენსიაზე გავიდა 1973 წელს, ამიტომ 1994 წელს და 1996 წელს მიღებულ ნორმატიული აქტების მიხედვით მისი პენსიის დაანგარიშება დაუშვებელია, ვინაიდან ისინი აუარესებენ მის პირობებს. შს სამინისტრომ მორჩილად შეასრულა უფლების გადამეტებით მიცემული მითითება და პენსია დაუანგარიშა არარსებული ხელფასიდან და პენსიის ოდენობა თვეში 117 ლარი დაუდგინა. თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 17.08.99 წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა მინისტრის 05.03.97 წ. წერილობითი მითითება. ბათილად ცნობილი წერილის საფუძველზე გადაანგარიშებული პენსია ბათილია დღიდან გაანგარიშებისა. მოპასუხის მიერ პენსიონერებისათვის დაანგარიშებულ პენსიებს იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და ის კანონის საფუძველზე ახალ გადაანგარიშებას ექვემდებარება. მოპასუხემ არად ჩააგდო სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა და მისი შეუსრულებლობისათვის დაწესებული პასუხისმგებლობა. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიეცა სარჩელის ჩამოყალიბების საშუალება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყეტილება არ პასუხობს სსკ-ის 244-ე მუხლის მოთხოვნებს. გადაწყვეტილებაში მითითება იმის შესახებ, რომ 1997 წ. 1 ოქტომბრიდან ყველა კატეგორიის პენსია გაუტოლდა 3 ლარს, 1996 წ. 1 თებერვლიდან 6 ლარს, 1996 წ. 1 აგვისტოდან 9 ლარს, ხოლო 1996 წ. 1 დეკემბრიდან 11, 5 ლარს, არანაირი კავშირი არა აქვს კასატორთან, ვინაიდან 1995 წ. მაისიდან კასატორს შეუწყდა წელთა ნამსახურობის პენსიის მიღება და 1997 წ. 1 იანვრამდე ღებულობდა პენსიას 11, 5 ლარის ოდენობით. სასამართომ ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული გარემოებების დადგომისას კანონი ითვალისწინებს გადაანგარიშებას. პენსიის გადასაანგარიშებლად დამდგარია შემდეგი გარემოებები: 21.08.73 წ. პენსიაზე გასვლისას პენსიის დაანგარიშება ხდებოდა ორი კომპონენტის: თანამდებობრივი განაკვეთის და წოდების სარგოს გათვალისწინებით, ხელფასის 65 პროცენტის ოდენობით, 28.04.90 წ. სსრკ კანონი პენსიის დაანგარიშებას ითვალისწინებდა სამი კომპონენტის, ხელფასის 75 პროცენტის ოდენობით. 1992წ. ინდექსაციით პენსიამ შეადგინა 10608 მანეთი; 1997 წ. 1 იანვრიდან პენსიის დანიშვნა ხდება ოთხოვე კომპონენტიდან. პენსიის გაანგარიშებაში შედის სასურსათო ულუფის ღირებულება და პენსიის დარიცხვა ხდება ხელფასის 85% ოდენობამდე. კანონის მე-10 მუხლი ითვალისწინებს პენსიის გაანგარიშებას ფულადი სარგოების ინდექსაციის გათვალისწინებით, არანაირი შეზღუდვა არც რუსული რუბლის და არც ქართული ვალუტის ლარის მიმართ კანონი არ ითვალისწინებს. სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობა მტკიცებულებათა ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, რადგან არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ ზერელე დამოკიდებულება გამოიჩინა მისი სააპელაციო საჩივრის მიმართ, სრულიად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორი ითხოვს საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას, სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე ახალი გადაწყეტილების გამოტანას, დამატებითი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, პენსიის გაანგარიშებას 1997 წ. 1 იანვრიდან 1350 ლარიდან, მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრებას 6000 ლარის ოდენობით.

მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი ბ. გ-ის საკასაციო საჩივარზე არ წარმოუდგენია. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატის მიერ განჩინება გამოტანილ იქნა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბ. გაჩეჩილაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოში დაშვებულია მხარეების და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირების მიერ სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებების გასაჩივრება. ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გააუქმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება არ ემყარება კანონის დარღვევას, რაც, სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბ. გ-ე სუბიექტთა იმ წრეს განეკუთვნება, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული კანონი. შესაბამისად კანონის ნორმები ვრცელდება კასატორზე ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით. ამდენად, ბ. გ-ის კუთვნილი პენსიის გაანგარიშება მოხდა ხსენებული კანონის იმ მუხლებით რეგლამენტირებული წესით, რომელიც ითვალისწინებს წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნას. ხსენებული კანონის მე-10 მუხლი პენსიების გაანგარიშებას ეხება და არა უკვე დანიშნული პენსიების გადაანგარიშებას. აღნიშნული მუხლი მოთავსებულია კანონის ზოგადი დებულებების თავში და იგი ადგენს პენსიის გაანგარიშების პრინციპებს, ნორმა არ ითვალისწინებს უკვე დანიშნული პენსიების გადაანგარიშებას ინდექსირებული რუსული რუბლისა და ქართული ლარის ინფლაციის გათვალიწინებით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კანონის მე-10 მუხლი ეხება პენსიის გაანგარიშებას, რაც განსხვავდება გადაანგარიშების ცნებისაგან, რომელიც უკვე დანიშნული პენსიის გარკვეული გარემოებების დადგომისას, პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას (50 მუხ.), ხელახლა დაანგარიშებას გულისხმობს. გადაანგარიშებას ეხება კანონის მეხუთე თავი, კანონის 45-ე მუხლი ადგენს, რომ დანიშნული პენსიების გადასინჯვა გათვალისწინებულია ცხოვრების დონისა და შრომის ანზაღაურების ცვლილებების მხედველობაში მიღებით, პენსიათა გადასინჯვაში შეიძლება მოხდეს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 16.10.96 წ. კანონის მიხედვით, ბ. გ-ის კუთვნილი პენსია არაერთხელ გადაანგარიშდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 16.10.96 წ. კანონის ამოქმედების შემდეგ ბ. გ-ის პენსია 117 ლარი შეადგინა, გადაანგარიშებების შედეგად და ღირსების ორდენით დაჯილოდებასთან დაკავშირებით პენსიამ შეადგინა 171, 06 ლარი. ამავე კანონის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის „დ“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით პენსია გადაანგარიშდა და კვლავ დაემატა 48, 52 ლარი, ბ. გ-ეს მიეცა სხვაობა 2814 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა დაუშვებლად თვლის პენსიის გადაანგარიშებას საქმეში დაცული საქართველოს სტატისტიკის სახელმლწიფო დეპარტამენტის ცნობებზე დაყრდნობით, ინფლაციის გათვალისწინებით კასატორისათვის რუსული მანეთებით დანიშნული პენსიის ლარზე გადაანგარიშებას არ ითვალისწინებს კანონის მე-10 მუხლი, რაც შეეხება 1997წ. შემდგომ პერიოდს, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ეროვნული ვალუტის ლარის მიმართ დენომინაციას, ვალუტის შეცვლა და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაცია არ მომხდარა, ფულადი ვალდებულების შესრულების დროს ვალი ნომინალურად იმ თანხაში უნდა დაიფაროს, რომლის შესაბამისადაც იყო ნაკისრი ვალდებულება. დაუშვებელია, აგრეთვე, სკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება ფულის კურსის ნორმის ფარგლებში ცვალებადობის, კერძოდ, მისი გაუარესების დროს, ამგვარი პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ამასთანავე, ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რომელიმე უცხოურ ვალუტასთან მისი შეფარდება, ვინაიდან ბ. გ-ეს კუთვნილი პენსიის თანხის გადახდა დანიშნული აქვს ეროვნულ ვალუტაში და არა აშშ დოლარით, ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყევია, ზოგი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით იგი მცირდება, ხოლო ზოგიერთი ქვეყნის ვალუტის მიმართ _ იზრდება. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების საგანია ფულადი ერთეულის გარკვეული რაოდენობა და არა ამ ერთეულთა მსყიდველობი- უნარიანობა. ამდენად, ბ. გ-ის მოთხოვნა კანონი მე-10 მუხლის საფუძველზე თავის დროზე რუსულ მანეთებში დანიშნული პენსიების ლარებში გადაანგარიშების შესახებ უმართებულოა, ვინაიდან ინფლაცია და ინდექსაცია არ არის იდენტური ცნებები, კანონის მე-10 მუხლი არ ითვალისწინებს ინფლაციის მიხედვით პენსიის თანხის გადაანგარიშებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ დღეისათვის სამხედრო სამსახურში მყოფი იმავე წოდების მოსამსახურის ყოველთვიური ფულადი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით კასატორისათვის პენსიის დანიშვნა კანონშესაბამისია. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს განსაკუთრებულ რეჟიმს ყოფილი სსრ კავშირის თავდაცვის და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის. კანონის მე-10 მუხლი ზოგადი ხასიათის ნორმაა, რომელიც პენსიის გაანგარიშების ზოგად წესს განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არსებული თანამდებობრივი, სამხედრო და სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოები ინდექსაციის გათვალისწინებით. აღნიშნულის შეაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო სამსახურის 05.05.97 წ., 29.09.99 წ., 08.11.99 წ., 07.03.2000 წ. წერილების თანახმად, „თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 05.09. 94 წ. ¹633-40 დადგენილების, „აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 20.08.96 წ. ¹549 ბრძანებულების, ფინანსთა სამინისტროს 01.10. 98წ. წერილის მიხედვით, 1997წ. იანვრის მდგომარეობით, ბ. გ-ის პენსიის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა სამსახურიდან გადადგომის და პენსიაზე გასვლის დროს ქ. ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის ხელფასი, წოდება, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დადგენილი ფულადი ანაზღაურება. ვინაიდან კანონის არც ერთი ნორმა არ ადგენდა მე-10 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობრივ, სამხედრო და სპეციალური წოდების ოდენობას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ კასატორთა პენსიების გაანგარიშება განხორციელდა კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კერძოდ მინისტრთა კაბინეტის 05.09.94 წ. ¹633-40 დადგენიელბის და საქართველოს პრეზიდენტის 20.08.96 წ. ¹549 ბრძანებულების გათვალისწინებით. უკანასკნელის ძალადაკარგულად ცნობა საქართველოს პრეზიდენტის 18.10. 99 წ. ¹593 ბძრანებულებით, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის საქართველოს პრეზიდენტის 20.08.96 წ. ¹549 ბრძანებულება მოქმედებდა, აქტის გაუქმებამდე ამ აქტით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები არ გაუქმებულა. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის 05.04.94 წ. დადგენილებას, რომელითაც განსაზღვრული კოეფიციენტებით ხდება სარგოების ოდენობის დადგენა, ის დღესაც არის შესასრულებლად სავალდებულო ნორმატიული აქტი. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე კასატორი კუთვნილი პენსიის თანხის გაანგარიშება არ დაიშვება იმის გამო, რომ აღნიშნული აქტები აუარესებენ მის მდგომარეობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპენსიო თანხების ოდენობის განსაზღვრა უშუალოდ უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებას, მისი მოცულობა ყოფილი სსრ კავშირის ბიუჯეტის იდენტური არ არის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, აგრეთვე, რომ მინისტრთა კაბინეტის 05.04.94 წ. და საქართველოს პრეზიდენტის 18.10.96 წ. ბრძანებულების გამოცემამდე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 06.10.92 წ. ¹973 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა, რომ იმ პენსიონერებს, რომლებიც არ იმყოფებოდნენ სამსახურში საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში და ღებულობდნენ გადიდებულ პენსიებს, პენსიების ოდენობა უნდა გადაანგარიშებულიყო აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. მთავრობის 06.10.92 წ. დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც გაიარეს სამსახური ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში, შს ორგანოებში წელთა ნამსახურობის პენსიების ოდენობა განესაზღვრათ დებულების მიღების დროისათვის არსებული თანამდებობრივი, სამხერდო (ან სპეციალური) წოდების და წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის ფულადი სარგოების გათვალისწინებით საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან პენსიაზე გასულ პირთათვის ამჟამად არსებული თანამდებობრივი, სამხედრო (ან სპეციალური) წოდების და წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის ფულადი სარგოების გათვალისწინებით.

კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს კანონქვემდებარე აქტის მიმართ, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის მართებულობას, ვინაიდან მინისტრთა კაბინეტის 05.04.94 წ. ¹633-40 დადგენილება და საქართველოს პრეზიდენტის 18.10.96 წ. ¹549 ბძრანებულება არ იმყოფება 16.10.96 წ. კანონთან წინააღმდეგობაში, კანონის მიღებით აღნიშნული ნორმატიული აქტები არ გაუქმებულა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 17.08.99 წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 05.03.97 წ. წერილი, მინისტრთა კაბინეტის 05.04.94 წ. ¹633-40 დადგენილება და საქართველოს პრეზიდენტის 20.08.96 წ. ¹549 ბრძანებულება ბათილად არ გამოცხადებულა. ფინანსთა მინისტრის 05.03.97 წ. წერილი არ წარმოადგენდა ნორმატიულ აქტს, ამასთანავე შს მინისტრის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 07.03.2000 წ. წერილის თანახმად, ბ. გ-ის პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული ფინანსთა მინისტრის არა 05.03.97 წ., არამედ 01.10.98 წ. წერილი. ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ 05.03.97 წ. წერილის ბათილად ცნობა არ ადასტურებს პენსიის თანხის განხორციელებული გაანგარიშების ბათილად ცნობას, მით უფრო, რომ ბ. გ-ეს არ მოუთხოვია 16.10.96 წ. კანონის ძალაში შესვლიდან განხორციელებული პენსიის თანხის გაანგარიშებების ბათილად ცნობა. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებში, პენსიები გაუანგარიშდათ ადრინდელი თანამდებობების ახალ, იმავე რანგის თანამდებობების შესაბამისობაში მოყვანით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ 16.10.96 წ. კანონის ძალაში შესვლამდე თადარიგში გასულ სამხედრო მოსამსახურეების პენსიების კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე გაანგარიშება დათხოვნის დღისათვის არსებული თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოების ინდექსაციის გათვალისწინებით, კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული კოეფიციენტების გარეშე, საკასაციო პალატის აზრით, არ დაიშვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი. სასკ-ის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, „სახელმწიფო ბაჟისა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „მ“ და „რ“ ქვეპუნქტების თანახმად, კასატორი თავისუფლდება საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოედქსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 15.01.04 წ. განჩინება;

2. კასატორი ბ. გ-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.