Facebook Twitter

№ას-636-599-2012 31 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მფლობელი ზ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ც-ი, ლ. გ-ე, მ. გ-ე, მ. მ-ე, დ. ბ-ე, ლ. ლ-ა, მ. კ-ა, რ. კ-ა, ბ. ყ-ი, ა. ყ-ი, ჯ. ბ-ი, კ. ფ-ე, ტ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებები

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების, ასევე რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლებაზე მითითებით ხელალხა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ც-მა, ლ. გ-ემ, მ. გ-ემ, მ. მ-ემ, დ. ბ-ემ, ლ. ლ-ამ, მ. კ-ამ, რ. კ-ამ, ბ. ყ-მა, ა. ყ-მა, ჯ. ბ-მა, კ. ფ-ემ და ტ. ს-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ს- ღვინის ქარხნის“ (მესაკუთრე დ. გ-ი) მიმართ ს- ღვინის ქარხნის მესაკუთრისათვის 2005 წლიდან 2008 წლის ჩათვლით დაგროვებული სახელფასო დავალიანების სულ 21518 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში წერილობითი პასუხის - შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ც-ის, ლ. გ-ის, მ. გ-ის, მ. მ-ის, დ. ბ-ის, ლ. ლ-ას, მ. კ-ას, რ. კ-ას, ბ. ყ-ის, ა. ყ-ის, ჯ. ბ-ის, კ. ფ-ისა და ტ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს ,,ს- ღვინის ქარხანას“ მოსარჩელე ი. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3727 ლარის, ლ. ლ-ას სასარგებლოდ - 2261 ლარის, ლ. გ-ის სასარგებლოდ - 2350 ლარის, მ. გ-ის სასარებლოდ - 1152 ლარის, მ. მ-ის სასარგებლოდ - 1320 ლარის, დ. ბ-ის სასარგებლოდ - 715 ლარის, მ. კ-ას სასარგებლოდ - 775 ლარის, ტ. ს-ის სასარგებლოდ - 1870 ლარის, რ. კ-ას სასარგებლოდ - 2589 ლარის, კ. ფ-ის სასარგებლოდ - 1242 ლარის, ა. ყ-ის სასარგებლოდ - 965 ლარის, ბ. ყ-ის სასარგებლოდ - 2040 ლარის, ხოლო ჯ. ბ-ის სასარგებლოდ 512 ლარის ანაზღაურება.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით კი, არ დაკმაყოფილდა სს „ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მესაკუთრე ზ. გ-ის საჩივარი და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მფლობელმა ზ. გ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით სს ,,ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მფლობელ ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მფლობელმა ზ. გ-მა, მოითხოვა მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებების გაუქმება, ასევე რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლებაზე მითითებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით სს „ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მფლობელი პარტნიორ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მფლობელი პარტნიორ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. დასახელებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავი არ შეიცავს ამა თუ იმ ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, უფლებამოსილია, გამოიყენოს ურთიერთობის მარეგულირებელი ის ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გახილვა-გადაწყვეტისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო სარჩელს (საკასაციო საჩივარს) დატოვებს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების ესა თუ ის პირობა, ამასთან მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამრთლებრივი შედეგი - საქმის წარმოების შეწყვეტა ან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლიდან.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე: საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაეკისრა სს „ს- ღვინის ქარხანას“ (ს.ფ.49-52). ნიშანდობლივია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით საჩივარი რაიონულ სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა არა სს „ს- ღვინის ქარხანამ“, არამედ საზოგადოების აქციათა 81%-იანი წილის მფლობელ ზ. გ-ის წარმომადგენელმა (იხ. ს.ფ. 59-65). საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც საჩივრის ავტორის საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მიჩნევის ფაქტს დაადასტურებდა, უფრო მეტიც, საქმის მასალების კვლევით დასტურდება, რომ სს „სიქთარვი ღვინის ქარხნის“ დირექტორად ამა თუ იმ კორესპოდენციაში მითითებულია მ.ბარბაქაძე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლზე, სადაც კანონდებელმა განსაზღვრა სააქციო საზოგადოების ცნება და მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის ზოგადი დახასიათება. დასახელებული ნორმის თანახმად, სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება (აქციების ნომინალური ღირებულება). სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. ამავე კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ზოგადი წესი და მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

პალატა მიზანშეწონილად თვლის აღნიშნოს შემდეგი: საქმის მასალებში არ მოიპოვება სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და არც საზოგადოების წესდებაა წარმოდგენილი, რომელიც სს „ს- ღვინის ქარხნის“ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას კანონით დასაშვებ ფარგლებში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისაგან განსხვავებული წესით დაარეგულირებს, კერძოდ, დაადასტურებს ამ საზოგადოების აქციათა 81%-ის მფლობელი პარტნიორის უფლებამოსილებას საზოგადოების წარმომედგელობაზე, რაც შეეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ივლისის №165 ბრძანებასა და საკრებულოს თავმჯდომარის წერილობით კორესპოდენციებს, აღნიშნული არ ცვლის საზოგადოების წესდებასა და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს, ამასთანავე, ერთი მხრივ, ამ მტკიცებულებების მითითება - მყიდველის მიერ საზოგადოების დავალიანების დაფარვის რიგითობის თაობაზე, არ ადგენს კანონის საპირისპირო რეგულირებას და, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს კასატორის უფლებამოსილების დადასტურებად, არამედ შეიძლება საზოგადოების ფინანსური ვალდებულების ანგარიშსწორების შიდა დოკუმენტად იქნას მიჩნეული, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობას საზოგადოებასა და პარტნიორს (პარტნიორებს) შორის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ადრესატი არის უშუალოდ საზოგადოება, რომელსაც საჩივარი ამ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ წარუდგენია და არა ამ საზოგადოების 81%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი, იგი მოცემულ დავაში ვერ იქნება მიჩნეული საკასაციო საჩივრის სუბიექტად. ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზევე ზემოაღნიშნულ გარემოებას უნდა მისცემოდა სათანადო შეფასება, თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის უფლებამოსილი კასატორი, რაც წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიების მართებულობის შესწავლის უტყუარი წინაპირობაა, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი თუნდაც საპროცესო დარღვევის თვალსაზრისით იმსჯელოს და შეაფასოს ქვემდგომი სასამართლოს განჩინების მართებულობა.

პალატა დამატებით განმარტავს იმ გარემოებასაც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში მოიაზრებს არა ფორმალურად მხარედ მითითებული პირის არსებობას, არამედ პირს, რომლის მიმართაც გადაწყვეტილებით დადგენილია გარკვეული უფლება-ვალდებულებანი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სს „ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მიერ საქმეში წარმოდგენილი საჩივარი, სააპელაციო საჩივარი თუ საკასაციო საჩივარი შინაარსობრივად სწორედ მის არაუფლებამოსილ პირად მიჩნევას ემყარება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს „ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მფლობელ პარტნიორ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სს „ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მფლობელ პარტნიორ ზ. გ-ის უნდა დაუბრუნდეს ა. თ-ის მიერ 2012 წლის 23 მაისის №5169987 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1075,90 ლარის 70% - 753,13 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს- ღვინის ქარხნის“ 81%-იანი წილის მფლობელ პარტნიორ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ზ. გ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ა. თ-ის მიერ 2012 წლის 23 მაისის №5169987 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1075,90 ლარის 70% - 753,13 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩიება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.