№ას-639-602-2012 4 მაისი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ი-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით ლ. ი-ის სასარჩელო განცხადება გადაეგზავნა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე - ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - ქ. თბილისის მერიის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ი-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით ლ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ი-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
2012 წლის 1 მაისს ლ. ი-მა საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი თქვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ი-ის სარჩელზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოსარჩელის მიერ საკუთარ სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა.
იმავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ხოლო 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განსახილველ შემთხვევაში, ლ. ი-მა უარი თქვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე, რის გამოც, ამ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ლ. ი-ი გათავისუფლებულია იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე, 272-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ი-ის სარჩელზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება;
2. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.