№ას-652-614-2012 18 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ინდ.მეწარმე მ. ე-ი, კ. გ-ე, ნ. ჩ-ი, ლ. გ-ე, მ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ბანკი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის, ნაცვლად 12210,79აშშ დოლარისა, 8356 შშ დოლარის დაკისრება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე მ. ე-ის, კ. გ-ის, ნ. ჩ-ის, ლ. გ-ისა და მ. გ-ის მიმართ მოპასუხეებისათვის სს „... ბანკის“ სასარგებლოდ ძირი თანხის - 11 339.13 აშშ დოლარის, სარგებლის - 3 511.20 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 2 825.99 აშშ დოლარის, სულ 17 576.32 აშშ დოლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრების, ხოლო მთლიანი დავალიანების დაფარვის მიზნით, ქ.თბილისში, ი-ს ქუჩა #18-ში (საკადასტრო კოდი #...) მდებარე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული კ. გ-ის, ლ. გ-ისა და მ. გ-ის კუთვნილი 88.28 კვ.მ უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
კ. გ-ემ, ნ. ჩ-მა, ლ. გ-ემ და მ. გ-ემ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარეს ვალდებულების არსებობა 11239,13 აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს: მ. ე-ს, კ. გ-ესა და ნ. ჩ-ს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 12210.79 აშშ დოლარის გადახდა, რომლის დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ი-ს ქუჩა #18-ში (საკადასტრო კოდი #...) მდებარე კ. გ-ის, ლ. გ-ისა და მ. გ-ის კუთვნილი 88.28მ2 უძრავი ნივთი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „... ბანკმა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით სს „... ბანკის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. გ-ემ, ნ. ჩ-მა, ლ. გ-ემ, მ. გ-ემ და ინდ.მეწარმე მ. ე-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ იქნა გათვალისწინებული თავდებ ნ. ჩ-ის მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 3855 აშშ დოლარის გადახდა და, ნაცვლად 8356 აშშ დოლარისა, მოპასუხეებს დაეკისრათ 12210,79 აშშ დოლარი და ამ ნაწილში მოპასუხეებისათვის 8356 აშშ დოლარის დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. გ-ის, ნ. ჩ-ის, ლ. გ-ის, მ. გ-ისა და ინდ.მეწარმე მ. ე-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოცემული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე: საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს: მ. ე-ს, კ. გ-ესა და ნ. ჩ-ს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 12210.79 აშშ დოლარის გადახდა, რომლის დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ი-ს ქუჩა #18-ში (საკადასტრო კოდი #...) მდებარე კ. გ-ის, ლ. გ-ისა და მ. გ-ის კუთვნილი 88.28მ2 უძრავი ნივთი.
სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „... ბანკმა“ და მოითხოვა გადაწყვეტილობის მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეცვლა, ასევე მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქმის მასალების კვლევით დასტურდება ის გარემოებაც, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ან შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ არის წარდგენილი საქმეში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სადავოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გახადა, ამასთანავე, გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადაში მოპასუხეებს არ გაუსაჩივრებიათ, ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ის გარემოება, რომ სააპელაციო წარმოების ეტაპზე მოპასუხეთა მდგომარეობა არ შეცვლილა, ანუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ფარგლები არ გაზრდილა, შესაბამისად, კასატორები პრეტენზიას ვერც ამ კუთხით წარმოადგენენ.
რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში, მოცემული ურთიერთობის რეგულირებისათვის ამ ნორმის გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან ის შეეხება გადაწყვეტილებას ან მის იმ ნაწილს, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია კი შეეხება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც უკვე კანონიერ ძალაშია შესული. ნიშანდობლივია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. აღნიშნული კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევაა და არა გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კ. გ-ის, ნ. ჩ-ის, ლ. გ-ის, მ. გ-ისა და ინდ.მეწარმე მ. ე-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. გ-ის, ნ. ჩ-ის, ლ. გ-ის, მ. გ-ისა და ინდ.მეწარმე მ. ე-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება