№ას-654-616-2012 1 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. ჟ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე – ს. ჟ-ას სარჩელის გამო იურიდიული ფაქტის დადგენა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ს. ჟ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან ნათელია, რომ ს. ჟ-ა და მისი წარმომადგენელი ა. ი-ი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას (ტ.II ს.ფ. 24-31).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 28 თებერვალი, ხოლო 30-ე დღე – 9 მარტი, ამდენად კასატორს შეეძლო მისულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი 2012 წლის 28 თებერვლიდან 2012 წლის 9 მარტამდე.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ს. ჟ-ას წარმომადგენელი ა. ი-ი სასამართლოში მივიდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარა 2012 წლის 10 აპრილს (ტ.II, ს.ფ.41). გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 10 მარტს.
საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 10 მარტს და დამთავრდა 2012 წლის 30 მარტს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი შემოტანილია 2012 წლის 10 აპრილს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ჟ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.