№ას-656-617-2012 14 მაისი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ. ისტ პ. ფ-ე“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ვაგონის მოცდენისა და ტვირთის შენახვის საფასურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 6 სექტემბერს შპს „ს. რ-ამ“ შპს „მ. ისტ პ. ფ-ეს“ წინააღმდეგ ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი არძრა, მოპასუხისათვის ვაგონის მოცდენისა და ტვირთის შენახვის საფასურის დაკისრების მოთხოვნით.
შპს ,,ს. რ-ა“ 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის ბოლომდე აწარმოებდა აზერბაიჯანის სახელწმიფო საზღვრიდან სადგურ ფოთში ფირმა ,,მ. ისტის“ კუთვნილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვას. მიუხედავად „ს. რ-ის“ მხრიდან საკუთარი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისა, გადაზიდვის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფდა დანიშნულების ადგილამდე მიტანილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დროულ მიღება-დაცლას, რის გამოც ვაგონ-ცისტერნები ყოვნდებოდა სადგურ ფოთში. აღნიშნულის გამო, მოპასუხეს 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის ბოლომდე დაერიცხა ვაგონების გამოყენებისა და სადგურის მომსახურების საფასური 112 873,89 ლარი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შპს ,,ს. რ-ა“ 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის დეკემბრის ჩათვლით ახორციელებდა მოასუხის კუთვნილი ტვირთების რ-ის ვაგონების საშუალებით გადაზიდვას;
2. შპს ,,ს. რ-ამ“ სარჩელი შპს ,,მ. ისტ პ. ფ-ეს“ მიმართ, 112873.89 ლარის დაკისრების მოთხოვნით, 2011 წლის 6 სექტემბერს აღძრა;
3. მოსარჩელეს ვაგონების დაყოვნებისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2004-2005 წლებიდან;
4. შპს ,,მ. ისტ პ. ფ-ეს“ მოსარჩელის კუთვნილი ვაგონები არ დაუყოვნებია.
სასამართლომ „ს. რ-ის“ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, გარდა ამისა, განმარტა, რომ მოსარჩელემ ვაგონების მოცდენის ფაქტი ვერ დაამტკიცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება „ს. რ-ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება სს „ს. რ-ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის განმარტებით, შპს ,,ს. რ-ა“ 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის ბოლომდე აწარმოებდა აზერბაიჯანის სახელწმიფო საზღვრიდან სადგურ ფოთში ფირმა ,,მ. ისტის“ კუთვნილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვას. მიუხედავად „ს. რ-ის“ მხრიდან საკუთარი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისა, გადაზიდვის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფდა დანიშნულების ადგილამდე მიტანილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დროულ მიღება-დაცლას, რის გამოც ვაგონ-ცისტერნები ყოვნდებოდა სადგურ ფოთში. აღნიშნულის გამო, მოპასუხეს 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის ბოლომდე დაერიცხა ვაგონების გამოყენებისა და სადგურის მომსახურების საფასური 112 873,89 ლარი. სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 667-708-ე მუხლებით და სარ-ო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად მხარეებს შორის ჩამოყალიბდა ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობები. აღნიშნული მუხლები აწესებენ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, რ-ის, როგორც გადამზიდველის პასუხიმგებლობას, კანონმდებლობა გარდა გადამზიდველისა ასევე ითვალისწინებს ტვირთმფლობელის მოვალეობას და პასუხიმგებლობის სამართლებრივ საფუძვლებს. ტვირთმფლობელი ვალდებულია ხელშეკრულების შესაბამისად, ისარგებლოს მიწოდებული ვაგონით, უზრუნველყოს ტვირთის დროული მიღება და ვაგონის დაცლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაგონების დაყოვნების გამო, მას დაეკისრება ქონებრივი პასუხიმგებლობა. სარ-ო კოდექსის 22-ე, მე-7-ე, 23-ე, 25-ე, 26-ე 36-ე მუხლები იმპერატიულად ადგენენ დანიშნულების სადგურში გადაზიდული ტვირთის დაგვიანებით მიღებისა და ვაგონის დაყოვნების გამო მოპასუხის, როგორც ტვირთმიმღების ქონებრივ პასუხისმგებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მაისის განჩინებით საქმეში შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ სს „ს. რ-ა“ ჩაება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
აღნიშნული ნორმა ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლოს შეუძლია მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნების გაზიარების შესახებ ზოგადი მითითებით შემოიფარგლოს. 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. „მოკლე დასაბუთება“ არ ნიშნავს ბლანკეტურ მითითებას. ამგვარი დასაბუთებით არ უნდა ირღვეოდეს 249-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დაკვნებს, შეიძლება ეს შეფასებები და დასკვნები არ გაიმეოროს, მაგრამ დასაბუთება უნდა შეიცვალოს თითოეულ მათგანზე და არა ზოგადად გადაწყვეტილებაზე ან მის რომელიმე სტრუქტურულ ნაწილზე მითითებით.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქმეებზე „დევიერი ბელგიის წინააღმდეგ“ და „დელკური ბელგიის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ადამიანის უფლებათა“ ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს „დასაბუთებული“ (Bien-Fonde), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით, მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი ვრცელდება სამოქალაქო დავების მიმართაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში სააპელაციო საჩივარი სარჩელის იდენტურადაა ჩამოყალიბებული (რაც განსახილველ შემთხვევასაც შეეხება). ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება, მაგრამ გადაწყვეტილებაში უნდა იყოს შესაბამისი მითითება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათლად უნდა ირკვეოდეს, სააპელაციო საჩივრის დეტალური შეფასების გარეშე რატომ ხდება პირველი ინსტანციის პოზიციის გაზიარება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლი სააპელაციო საჩივარში ასახული პოზიციის საერთოდ შეუფასებლობის შესაძლებლობას არ იძლევა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ მეორე ინსტანციას მართლმსაჯულება არ განუხორციელებია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის მიხედვით, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე განჩინებაში ასახული მსჯელობით და დავა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილებით გადაჭრას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.