Facebook Twitter
№ას-295-284-2012

№ას-660-621-2012 4 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - ა. კ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან ნათელია, რომ სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ლევან ბადაშვილი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას (ტ.II ს.ფ.61-62).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 17 მარტი, ხოლო 30-ე დღე – 27 მარტი, ამდენად კასატორს შეეძლო მისულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი 2012 წლის 17 მარტიდან 2012 წლის 27 მარტამდე, .ვინაიდან საქმის მასალებით არ ირკვევა მხარის ჩაბარება საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 27 მარტს.

საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 27 მარტს და დამთავრდა 2012 წლის 16 აპრილს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი გამოგზავნილია 2012 წლის 19 აპრილს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 365.80 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი - 365.80 ლარის ოდენობით (2012 წლის 17 აპრილი, საგადახდო დავალება №... ) ს.ს. ბანკ „რესპუბლიკის” მეშვეობით;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.