№ას-662-623-2012 10 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 3 აგვისტოს ახმეტის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის – ლ. ღ-ის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედება (რეესტრში რეგისტრაციის №2-197).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-მა (თ-მა) და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მამკვიდრებლის – დ. ჯ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან დის – ნ. თ-ის (ჯ-ის) სასარგებლოდ, ე. გ-ის მიერ თავისი წილის მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2007 წლის 3 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება (რეესტრში რეგისტრაციის №2-197).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჯ-ის (თ-ის) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით ე. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად იქნა დატოვებული.
2012 წლის 17 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადება-საჩივრით მომართა ე. გ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-ის განცხადება-საჩივარი თავისი შინაარსით წარმოადგენს საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 397-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე. გ-მა ერთხელ უკვე გაასაჩივრა საკასაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 171-178).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით ე. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად იქნა დატოვებული (იხ. ს.ფ. 202-208). ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით დასაშვებია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) დამთავრებული საქმის წარმოების განახლება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია არა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, არამედ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.