Facebook Twitter

№ას-673-634-2012 28 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 1899,99 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. ბ-ი ცხოვრობს ქ.თბილისში, ქ-ის ქუჩაზე მდებარე №3 კორპუსის მოსარჩელის კუთვნილ 71,50 კვ.მ №8 ბინაში პირველი სართულზე, ბინის პრივატიზაცია განხორციელდა 2010 წლის 23 აპრილს, ხოლო 2010 წლის მაისამდე ბინა ირიცხებოდა მოპასუხის ბალანსზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის №1-1/858, 27.05.2010 წლის ბრძანების საფუძველზე, უძრავი ნივთი გადაეცა თბილისის თვითმმართველ ორგანოს. 2010 წლის 30 იანვარს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე განთავსებული ბინიდან ჩავიდა წყალი და ბინასა და მასში არსებულ მოძრავ ნივთებს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. 2010 წლის 11 თებერვალს კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერებისა და წყლის ჩამოდინების ფაქტის დაფიქსირების შედეგად, რის თაობაზეც მოსარჩელეს სასაზღვრო პოლიციის №223525 წერილით 2010 წლის 16 ივნისს ეცნობა, დადგინდა, რომ წყლის ჩამოდინება მოხდა მე-2 სართულზე მცხოვრები მეზობლის (რომელსაც აღნიშნული ბინა გამოყოფილი აქვს სამსახურებრივი დანიშნულებით) აბაზანის იატაკიდან, დაახლოებით 0.5 მეტრის სიმაღლეზე სასმელი წყლის ცენტრალური მილიდან წყლის გამოჟონვის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით 2010 წლის 31 იანვარს, გ. ბ-მა კორპუსში მცხოვრები პირისა და მოწმე ა. ჯ-ის თანდასწრებით შეადგინეს ცნობა, გადაიღეს ფოტოები, ი.ე-ომ გადაჭრა დაზიანებული მილის ნაწილი და ლითონის მილის ამოღებული ნაწილი შეცვალა პლასტმასის მილით. ბინის მთელ ფართზე წყლის ჩამოჟონვის გავრცელების მიზეზი გახდა მე-2 სართულის აბაზანაში ე.წ „ტრაპის“ არარსებობა. ვინაიდან კორპუსი 2010 წლის მაისამდე ირიცხებოდა მოპასუხის სახელზე, ხოლო ბინები არ იყო პრივატიზებული და გაცემული იყო სამსახურებრივი დანიშნულებით, კორპუსში განთავსებული კომუნალური მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობასა და ვარგისიანობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მოპასუხეს, სწორედ ამის გამო, მოსარჩელემ, 2010 წლის 7 ივლისს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სამსახურს, რაზედაც, 2010 წლის 12 ივლისის №306063 წერილით მათ უარი განაცხადეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და აღნიშნეს, რომ კორპუსი გადაცემული იყო თვითმართველი ორგანოს ბალანსზე. ქ.თბილისის მერიიდანაც უარის მიღების შემდეგ, გ.ბ-მა კვლავ მიმართა სასაზღვრო პოლიციას, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული უარი, ადმინისტრაციული წესით, ერთჯერადად გასაჩივრდა შსს სამინისტროში, საიდანაც, 2010 წლის 5 ოქტომბერს, მოსარჩელეს გამოეგზავნა №589694 წერილი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გ.ბ-ს ზიანი მიადგა არა სამსახურებრივი, არამედ კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

მოპასუხე შსს სასაზღვრო პოლიციამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უიარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგზე:

გამომდინარე იქიდან, რომ წყლის ჩადინების ფაქტის დროს ბინა ირიცხებოდა სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე, გ.ბ-ის ბინას არ შეიძლებოდა მისდგომოდა მატერიალური ზიანი, მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მისი კუთვნილი ნივთების დაზიანების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტს. საეჭვოა გ.ბ-ის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში აღნიშნული საგნების როგორც ღირებულება, ასევე წყლის ჩამოდინების დროისათვის მათი ბინაში არსებობის ფაქტი, რადგანაც შსს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისას აღნიშნული საგნები ბინაში არ იყო. ასევე დაუსაბუთებელია ის გარემოებაც, რომ წყლის მილის დაზიანებით გამოწვეულ წყლის დენას შეეძლო, დაეზიანებინა მთელი საცხოვრებელი ფართი და იქ არსებული ყველა საგანი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, გ.ბ-ის სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 მაისის №1-1/858 ბრძანების საფუძველზე საცხოვრებელი კორპუსი საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისის თვითმმართველ ერთეულს და მოიხსნა სასაზღვრო პოლიციის ბალანსიდან. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, უსაფუძვლოა გ.ბ-ის მოთხოვნა შსს სასაზღვრო პოლიციისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ გ. ბ-მა, მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქ.თბილისში, ქ-ის ქუჩის №3 კორპუსში მდებარე №8 ბინის პრივატიზაცია განახორციელა 2010 წლის 23 აპრილს და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2010 წლის ივლისიდან დასახელებული ბინა რეგისტირირებულია გ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით. 2010 წლის 30 იანვარს ზემოაღნიშნულ ბინაში მის ზემოთ, მე-2 სართულზე განთავსებული პ. და ნ. ჯ-ების მფლობელობაში არსებული ბინიდან ჩავიდა წყალი. სადავო არ გამხდარა, რომ წყლის ჩადინების შედეგად გ. ბ-ისათვის მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 2365 ლარი. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე, მხარეთა ახსნა-განმარტებებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ქ-ის ქ№3-ში მდებარე კორპუსი 2010 წლის 30 იანვრის მდგომარეობით ირიცხებოდა სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე და დასახელებულ კორპუსში მდებარე საცხოვრებელი ბინები გაცემული იყო, სწორედ, სასაზღვრო პოლიციის მიერ სამსახურებრივი დანიშნულებით მათი თანამშრომლებისათვის, მათ შორის, კორპუსის პირველ სართულზე მდებარე №8 ბინა გადაეცა გ. ბ-ს, ხოლო №8 ბინის თავზე, კორპუსის მე–2 სართულზე მდებარე ბინა - პ. და ნ. ჯ-ებს.

პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და დაეთანხმა, სასამართლოს მითითებას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრული ის აუცილებელი პირობები, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, ა)ზიანი; ბ)მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და გ)მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პალატის მოსაზრებით, რამდენადაც დგინდება 2010 წლის 30 იანვარს წყლის ჩადინების შედეგად გ. ბ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, კერძოდ, აღნიშნულის შედეგად დაზიანდა გ.ბ-ის კუთვნილი ბინა, დავის სწორად გადაწყვეტისა და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გ. ბ-ის მიმართ დამდგარ ზიანში მოპასუხე შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესიდან, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, დამდგარ ზიანში მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობის შესახებ საკითხი საჭიროებს მოსარჩელის მტკიცებას და სწორედ მოსარჩელეს ეკისრება ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი. სასამართლომ გაიზიარა გ. ბ-ის მოსაზრება, რომ 2010 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, როდესაც ქ-ის ქ№3-ში მდებარე კორპუსი ჯერ კიდევ ირიცხებოდა შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე, დასახელებულ კორპუსში არსებული კომუნალური მოწყობილობების ტექნიკურ მდომარეობასა და ვარგისიანობაზე მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მოპასუხე, თუმცა გ. ბ-ს უნდა დაემტკიცებინა სწორედ სასაზღვრო პოლიციის მხრიდან კომუნალური მოწყობილობების (წყლის მილის) ტექნიკურ მდგომარეობასა და ვარგისიანობაზე პასუხისმგებლობის დარღვევით ბინაში წყლის ჩამოდინების ფაქტი - მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ბინის დაზიანება უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით (მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი მტკიცებულებებით, ფოტომასალით) მართალია, დგინდება, რომ გ. ბ-ის საცხოვრებელი ბინის ზემოთ, მე-2 სართულზე მდებარე ნ. და პ. ჯ-ების მფლობელობაში არსებული ბინიდან ნამდვილად მოხდა წყლის ჩადინება, თუმცა, პალატის განმარტებით, მხოლოდ ეს ფაქტი არ ადასტურებს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და კორპუსში შემავალი წყლის მილის მოვლის, მის სათანადო მდგომარეობაში შენახვის ვალდებულების დარღვევას. პალატა არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას მის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირად შსს საზღვრის დაცვის პოლიციის მითითების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ წყლის ჩადინების ფაქტის დროისათვის უძრავი ნივთი მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა და განმარტა შემდეგი: წყლის ჩადინება განაპირობა კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე ნ. და პ. ჯ-ების მფლობელობაში არსებულ ბინაში გამავალი წყლის მილის დაზიანებამ. ის გარემოება, რომ კონრეტულად ამ ბინაში გამავალი წყლის მილის მონაკვეთის დაზიანება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მოხდა, არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებით. ნ. და პ. ჯ-ების ბინაში გამავალი წყლის მილის სიძველის გამო და არა რაიმე ფიზიკური ზემოქმედებით ან არასათანადო მოვლით დაზიანებისა და სიძველისა და ამორტიზაციის გამო, მისი შეცვლის აუცილებლობა სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად არ მიიჩნია, რადგანაც ამ ფაქტის დადასტურება მხოლოდ სპეციალური ცოდნის მქონე პირის - ექსპერტის დასკვნით იყო შესაძლებელი, ამგვარი კვლევისა და შესაბამისი დასკვნების ამსახველი მტკიცებულება კი, საქმეში არ მოიპოვებოდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის სწორი განმარტების საფუძველზე მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ბ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

ქვემდგომი სასამართლოები გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში არასწორად განმარტავენ, რომ გ.ბ-ის მოთხოვნა მატერიალური დანაკლისის აღდგენა არ არის, რაც დაუსაბუთებელია. 2010 წლის 30-31 იანვარს, ბინის დატბორვის ფაქტის გამო, კასატორს მიადგა კონკრეტული ზარალი, რომლის ოდენობაც 2000 ლარზე მეტია, თუმცა კასატორი იძულებული გახდა, შეემცირებინა დავის საგანი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა ღირებულებამდე. ქვემდგომმა სასამართლოებმა უდავოდ მიიჩნიეს ის გარემოება, რომ გ.ბ-ს ზიანი მიადგა მეორე სართულიდან ჩასული წყლის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსი ეკუთვნოდა სასაზღვრო პოლიციას, ხოლო ბინები გაცემული იყო სამსახურებრივი ორდერების საფუძველზე, რასაც მოპასუხე თავიდან უარყოფდა. გასაჩივრებული განჩინებით კი, სასამართლომ ჩათვალა, რომ გ.ბ-მა ვერ დაამტკიცა სასაზღვრო პოლიციის ბრალეულობა დამდგარი ზიანის მიყენებაში. სასამართლო, მიუხედავად იმისა, მოპასუხემ წარადგინა თუ არა ქონების მის საკუთრებაში ყოფნის დროს გარკვეული სარემონტო სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულება, დარწმუნდა, რომ სასაზღვრო პოლიციას ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია, აღნიშნულის დასადასტურებლად, სასამართლომ დააკმაყოფილა გ.ბ-ის შუამდგომლობა მოწმის სახით დაკითხულიყო ფაქტის მომსწრე ა. ჯ-ი და ქ-ის ქ№3-ის ერთ-ერთი მცხოვრები ი. ე-ო, რომელმაც შეასრულა ტექნიკური სამუშაოები დაზიანებული მილის შეცვლისათვის. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ წყლის მილები და სხვა საშუალებები კომუნისტების მმართველობის დროინდელია, რომ მცხოვრებლები თვითონ შეაკეთებენ სანტექნიკას. ვიანაიდან ჯ-ების ბინაში კომუნიკაცია არ იყო მოწესრიგებული, წყალი მთელ ფართობზე გაიშალა და დაზიანდა მეზობლის ბინაც. მილი, საიდანაც წყალმა გაჟონა, იყო დაჟანგებული, ზემოქმედების კვალი არ ემჩნეოდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ ასახა გადაწყვეტილებაში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატამ მიუთითა მხოლოდ ის, რომ წყლის ჩადინების ფაქტი მოპასუხის ბრალეულ ქმედებას არ ადასტურებდა. კასატორი არ არის უფლებამოსილი, მოიძიოს სასაზღვრო პოლიციის ფინანსური დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია მისი მხრიდან იმის მტკიცება, სასაზღვრო პოლიციამ დროულად გამოცვალა თუ არა ობიექტზე მოძველებული მოწყობილობები, საყურადღებოა, რომ, დაუძლეველი ძალის გამო, დატბორვა მაინც მოხდა. ვიდრე გ.ბ-ი სარჩელს აღძრავდა სასამართლოში, არაერთხელ მიმართა სასაზღვრო პოლიციას, ქ.თბილისის მერიას, ეკონომიკის სამინისტროს, რათა დადგენილიყო ზიანის მიყენებაში ბრალეული და პასუხისმგებელი სუბიექტი, ვისაც დაეკისრებოდა ზარალის ანაზღაურება, მაგრამ უშედეგოდ. სასაზღვრო პოლიციამ თავი აარიდა მოვალეობების შესრულებას, კერძოდ საბიუჯეტო ობიექტზე, რომელიც მის ბალანსზე იყო, დამდგარი მატერიალური ზარალის მიზეზების, ბრალეული პირების გამოვლენისა და პასუხიმგებლობის დაკისრების მიზნით, არ ჩააატარა სამსახურებრივი შემოწმება, რაც მათ ევალებოდათ სასაზღვრო პოლიციის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნის შესაბამისად. მართალია, იყო მცდელობა მოკვლევის ჩატარებისა, მაგრამ აღნიშნული განხორციელდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოპოვებული ინფორმაცია გადაემოწმებინათ და კასატორის მიერ ბინის არასანქცირებული გადაკეთების გამო, წყლის ჩადინება და დატბორვა მის ბრალეულ ქმედებად შეერაცხათ. სამსახურისათვის ზიანის მიყენების გამო გაათავისუფლეს კასატორი სამსახურიდან და ამავე ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ამ უკანასკნელზე, მაგრამ 2010 წლის 30 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით, როცა რეალური ზარალი მიადგა სამსახურის ობიექტს, რაიმე ადმინისტრაციული ღონისძიება არ გამოყენებულა. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ბრალეულობის დადგენისათვის არასაკმარისად მიიჩნია, მოსამართლეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, შეეძლო, გ.ბ-ისათვის დაევალებინა ნივთიერ მტკიცებულებების წარმოდგენა, ამ უკანასკნელმა არაერთხელ შესთავაზა სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ჩატარება, მიუხედავად მტკიცებულების წარდგენისა. აღნიშნულ საკითხებზე პასუხის გაცემა შედიოდა სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციაში. მილის სხვისი ზემოქმედებით დაზიანების შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის პროცესუალური სტატუსის დადგენა არაორაზროვანია, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მესაკუთრე აგებს პასუხს მესამე პირებთან საკუთრების ობიექტით მათთვის მიყენებული ზიანისათვის. სასამართლო პრაქტიკაც სწორედ ამაზე მეტყველებს. რაც შეეხება მესაკუთრის უფლებებს, მათ უფლება აქვთ, რეგრესული წესით მოითხოვონ გაწეული ხარჯების ანაზღაურება იმ პირისაგან, ვისი ბრალითაც დადგა ზიანი, აღნიშნულზე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, ასევე სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები არ უარყოფენ კასატორის ბინაში წყლის ჩადინების ფაქტს.

კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაურთო მტკიცებულებები, ასევე მომართა სასამართლოს განცხადებით, მიუთითა მისი დამატებითი მოსაზრებანი და განცხადებას დაურთო მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ გ. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 11 მაისის №5134427 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარსა და 2012 წლის 15 მაისის №ა-2038-12 განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს, პალატა თვლის, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდს მის მიერ საკასაციო საჩივარსა და 2012 წლის 15 მაისის №ა-2038-12 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 4 ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ გ. ბ-ს (პ/№...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ მის მიერ 2012 წლის 11 მაისის №5134427 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი. გ.ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარსა და №ა-2038-12 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 4 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.