Facebook Twitter

№ას-681-640-2012 22 მაისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ს-ის საჯარო სკოლა

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ-ი 3“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ბ-ი 3-მა“ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ს-ის საჯარო სკოლის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 7782 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის შესახებ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „ბ-მა“. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 44600 ლარით. მოსარჩელემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. მოპასუხემ კი, ხელშეკრულების ღირებულება დაუსაბუთებლად შეამცირა 7782 ლარით. მიზეზად მიუთითა სახურავის მოლარტყვის ფასის არარეალურობა. ხელშეკრულების ფასის შემცირება დაუშვებელი იყო, რადგანაც არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სსიპ ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 36 818 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ი 3-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ს-ის საჯარო სკოლას დაეკისრა 7782 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ს-ის საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ს-ის საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 49 559 ლარს შეადგენდა, ყველაზე დაბალი ფასის - 44 600 ლარის შეთავაზების გამო გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ბ-ი-3“;

2. 02.08.2011 წელს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ, როგორც მომსახურების მიმწოდებელმა, იკისრა ვალდებულება სკოლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების (მოლარტყვის) შესრულებაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრული ჩამონათვალის მოცულობით და მიხედვით, რაც სრულად შეასრულა;

3. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ ს-თველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 13.09.2011 წლის დასკვნის თანახმად, დადგენილია რომ, სახურავის სარეაბილიტაციოდ ჩატარებული სამუშაოების ღირებულება 36 818 ლარია;

4. მოპასუხემ, როგორც მომსახურების შემსყიდველმა გადაიხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 30%, სულ 13 380 ლარი და ამასთან აღიარა კიდევ 23 438 ლარის გადახდის ვალდებულება;

5. მხარეები სადაოდ არ ხდიან სამუშაოს შესრულების ხარისხს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რომ ხელშეკრულების 6.6. პუნქტის პირობა - ,,შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება მოხდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნის ბუნდოვანია და ამ მიზეზით მის ინტერპრეტაციას მხარეები სხვადასხვაგვარად ახდენენ. მოპასუხეს (მოსარჩელეს) მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელობა შემოიფარგლება მხოლოდ შესრულებულ სამუშაოთა ნუსხით, აგრეთვე შესრულების ხარისხით და არა ფასით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მხარეები ხელშეკრულების 9.1 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შესწორებების გარდა. ხელშეკრულების ფასი, სხვაგვარად შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება ხელშეკრულების არსებითი პირობაა, ურომლისოდაც ხელშეკრულება არ დაიდებოდა. შესაბამისად ამ პირობის ცალმხრივად შეცვლა კონტრაჰენტის წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ს-ის საჯარო სკოლამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:

1. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების სტანდარტული პირობები წინასწარაა ჩამოყალიბებული;

2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმდნენ შესყიდვის მიღება-ჩაბარების წესზე, რაც უნდა განხორციელებულიყო სსიპ ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ხელშეკრულების 6.6 მუხლითა და ექსპერტიზის დასკვნით;

3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლი, რომელის მიხედვითაც, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების 6.6 მუხლი ბუნდოვანი არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ს-ის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ს-ის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ს-ის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ს-ის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.