Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-696-653-2012 28 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ხ-მა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა (ტ.1, ს.ფ. 1-9)

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში, ...ქ. №81-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი: შენობა-ნაგებობა №2, საერთო ფართით 66.06 კვ.მ. და სამეურნეო ფართი 12.34 კვ.მ. უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ნ. ხ-ს (ტომი 1, ს.ფ.110-113).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 118-128).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლისს 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის ცნობა-დახასიათების მიხედვით ქ.თბილისში, ...ქუჩა №81-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ლიტერი ,,ბ“ _ 66,06 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი _ 28,13 კვ.მ., დამხმარე _ 37,93 კვ.მ. სარდაფი _ 12,34 კვ.მ. რეგისტრირებული იყო ე. ტ-ის საკუთრებად;

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით დგინდებოდა, რომ ნ. ხ-მა 1995 წლის 10 ოქტომბერს ე. ტ-ისაგან შეიძინა ქ.თბილისში, ...ქუჩა №81-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი 66 კვ.მ. 2000 ა.შ.შ დოლარად;

გარდაცვალების მოწმობის მიხედვით დადგენილია, რომ ე. ტ-ი გარდაიცვალა 1996 წლის 22 აპრილს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის №2/6279-2010 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ხ-ის (ნ. ხ-ის მეუღლე) სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და ქ.თბილისში, ...ქუჩა №81-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ე. ტ-ის წილი, როგორც უმკვიდრო ქონება გადაეცა სახელმწიფოს;

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (საკადასტრო კოდი №01.16.03.024.009) ქ.თბილისში, ...ქუჩა №81-ში მდებარე უძრავი ქონებიდან შენობა-ნაგებობა №2 _ 66,06 კვ.მ. (მ/შ საცხოვრებელი ფართი _ 28,13 კვ.მ., დამხმარე _ 37,93 კვ.მ.) სამეურნეო ფართი 12,34 კვ.მ. _ რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის №2/6279-2010 გადაწყვეტილება;

დადგენილი იყო, რომ ნ. ხ-ი ფლობდა ქ.თბილისში, ...ქუჩა №81-ში მდებარე 66,06 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომს და წარმოადგენდა აღნიშნული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა, ხოლო, ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის №2/6279-2010 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ხ-ის (ნ. ხ-ის მეუღლე) სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და ქ.თბილისში, ...ქუჩა №81-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ე. ტ-ის წილი, როგორც უმკვიდრო ქონება გადაეცა სახელმწიფოს და საჯარო რეესტრში საცხოვრებელი სადგომი: 66,06 კვ.მ. (მ/შ საცხოვრებელი ფართი _ 28,13 კვ.მ., დამხმარე _ 37,93 კვ.მ.) სამეურნეო ფართი 12,34 კვ.მ. აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად.

პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ის არგუმენტი, რომ ვინაიდან უძრავი ნივთი სახელმწიფოზე აღირიცხა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიტომ მოცემული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ და ქონების განკარგვა უნდა მომხდარიყო კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული წესებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული დავა გამომდინარეობდა სწორედ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და თავად აპელანტის მიერ მითითებული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი განმარტავდა, რომ იგი არ ვრცელდებოდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის მსჯელობა, რომ ასეთ სახის დავებზე ქონების სახელმწიფოზე აღრიცხვა არ ხორციელდებოდა, არამედ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით, სასამართლოს მიერ ხდებოდა ქონების მიჩნევა უმკვიდროდ და პირდაპირ მოსარგებლეზე აღრიცხვა და მხოლოდ ასეთი შემთხვევები იყო გათვალისწინებული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ქონება უკვე სახელმწიფოზე იყო აღრიცხული საჯარო რეესტრში, უნდა გავრცელებულიყო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული მოსაზრება, ვინაიდან „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა 2010 წლის 23 მარტის №2789 კანონის საფუძველზე. მანამდე ეს პუნქტები ამ სახით კანონში არ იყო მოცემული. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ სახელმწიფოზე ქონება აღირიცხა 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე ანუ მაშინ, როდესაც არ არსებობდა ზემოხსენებული მე-12 და მე-13 პუნქტები. გარდა ამისა, კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ არ ადგენდა რაიმე განსხვავებას, თუ რა ფორმით აღმოჩნდა ქონება სახელმწიფოს სახელზე. იგი მხოლოდ ადგენდა გამონაკლისს, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა სპეციალური საკანონდებლო აქტით განსაზღვრულ ურთიერთობებზე (ტ.2, ს.ფ. 26-33).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

კასატორი მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის №2/62799-2010 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ხ-ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და ქ. თბილისში, ...ქ. №81-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ე. ტ-ის წილი, როგორც უმკვიდრო ქონება, გადაეცა სახელმწიფოს. ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ქ. თბილისში, ...ქ. №81-ში უძრავი ქონებიდან შენობა-ნაგებობა №2 საერთო ფართით 66.06 კვ.მ. რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის №2/6279-2010 გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, ვინაიდან საცხოვრებელ სადგომს ჰყავს საჯარო რეესტრით რეგიტრირებული მესაკუთრე – სახელმწიფო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით, ქონების განკარგვა უნდა მომხდარიყო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის და პროცედურის მიხედვით (ტ.2, ს.ფ. 37-45).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.