№ას-701-658-2012 28 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
წარმომადგენელი – ვ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. მ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სახელმწიფო აგრარულმა უნივერსიტეტმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბ. მ-ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზრაურების სახით 213 072 ლარის გადახდის მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბ. მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 213 072 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე დღეს აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ვ. კ-მა წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი წარმომადგენელი – ლ. ჩ-ი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას გაეცნო 2012 წლის 10 აპრილს. მიუხედავად ამისა, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 2 მაისს (ვ. კ-ისათვის განჩინების ჩაბარების დღეს), რადგან ლ. ჩ-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა 2012 წლის 30 მარტიდან. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს ერთვის ლ. ჩ-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი დათარიღებული 2012 წლის 30 მარტით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს.
საქმეში წარმოდგენილია აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მიერ 2012 წლის 15 მარტს ლ. ჩ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა. აღნიშნული მინდობილობა ლ. ჩ-მა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 10 აპრილს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ჩაბარება. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ჩ-ს ჩაბარდა იმავე დღეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსათვის ლ. ჩ-ი ცნობილი იყო, როგორც აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
2012 წლის 16 მაისს აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა – ვ. კ-მა წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 2 მაისს (ვ. კ-ისათვის განჩინების ჩაბარების დღეს), რადგან ლ. ჩ-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა 2012 წლის 30 მარტიდან. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს ერთვის ლ. ჩ-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დათარიღებული 2012 წლის 30 მარტით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის განჩინების ჩაბარების მომენტში ცნობილი არ ყოფილა ლ. ჩ-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2012 წლის 10 აპრილს ჩაბარდა აგრარული უნივერსიტეტის უფლებამოსილ წარმომადგენელს და ვადის ათვლა სწორედ ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს.
აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა – ვ. კ-მა საკასაციო საჩივარი წარმოადგინა 2012 წლის 2 მაისს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, შესაბამისად აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.