Facebook Twitter

№ას-709-665-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბესარიონ ალავიძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ც. ა-ისა და თ. ხ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – მ. ლ-ას სარჩელის გამო, მოპასუხეების: ც. ა-ისა და თ. ხ-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ც. ა-ისა და თ. ხ-ას (წარმომადგენელი ა.ბ-ე) საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ც. ა-ე და მისი და თ. ხ-ას წარმომადგენელი ა. ბ-ე (იხ. რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.158-161). განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2012 წლის 3 აპრილი, ხოლო 30-ე დღე – 13 აპრილი, ამდენად, ც. ა-ეს, თ. ხ-ასა და მათ წარმომადგენელს შეეძლოთ მისულიყვნენ სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთევბული განჩინება 2012 წლის 3 აპრილიდან 2012 წლის 13 აპრილამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა.ბ-ემ სასამართლოს განჩინების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2012 წლის 27 მარტს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-13 დღეს, მაგრამ არ ჩაბარდა. საკასაციო პალატა განმარტავს რომ, აღნიშნული ფაქტი არ მიიჩნევა მხარის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან მოცემული ნორმა ზუსტად განსაზღვრავს იმ ვადას (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა), როდესაც მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით და თავის მხრივ სასამართლოც ვალდებულია ჩააბაროს მას განჩინება. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად (ტ.II, ს.ფ.209), ა. ბ-ემ გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა 2012 წლის 19 აპრილს, აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს რომ, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2012 წლის 13 აპრილს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდიანრე საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 13 აპრილს და დასრულდა 2012 წლის 3 მაისს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ ც. ა-ისა და თ. ხ-ას წარმომადგენელმა ა. ბ-ემ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 7 მაისს (აღნიშნული გარემოება დასტურდება საკასაციო საჩივარზე დასმული სასამართლო კანცელარიის შტამპით, ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი საჩივრის შევსების თარიღად უთითებს სწორედ 2012 წლის 7 მაისს, იხ. საკასაციო საჩივარი ტ.II, ს.ფ. 210-217), კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

ამასთან, ც. ა-ესა და თ. ხ-ას უნდა დაუბრუნდეთ თ. ხ-ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 7 მაისის №... შემოსავლის ორდერით გადახდილი 402.50 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ა-ისა და თ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. კასატორებს: ც. ა-ესა (პირადი №...) და თ. ხ-ას (პირადი №60001015668) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით თ. ხ-ას მიერ 2012 წლის 7 მაისის №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 402.50 ლარი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.