Facebook Twitter
#bs-675-643(ks-07) 23 ivlisi, 2007w

№ას-731-687-2012 23 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ვ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით: 1. ნ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2. ვ. ბ-ს და თ. ა-ს ნ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6571 ლარის გადახდა; 3. ნ. ა-ის სარჩელი 79980 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფიდა; 4. ვ. ბ-ის შეგებებული სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს ვ. ბ-მა, თ. ა-მა და ნ. ა-მა.

ვ. ბ-ი და თ. ა-ი სააპელაციო საჩივრით მოითხოვდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მათ ნ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6571 ლარის გადახდა.

ნ. ა-ი სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით თ. ა-ის და ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

ამავე კოდექსის 391-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი. მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით: 1. ნ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2. ვ. ბ-ს და თ. ა-ს ნ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6571 ლარის გადახდა; 3. ნ. ა-ის სარჩელი 79980 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფიდა; 4. ვ. ბ-ის შეგებებული სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 346-358).

მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს ვ. ბ-მა, თ. ა-მა და ნ. ა-მა (ტომი 2, ს.ფ. 4-13; 27-31; 38-39).

ვ. ბ-ი და თ. ა-ი სააპელაციო საჩივრით მოითხოვდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მათ ნ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6571 ლარის გადახდა.

ნ. ა-ი სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით თ. ა-ის და ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული. ეს განჩინება არ გასაჩივრებულა და იგი შესულია კანონიერ ძალაში (ტომი 2, ს.ფ. 82-84).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 143-159).

ვ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებას. ამ განჩინებით კი, არ დაკმაყოფილდა რა ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ა-ის სარჩელი მოპასუხეების - თ. ა-ისა და ვ. ბ-ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 79980 ლარის დაკისრების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების გაუქმების მიმართ ვ. ბ-ს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი, ვინაიდან ეს განჩინება მის სასარგებლოდ გამოტანილი განჩინებაა და, შესაბამისად, მოგებული მხარის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) - ვ. ბ-ის მიერ მისი გასაჩივრება დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრის შინაარსს, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ იგი ფაქტიურად ასაჩივრებს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მას, თ. ა-თან ერთად, სოლიდარულად დაეკისრა 6571 ლარის გადახდა ნ. ა-ის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც არ არსებობს ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო საჩივრის და არა საკასაციო საჩივრის შეტანა (სსკ-ის 364-ე მუხლი). ამასთან, აღსანიშნავია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ბ-ს გასაჩივრებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრით, მაგრამ ეს საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ბ-ს და თ. ა-ს ნ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6571 ლარის გადახდა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას ასევე არ ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით დასაშვებია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) დამთავრებული საქმის წარმოების განახლება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია არა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, არამედ საკასაციო საჩივარი კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე, რაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.