№ას-758-712-2012 28 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე. თ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – თ. თ-ის, მ. თ-ისა და მ. თ-ის სარჩელის გამო, ე. თ-ის მიმართ კანონით მემკვიდრეობის ჩამორთმევის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ე. თ-ის (წარმომადგენელი ლ.არჩვაძე) საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ე. თ-ის წარმომადგენელი ლელა არჩვაძე (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.104). განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2012 წლის 17 აპრილი, ხოლო 30-ე დღე – 27 აპრილი, ამდენად მხარეს და მის წარმომადგენელს შეეძლოთ მისულიყვნენ სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთევბული განჩინება 2012 წლის 17 აპრილიდან 2012 წლის 27 აპრილამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა ლელა არჩვაძემ დადგენილ ვადაში, 2012 წლის 17 აპრილს მიმართა სასამართლოს განჩინების ჩაბარების მოთხოვნით და ამავე დღეს ჩაიბარა (ტ.II, ს.ფ.55).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდიანრე საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 18 აპრილს და დასრულდა 2012 წლის 8 მაისს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ ე. თ-მა სასამართლოს მიმართა 2012 წლის 16 მაისს (აღნიშნული გარემოება დასტურდება საკასაციო საჩივარზე დასმული სასამართლო კანცელარიის შტამპით ტ.II, ს.ფ. 56), კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.