Facebook Twitter

№ას-1614-1608-2011 21 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ე

მესამე პირი – სს „...ბანკი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შ. გ-ის მინდობილობის საფუძველზე დ. გ-ესა და მ. კ-ეს შორის 2008 წლის 06 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 55-58).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. გ-ემ (ტომი 2, ს.ფ. 65-77, 96-107).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 156-159).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შ. გ-ეს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა: ა) 800 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; ბ) სააპელაციო საჩივრის შეტანაზე ა. თ-ის (აპელანტის წარმომადგენლის) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით გაფორმებული რწმუნებულება) (ტომი 2, ს.ფ. 137-139). ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

ზემოხსენებული განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ა. თ-ს, 2011 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი შეეძლო შეევსო 2011 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე კოდექსის 63-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. გ-ის წარმომადგენელმა ა. თ-მა.

კერძო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ შ. გ-ეს (მხარეს) არ ჩაბარებია. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. გ-ის წარმომადგენელმა ა. თ-მა, რომელიც საქმეში მონაწილეობდა მხოლოდ ადვოკატის ორდერის საფუძველზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე, 98-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო უწყების ჩაბარებასა და სხვა საპროცესო მოქმედებების შესრულებას სჭირდება მინდობილობა. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი მინდობილობა აპელანტ შ. გ-ეს ა. თ-ისათვის არ მიუცია, ამიტომ ხარვეზის განჩინების ამ უკანსკნელისათვის ჩაბარება ვერ ჩაითვლება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად (ტომი 2, ს.ფ. 200-201).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. გ-ის ადვოკატმა ა. თ-მა (ტომი 2, ს.ფ. 96-107).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა: ა) 800 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; ბ) სააპელაციო საჩივრის შეტანაზე ა. თ-ის (აპელანტის წარმომადგენლის) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით გაფორმებული რწმუნებულება). ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 137-139).

ზემოხსენებული განჩინების ასლი გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტის ადვოკატს ა. თ-ს (ტომი 2, ს.ფ. 148). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 156-159).

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ აპელანტის ადვოკატი, ა. თ-ი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად, ვინაიდან იგი არ იყო აღჭურვილი ასეთი უფლებამოსილებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს ადვოკატის უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) იმ შემთხვევაში, როდესაც იგი საქმის განხილვაში მონაწილეობს მხოლოდ ადვოკატის ორდერის საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები. ამავე კოდექსის 96.3 მუხლის მიხედვით, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „ადვოკატთა შესახებ“ კანონი. მითითებული კანონის 1.1 მუხლის მიხედვით, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.

ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ადვოკატის უფლებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ადვოკატს უფლება აქვს ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს ადვოკატის უფლებამოსილება, წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში.

„ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი - მინდობილობა ან ორდერი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატი უფლებამოსილია კლიენტის ინტერესები წარმოადგინოს და დაიცვას როგორც მინდობილობის, ასევე ორდერის საფუძველზე. ამასთან, ორივე შემთხვევაში ადვოკატმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ასევე საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა. მინდობილობის გაცემის წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლი, ხოლო, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო („ადვოკატთა შესახებ“ კანონის 19.3 მუხლი).

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია ადვოკატთა ასოციაციის წევრის ორდერის სავალდებულო მოთხოვნები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და გაცემული ორდერი უფლებას ანიჭებს ადვოკატს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში. ასეთივე უფლებამოსილებას ადვოკატს ანიჭებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. მითითებული ნორმის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა ადგენს იმ საპროცესო მოქმედებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არა აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე. იმისდა მიუხედავად, თუ რომელი დოკუმენტის (მინდობილობის თუ ორდერის) საფუძველზე ახორციელებს ადვოკატი წარმომადგენლობას, ყველა შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში მითითებულ მოქმედებათა შესრულება მას შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში სპეციალურადაა აღნიშნული ამ მოქმედებათა შესრულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ეს საპროცესო მოქმედებები უკავშირდება მარწმუნებლის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვას და ამიტომ, მათ შესახებ სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მინდობილობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ორდერის საფუძველზე ადვოკატს შეუძლია შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, რაც არ არის მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში, და რომელთა შესრულება შეუძლია თვითონ მარწმუნებელს. ცხადია, ადვოკატის მიერ ასეთი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონით გათვალისწინებული, მხარისათვის არასასურველი საპროცესო შედეგის დადგომას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა ადვოკატ ა. თ-ს, რომელიც აპელანტ შ. გ-ეს წარმოადგენდა ადვოკატის ორდერის საფუძველზე (ტომი 2, ს.ფ. 108). მითითებული ორდერი უფლებას ანიჭებდა ადვოკატ ა. თ-ს, რომ წარმოედგინა და დაეცვა შ. გ-ის ინტერესები ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში. როგორც ზემოთ აღინიშნა, ორდერის საფუძველზე ადვოკატს შეუძლია შეასრულოს მხოლოდ ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც არ არის მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში. ამ ნორმის მიხედვით, ადვოკატს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია მხოლოდ სპეციალური მინდობილობის საფუძველზე. ადვოკატი ალ.თ-ი სააპელაციო საჩივრის შეტანის დროს ასეთი უფლებამოსილებით აღჭურვილი არ იყო, ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.3 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს მართებულად დაუდგინა ხარვეზი და დაავალა ალ.თ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა, რომელშიც სპეციალურად იქნებოდა აღნიშნული ამ უკანასკნელისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

აღნიშნული განჩინება, სააპელაციო სასამართლომ გაუგზავნა ადვოკატ ალ.თ-ს და მისთვის ჩაბარება მიიჩნია აპელანტისათვის ჩაბარებად, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ ადვოკატ ალ.თ-ს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა მინიჭებული, რაც საფუძვლად დაედო აპელანტისათვის ხარვეზის დადგენას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი უკავშირდებოდა წარმომადგენლის (ადვოკატის) მხრიდან ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულებას (სააპელაციო საჩივრის შეტანას), რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, სპეციალური მინდობილობა სჭირდებოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი შინაარსის ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით უნდა გაგზავნოდა და ჩაბარებოდა უშუალოდ მხარეს, ვინაიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების არმქონე პირი, არ იყო უფლებამოსილი შეესრულებინა ის საპროცესო მოქმედება, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა სწორედ მისი უფლებამოსილების არქონას. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის ათვლა, ამ განჩინების არაუფლებამოსილი პირისათვის (ადვოკატ ალ.თათელიშვისათვის) ჩაბარების დღიდან აითვალა, რაც არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ კანონით დადგენილი წესით უნდა უზრუნველყოს ხარვეზის შევსების ვადის გარძელების შესახებ განჩინების უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარება და ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ოქტომბრის განჩინება და საქმე შ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.