Facebook Twitter

№ას-1798-1775-2011 07 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ქ. წ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. და კ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ქ. წ-ი+-ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ა. და კ-ის“ მიმართ, კერძოდ, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სახელშეკრულებო თანხის 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი 13566.75 ლარისა და პირგასამტეხლოს - 787.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი 1424.58 ლარის გადახდა; გარდა ამისა, შპს „ა. და კ-ას“ შპს „ქ. წ-+ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის წარმოებაში მიღებიდან - 2011 წლის 28 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სახელშეკრულებო თანხიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ის გადახდა (ტომი I, ს.ფ. 56-59).

დაუსწრებელი გადაწვეტილება შპს „ქ. წ-ი+-მა“ საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 63-65).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „ქ. წ-ი+ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 96-101).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ქ. წ-ი+-მა“ (ტომი I, ს.ფ. 107-116).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს „ქ. წ-ი+-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით შპს „ქ. წ-ი+-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 1490.54 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, რომლის შესავსებად განესაზღვრა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადა;

2011 წლის 24 ოქტომბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ შპს „ქ. წ-ი+-ის“ ქონება 2011 წლიდან დატვირთულია საგადასახადო გირავნობით (იპოთეკით). აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა საგადასახადო ინსპექციასთან, ხოლო საბანკო ანგარიშზე დადებულია ინკასო 37925 ლარზე. ამასთან, შპს „ქ. წ-ი+-ს“ დღეის მდგომარეობით არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის რეალიზაციის გზითაც შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „ქ. წ-ი+-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით.

2011 წლის 8 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით შპს „ქ. წ-ი+-ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის დასახელებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ასეთი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დაშვებულია კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე, სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას. ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს ან არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში. კერძოდ, შუამდგომლობის აღმძვრელი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლო წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დაასკვნა, რომ შპს „ქ. წ-ი+-ის“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ, ამონაწერი „პროკრედიტ ბანკიდან“ და შედარების აქტი, არ იყო შპს „ქ. წ-ი+-ის“ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად ამსახველი და არ წარმოადგენდა ზემომითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების ცალსახა საფუძველს. დასახელებული მტკიცებულებებით უტყუარად არ ირკვეოდა, რომ შპს „ქ. წ-ი+ს“ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის არ გააჩნდა შესაძლებლობა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ერთხელ უკვე გაუგრძელა ვადა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5, 374-ე მუხლების დანაწესებიდან (ტომი II, ს.ფ. 27-30).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე შპს „ქ. წ-ი+-მა“ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო შპს „ქ. წ-ი+-ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, მაშინ როდესაც მითითებულმა ორგანიზაციამ სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის აუცილებელი ყველა სათანადო დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ წარდგენილი დოკუმენტებით უტყუარად არ ირკვეოდა სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის შპს „ქ. წ-ი+-ის“ გადახდისუუნარობა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით აპელანტს ეზღუდება კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაცია, რაც არამართლზომიერია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ქ. წ-ი+-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ შპს „ქ. წ-ი+-სს“ დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა 1490.54 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუსვებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 3-6). ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს 7 დღით გაურძელდა ხარვეზის შევსების ვადა (ტომი 2, ს.ფ. 21-22). დადგენილია, რომ აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს „ქ. წ-ი+-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 2, 27-30).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მის მიერ მითითებული გარემოებები და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ასაბუთებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობას. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს აპელანტის გადახდისუუნარობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, მას წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კანონთან შეუსაბამოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ქ. წ-ი+-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.