№ას-387-366-2012 3 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ. მ-ი-ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შოთა ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების ½ წილზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. მ-ი-ბ-ემ სარჩელით მიმართა ახალაციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე შოთა ბ-ესთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ქ. ახალციხეში თ-ის ქ №29/16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის 1/2 წილზე თანამესაკუთრედ ცნობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. მ-ი-ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უასფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.-მ-ი-ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შ. მ-ი–ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გადაწყვეტიელბის სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. მ-ი - ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩაიბარა მისმა წარმომადგენელმა, მისთვის არ გადაუცია, რითაც მას წაერთვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო წესით საკუთარი უფლების დაცვის საშუალება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შ. მ-ი-ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით ირკვევა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მის წარმომადგენელ ე. ა-ეს ჩაჰბარდა 2010 წლის 28 ნოემბერს, ხოლო თავად შ. მ-ი-ბ-ეს – 2011 წლის 29 ნოემბერს (იხ. ტ.1, ს.ფ. 81).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 29 ნოემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 12 დეკემბერს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2011 წლის 12 დეკემბერი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 13 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ. ტ.I ს.ფ.82-90).
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩაიბარა წარმომადგენელმა, მისთვის არ გადაუცია. აღნიშნულით კი, წაერთვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო წესით საკუთარი უფლების დაცვის საშუალება, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპრცეოს კოდექსის 70.1-ე მუხლის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამდენად, შ. მ-ი-ბ-ის წარმომადგენელ ე. ა-ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა თავის მარწმუნებელზე ადრე, რაც ცხადყოფს თავად მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრების ვადის ათვლაც მართებულად დაიწყო წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სრულიად ასაბუთებს შ. მ-ი-ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, რის შესაბამისადაც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. მ-ი-ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.