Facebook Twitter

№ას-420-398-2012 10 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ფ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ფ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით კ. კ-ს უარი ეთქვა სახ. ბაჟის გადახდის გადავადებაზე, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 5000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის სასამართლოში წარმოდგენა.

2012 წლის 7 თებერვალს აპელანტმა კ. კ-მა შუადგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი 70 ლარიანი ქვითარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან განთავისუფლება.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით კ. კ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლებაზე და ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით.

2012 წლის 21 თებერვალს კ. კ-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის კიდევ ათი დღით გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატიოს 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით კ. კ-ს უარი ეთქვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებაზე და მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

იმის გათვალისწინებით, რომ კ. კ-ის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას თან არ ერთვოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებას მისი ფინანსური უსახსრობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რის გამოც ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდა, რის დასადასტურებლადაც წარადგინა მეზეობლების ხელმოწერები რომლითაც ადასტურებდა აღნიშნულ გარემოებას, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და უარი განუცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით კ. კ-ს უარი ეთქვა სახ. ბაჟის გადახდის გადავადებაზე, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 5000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

2012 წლის 7 თებერვალს აპელანტმა კ. კ-მა შუადგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი 70 ლარიანი ქვითარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილისაგან გადახდისაგან განთავისუფლება.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით კ. კ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლებაზე და ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით.

სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კ. კ-მა შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის კიდევ ათი დღით გაგრძელება, რის დასადასტურებლადაც სასამართლოს წარმოუდგინა მეზობლების მიერ ხელმოწერილი მიმართვა სასამართლოსადმი, მისი მატერიალური გაჭირვების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, რომ მისი შუამდგომლობა მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა, და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა, კ. კ-ს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, კ. კუპ[რეიშვილმა დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.