Facebook Twitter

№ას-425-403-2012 10 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ინდ.მეწარმე „გ. გ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე. პ. ჯ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ე. პ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეეწარმე „გ. გ-ას“ წინააღმდეგ და მოითხოვა ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხისათვის 757.65 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ე. პ. ჯ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდ. მეწარმე „გ. გ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 757.65 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდ. მეწარმე „გ. გ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით ინდ. მეწარმე „გ. გ-ას“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა თანხის დაკისრება 757.65 ლარის ოდენობით, რომელიც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდ. მეწარმე „გ. გ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ინდ. მეწარმე „გ. გ-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ინდ. მეწარმე „გ. გ-ასთვის“ სს „ე. პ. ჯ-ას“ სასარგებლოდ 757.65 ლარის დაკისრებას, რომელიც არ აღემატება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისიწნებულ 1000 ლარს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდ. მეწარმე „გ. გ-ას“ სააპელაციო საჩივარი სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინდ. მეწარმე „გ. გ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.