№ას-430-408-2012 10 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-“
მოწინააღმდეგე მხარე - მ. პ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – ბინის დაქირავებისათვის განსაზღვრული თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-“-ის წინააღმდეგ და მოითხოვა შპს „ს-“-ს გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ ქირის ანაზღაურება 3250 ლარის სახით, ხოლო 2011 წლის 01 ივნისიდან შემდგომ ყოველთვიურად 650 ლარი ასევე ბინის ქირის გადასახადის სახით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ შპს „ს-“-ს მოსარჩელის მიმართ ქირის სახით თანხის გადახდის ვალდებულება არ უკისრია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს-“-ს მ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3250 ლარის, ხოლო 2011 წლის 01 ივნისიდან ყოველთვიურად, მშენებლობის დასრულებამდე _ 650 ლარის ანაზღაურება (ტ 1-ლი, ს.ფ. 119-122).
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-“-მა მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 286 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, შპს „ს-“-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტებს ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 11 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს-“-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ კანონით დადგენილი წესით განჩინება არ ჩაჰბარებია, ვინაიდან სასამართლო განჩინებაში ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლის ჩამბარებელ პირად მითითებული პირი – ნ. გ-ა მათ კომპანიაში არ მუშაობს, რაც ცხადყოფს, რომ მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, განჩინება არ ჩაჰბარებია და, ამდენად, მოკლებული იყო შესაძლებლობას აღმოეფხვრა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს „ს“-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო 286 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ორგანიზაციის დირექტორ ინგა ბუხრაშვილს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2012 წლის 11 იანვარს ჩაჰბარდა შპს „ს-“-ის მთავარ ინჟინერ ნ. ჩ-ს, რაც დასტურდება საფოსტო შეტყობინების ბარათზე მისი ხელმოწერით (იხ. ტII ს.ფ.11). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 12 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 23 იანვარს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ კანონით დადგენილი წესით განჩინება არ ჩაჰბარებია, ვინაიდან სასამართლო განჩინებაში ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლის ჩამბარებელ პირად მითითებული პირი – ნ. გ-ა მათ კომპანიაში არ მუშაობს, რაც ცხადყოფს, რომ მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, განჩინება არ ჩაჰბარებია და, ამდენად, მოკლებული იყო შესაძლებლობას აღმოეფხვრა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1-ე მუხლისა და 73.8-ე მუხლების ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზიდან გამომდინარე, პირი, რომელიც ორგანიზაციის სახელით, ორგანიზაციის მისამართზე გამოხატავს კორესპონდენციის მიღების ნებასა და აღნიშნული ქმედების მართლზომიერებას ხელმოწერითა და ორგანიზაციის ბეჭდით დაამოწმებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის კონტექსტში ითვლება „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს“, შესაბამისად, განსახილევლ შემთხვევაში, გზავნილის მიმღები _ კომპანიის მთავარი ინჟინერი ნ. ჩ-ი (ტ.II ს.ფ11) სწორად იქნა მიჩნეული კორესპონდენციის მიღებისათვის უფლებამოსილ პირად, რომელიც გზავნილის მიღებით ადასტურებდა, რომ გააჩნდა ამგვარი უფლებამოსილება, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ივარაუდება, რომ უწყება აპელანტს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი დასაბარებელ პირს ეკისრება, ხოლო ის გარემოება, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში გზავნილის მიმღებ პირად ნაცვლად ნ. ჩ-ისა, მითითებულია ნ. გ-ა, წარმოადგენს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ უსწორობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, შპს „ს-“-მა დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შპს „ს-“-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ს “-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30იანვრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.