Facebook Twitter

ბს-487-73(კ-05) 15 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 31 სექტემბერს ბ. გ-ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 1998წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის თანახმად, აღიარა იგი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. აღნიშნული კანონი, ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამოქმედდა 1998წ. 1 იანვრიდან, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელეს პოლიტიკური რეპრესირებულის პენსია დაუნიშნა 2003წ. 1 ივლისიდან, მაშინ, როდესაც ხსენებული კანონის შესაბამისად, მოსარჩელეს პენსია თვეში 45 ლარის ოდენობით უნდა მიეღო 1998წ. 1 იანვრიდან. აღნიშნული პენსია 1998წ. 1 იანვრიდან 2003წ. 1 ივლისამდე _წ. და ექვსი თვის განმავლობაში შეადგენს 2970 ლარს, რაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მიუღებელი პენსიის _ 2970 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ბ. გ-ემ ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივრის შემდეგ საფუძვლებზე:

1. გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1998წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. გ-ე, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მას, როგორც შრომისუუნაროსა და საპენსიო ასაკს მიღწეულს, ეკუთვნის ყოველთვიური პენსია;

2. ბ. გ-ემ მოპასუხეს მიმართა 2001წ. 28 დეკემბერს, წარუდგინა სათანადო დოკუმენტაცია და მოითხოვა რეპრესირებულთათვის გათვალისწინებული ყოველთვიური პენსიის _ 15 ლარის დანიშვნა. მოპასუხეს ბ. გ-ისთვის სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა დაენიშნა პენსია და არა მოგვიანებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1998წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. გ-ის მამა _ ა. გიორგაძე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

2001წ. 26 დეკემბერს ბ. გ-ემ, როგორც პოლიტიკური რეპრესირებულის შვილმა, განცხადებით მიმართა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონულ ფილიალს და ითხოვა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის თანახმად, პენსიის დანიშვნა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ პენსია 45 ლარის ოდენობით დაენიშნებოდა 2003წ. 1 ივლისიდან.

ბ. გ-ეს, როგორც პოლიტიკური რეპრესირებულის შვილს, პენსია 45 ლარის ოდენობით დაენიშნა 2003წ. 1 ივლისიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პოლიტიკური რეპრესირებულის შვილს, მიუხედავად დასაქმებისა, მიეცემა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენს კანონი. ამავე კანონში 2000წ. 14 ივნისს შეტანილი დამატების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შრომისუუნარო შვილის (ნაშვილების) მიმართ ამოქმედდა 2002წ. 1 იანვრიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა პენსიის ოდენობა 2002 წელს განისაზღვრა ომის ინვალიდებისთვის დადგენილი პენსიის ოდენობით _ 45 ლარით, აგრეთვე, “საქართველოს 2003წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 2003წ. განმავლობაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა პენსიის ოდენობა განისაზღვრა ომის ინვალიდებისთვის დადგენილი პენსიის მიხედვით _ 45 ლარით, ხოლო 2002წ. 1 აპრილამდე რეგისტრირებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა შრომისუუნარო შვილისთვის _ იმავე ოდენობით 2003წ. 1 ივლისიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. გ-ეს სწორად დაენიშნა 45 ლარი პენსია 2003წ. 1 ივლისიდან და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.კასატორ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.