Facebook Twitter

№ას-444-421-2012 7 მაისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ა-ის მიმართ და მოითხოვა დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 14 ივლისს მოსარჩელე მოძრაობდა რა კუთვნილი ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ ე-220-ით, მოპასუხემ, რომელიც მართავდა ავტომანქანას „ფორდ ესკორტს“ დაარღვია საგზაო წესები და შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაზიანდა ავტომანქანა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თ. ა-ე თავს არიდებდა დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებას, რის გამოც მას თავად მოუხდა ავტომანქანის ნაწილების შეძენა, შეკეთება და ხარჯების გასათვლელად ექსპერტიზის ჩატარება.

მოპასუხე თ. ა-ემ სარჩელი არ ცნო. იგი გამორიცხავს მის ბრალეულობას და მიუთითებს, რომ ავტომანქანა, მის მიერ მოძრაობის წესების დარღვევის გამო, არ დაზიანებულა და ზიანის ანაზღაურება არ ეკუთვნის. ამავე დროს, გაეცნო რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ხარჯები არის ძალიან გაზრდილი და ის არ შეესაბამება სინამდვილეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. ა-ეს დაეკისრა მოსარჩელე ი. დ-ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 4634 ლარის ოდენობით გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: დადგენი., რომ ი. დ-ის სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 28 ოქტომბერს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და 2011 წლის 5 დეკემბერს თ. ა-ის წარმომადგენელ ნ. ა-ეს პირადად ჩაჰბარდა. დადგენი., რომ თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანი. 2011 წლის 22 დეკემბერს, ხოლო ფოსტაში ჩაშვებულია 2011 წლის 20 დეკემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 70-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი თ. ა-ეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა მის წარმომადგენელ ნ. ა-ეს 2011 წლის 5 დეკემბერს, ამიტომ გასაჩივრების ბოლო ვადად მიიჩნევა 2011 წლის 19 დეკემბერი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან აგვიანებდა პასუხი. 2011 წლის 19 დეკემბერს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო დღეს, კერძო საჩივრის ავტორმა შეიტყო, რომ ექსპერტიზის ბიუროდან პასუხი ბათუმში იქნებოდა 2011 წლის 21 დეკემბერს. აღნიშნულმა განაპირობა ის ფაქტი, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, საექსპერტო დასკვნები კვალიფიციურად შესრულებული არ არის, რის გამოც, ზარალდება თ.ა-ე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას - 5071,8 ლარს უნდა გამოაკლდეს 2600 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით თ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელ ნ. ა-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 5 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2011 წლის 6 დეკემბერს და დასრულდა 2011 წლის 19 დეკემბერს, სამუშაო დღეს - ორშაბათს. თ. ა-ემ ფოსტის მეშვეობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა 2011 წლის 20 დეკემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენი. ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანი. საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება მისი განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, თ. ა-ემ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.